დაბა მესტია სვანეთში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე. გაშლილია მდინარე მესტიაჭალასა და მდინარე მულხურას ნაპირებზე. გარს აკრავს ტყიანი ქედები, მწვერვალები, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კი ბანგურიანის ქედი დაჰყურებს.
მესტიიდან ჩრდილოეთით იდეალურად ჩანს მწვერვალი თეთნულდი, სადაც ცნობილი სათხილამურო მიმართულებაა. მეორე სათხილამურო მიმართულებაა ჰაწვალი, სადაც აქტიური დასვენებისა და საუცხოო ხედების მოყვარულები ზაფხულობითაც ადიან.
მესტია სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია. აქ ბევრი კულტურული და გასართობი ადგილია - მუზეუმი, თეატრი, კინო.
მარშრუტი იწყება მესტიაში, 1500 მეტრ სიმაღლეზე და ტყის გავლით ჩრდილოეთით მდებარე მთისკენ მიემართება. 800 ვერტიკალის ავლის შემდეგ ალპური ზონა იწყება და მარშრუტი ისევ ჩრდილოეთით მიუყვება ქედს ტბებისკენ.
ტბებამდე კიდევ 450 ვერტიკალია. ქორულდის ტბები 2750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და იქიდან მწვერვალ უშბის, ბანგურიანის, თეთნულდისა და სხვა მწვერვალების ულამაზესი ხედები იშლება.
სასრიალო მარშრუტს იგივე ტრაექტორია აქვს, რომლითაც უმაღლეს წერტილამდე მივედით. ალპური ზონის ჩამოსრიალების შემდეგ სრიალის გაგრძელება შესაძლებელია ტყის მასივში, მესტიის ცენტრამდე.
აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი, სხვა საჭირო ნივთები.
აღნიშნულ მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია მესტიაში არსებულ სასტუმროებში დაბინავდე.