ტური ქორულდის ტბებიდან იწყება, რომელიც მწვერვალ უშბის ფერდზე, ზღვის დონიდან 2850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სვანეთში არსებულ მრავალ შთამბეჭდავ ადგილს შორის ეს ერთ-ერთ გამორჩეული ადგილია. ტბებს გარს აკრავს კავკასიონის მყინვარები და მოელვარე ლურჯ ტბაში არეკლილი მწვერვალები მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტბებამდე მიდის საავტომობილო გზა.
მარშრუტი ალპურ ზონაზე გადის, საიდანაც ზემო სვანეთის ულამაზესი ხედები იშლება.
ბილიკის სიგრძე 7 კმ-ია. დაშვებისთვის შესაძლებელია სხვადასხვა გზის არჩევა, ველომრბოლელის დონის შესაბამისად. დასაწყისში გზა მარტივია და გრუნტოვანი, თუმცა მალევე უხვევ ბილიკზე, რომელიც ტექნიკურად საკმაოდ რთულია.
ხანგრძლივ შესვენებას მესტიაში მოიწყობ, სადაც შეგიძლია უგემრიელესი სვანური კერძები დააგემოვნო და ადგილობრივების გამორჩეული სტუმართმოყვარეობით ისარგებლო.
სანამ ბილიკს დაადგები, შეამოწმე, წამოიღე თუ არა შესაბამისი აღჭურვილობა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, წყალი და აფთიაქი.
ქორულდის ტბების ველოტურისთვის მისაღები პერიოდია ივლისიდან ნოემბრამდე, პირველი თოვლის მოსვლამდე.