KA
2024-11-27T12:41:31.000000Z
თანამედროვე საქართველოს უძველესი საოცრებები

თანამედროვე საქართველოს უძველესი საოცრებები

საქართველო, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, ცოცხალი ცივილიზაცია, კაცობრიობის განვითარების, სულ მცირე, 1.8 მილიონი წლის ისტორიის მომსწრეა.
სარჩევი

ამერიკული The Top Tens-ის გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი პატარა ქვეყანა „10 საუკეთესო უძველესი ცივილიზაციის“ ტოპ-სამეულშია, საბერძნეთსა და ეგვიპტესთან ერთად.  ასე რომ, საქართველო, რომლის სტუმარი, პირველ რიგში, მაღალი მთებით, გემრიელი სამზარეულოთი და მასპინძლების სტუმართმოყვარეობით იხიბლება, უძველესი საოცრებების ქვეყანაა.

პირველი ევროპელების სამშობლო

საქართველო პირველი ევროპელების სამშობლოა. 1991 წელს დმანისში სენსაციური აღმოჩენით დადგინდა, რომ ამ ტერიტორიაზე 1.8 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდნენ ადამიანები. მეცნიერებმა აქ აღმოჩენილი ქალისა და კაცის თავის ქალების ნაშთი აღადგინეს და მათ ზეზვა და მზია უწოდეს, თავად სახეობას კი — ჰომო გეორგიკუსი, ქართველი ადამიანი, რომელიც გარდამავალია მარჯვე ადამიანსა (Homo habilis) და გამართულ ადამიანს (Homo erectus) შორის. 

ადამიანების ნაშთთან ერთად, ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს იარაღი და ცხოველების ძვლები, რაც მათ მონადირული ცხოვრების წესზე მიუთითებს. ამგვარად, აღმოჩენამ ცხადყო, რომ დმანისელი ადამიანი აფრიკის გარეთ მცხოვრებთა შორის ყველაზე ძველი ჰომოს წარმომადგენელია. ამ აღმოჩენებით შეიცვალა წარმოდგენა პირველი ადამიანების წარმომავლობის, მიგრაციისა და განსახლების შესახებ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვემო ქართლი უძველესი ისტორიის ერთ დიდ საცავად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან ამ ტერიტორიაზე არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთებულა, მათ შორის უახლესია „დმანისელი ზეზვასა და მზიას ოროზმანელი ბიძაშვილის“ კბილი, რომელიც 1,8 მილიონი წლითაა დათარიღებული და 2022 წელს მიაკვლიეს.

ღვინის სამშობლო

ყურძნის კრეფა - რთველი

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პირველად დაიწურა ღვინო კულტურული ვაზის ყურძნისგან და ამას არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს. სამხრეთ კავკასიაში, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მიაკვლიეს ყურძნის წიპწებს, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვით 6000 წლითაა დათარიღებული. ეს ცხადყოფს, რომ ნეოლითის დროს საქართველოს ტერიტორიაზე გაშენებული ჰქონდათ ვენახი, აყენებდნენ ღვინოს და ამ საქმეს დიდი ადგილი ეკავა მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. 

საქართველო ღვინის წარმოების 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით იწონებს თავს და ეს მხოლოდ ძველი დროის ყურძნის წიპწებითა და ნაშთით არ დასტურდება - საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი უძველესი მარანი, სადაც ღვინის შესანახად თიხის საგანგებო ჭურჭელს - ქვევრს იყენებდნენ. ასევე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები, ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი ქვევრები, რომლებიც ღვინის წარმოების უმაღლეს განვითარებაზე მიუთითებს.

ვაზი დღემდე ქართული კულტურის ნიშანია — მას ნახავ ხელოვნების ნიმუშებში, ქანდაკებებში, უძველეს კულტურულ ძეგლებსა და შენობებზე.

ხორბლის სამშობლო 

ღვინოსთან ერთად, საქართველოს ხორბლის სამშობლოდაც განიხილავენ. აქ მიწათმოქმედების პირველი ნიმუშები მეზოლითის პერიოდით თარიღდება, ნეოლითსა და ენეოლითში კი საქართველოში თესავდნენ ხორბალს, ქერს, ფეტვის ნაირსახეობებს, ახარებდნენ ვაზსა და ხეხილს.  

ხორბლის მარცვლების არქეოლოგიური ნიმუშები კი ძვ.წ. VI-IV ათასწლეულის ძეგლებზეა აღმოჩენილი. ეს ძეგლებია: არუხლო, ხრამის გორა, შულავერი, ჩიხორი, ხელთუბანი.

ძველ საქართველოში ხორბლის გავრცელების შესახებ ანტიკური საბერძნეთის ისტორიკოსები ჰეროდოტე და ქსენოფონტი წერდნენ. ისტორიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ  წინა აზია ხორბლის 12 სახეობის სამშობლოა, აქედან ხორბლის 8 სახეობის სამშობლო სამხრეთ კავკასიაა. ხორბლის ენდემური ჯიშებისა და ფორმების სიმრავლით კი საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

34 000 წლის წინანდელი ძაფი

ზემო პალეოლითის ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე, დღევანდელ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე კარსტული წარმოშობის მღვიმეში ადამიანებმა პირველად დაართეს ძაფი. ეს შესაძლოა, უმნიშვნელო გამოგონებად ჩაითვალოს, მაგრამ კაცობრიობისთვის ბევრი რამ შეიცვალა ამის შემდეგ. ადამიანებს საშუალება მიეცათ, მოექსოვათ ან აღედგინათ ტანსაცმელი, შეეკერათ ფეხსაცმელი და შეექმნათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამით თანამედროვე ცივილიზაციისკენ პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა.

ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი, სელისგან დართული ძაფი 34 000 წლისაა, მანამდე კი მიიჩნეოდა, რომ უძველესი ძაფი ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყო აღმოჩენილი. სელის ძაფის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის დამუშავებული იყო - ჯერ დაჭეჭყილი, დაძეძგილი და შემდეგ მოქსოვილი. ზოგიერთი ბოჭკო კი მცენარეული საღებავით იყო შეღებილი. ამავე ძუძუანას მღვიმეში იპოვეს კაჟისა და ობსიდიანის იარაღი, ცხოველების ძვლები, პირველყოფილი ძაღლისა და ცხენის ნაშთი, რაც მღვიმის, როგორც ადამიანის სადგომის, ფუნქციაზე მიუთითებს.

უძველესი ოქროს მაღარო

თუ საქართველოს შესახებ არსებულ მითებს გადახედავ, აუცილებლად გაიგებ ამბავს არგონავტებზე, რომლებმაც კოლხეთის სამეფოდან ოქროს საწმისი გაიტაცეს. ოღონდ კოლხეთის სამეფო მითოლოგიური ადგილი არ ყოფილა - ის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ძვ. წ. VI-I საუკუნეებში არსებობდა და იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია იყო. ოქროს საწმისზე ლეგენდამ და მრავალმა ისტორიულმა ცნობამ ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ გააღვივა ინტერესი, არქეოლოგიური კვლევები ეწარმოებინათ საქართველოს ტერიტორიაზე. შედეგად, აქ აღმოჩენილია ოქრომჭედლობის ნიმუშები: ჭედური გამოსახულებებით შემკული დიადემები, სამკაული და სხვა დახვეწილი ნივთები. ისინი დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.

ოქროს იშვიათი ნამუშევრებიდან კი გამორჩეულია თრიალეთის ოქროს თასი, რომელიც ძვ. წ. II ათასწლეულში ოქრომჭედლობის განვითარების უმაღლეს დონეზე მიუთითებს. 

ასევე უძვირფასესი ნიმუშებია აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოში, ვანში, სადაც არგონავტების მითი ცხადში ცოცხლდება.

უძველესი მეტალურგია

მითები მხოლოდ ოქროს არსებობაზე არ გვიამბობს - მაგალითად, კლდეზე მიჯაჭვული ამირანის ლეგენდა ნიშანია იმისა, რომ საქართველოში მეტალურგიაც იყო განვითარებული. ამის დასტურად ისტორიული ცნობები და არქეოლოგიური კვლევები გამოდგება. XX საუკუნეში არაერთმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ რეალობად აქცია ლეგენდები, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა ბრინჯაოსა და რკინის ნაკეთობები — გვიანი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. XV საუკუნე) დასაწყისიდან კოლხეთში აღმოჩენილია დიდი ოდენობის ბრინჯაოს მასალა: ბრინჯაოს ზოდები, სარიტუალო, საომარი და სამეურნეო იარაღი, მრავალფეროვანი სამკაული და სხვა. 

ისტორიული ცნობები და აღმოჩენები ადასტურებს, რომ საქართველოში ძვ.წ. IV-I ათასწლეულების პერიოდში ფუნქციონირებდა უძველესი მეტალურგიული ცენტრები, სადაც გამორჩეულად მაღალმხატვრულ და კულტურული ღირებულების მქონე ნივთებს ამზადებდნენ ადგილობრივი სპილენძის, რკინის, ვერცხლის, ოქროსა და სხვა მეტალებისგან.

უძველესი დამწერლობა

მსოფლიოს დამწერლობებს შორის ქართული ერთ-ერთი ყველაზე ძველია. ის შედგება სხვადასხვა ეპოქაში ჩამოყალიბებული სამი ისტორიული სახისაგან: მთავრული, ნუსხური და მხედრული, და სამივე მათგანი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. 

ცნობების თანახმად, ძვ. წ. III საუკუნიდან დაიწყო ქართული ანბანის შექმნა და ის მეფე ფარნავაზ I-ის სახელს უკავშირდება, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება ჯერ კიდევ უცნობი დამწერლობის გამოყენების უძველესი ფაქტები.  

2015 წელს შიდა ქართლის მხარეში, გრაკლიანის გორაზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. წარწერა ადასტურებს, რომ 2700- 3000 წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. 

გარდა ამისა, გრაკლიანის გორაზე ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი კვალია შემორჩენილი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

უძველესი კულტურული ძეგლი

ქვეყნის უძველესი კულტურისა და ისტორიის მოწმე არტეფაქტები საქართველოს მუზეუმებში ინახება, სადაც ეპოქებს შორის იმოგზაურებ. 

თუმცა არანაკლებ საინტერესოა ძეგლები, რომლებსაც მუზეუმები ვერ იტევს და რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეშია მიმოფანტული. მათ შორის არის საეკლესიო და საერო არქიტექტურა, ბუნების ძეგლები, დაცული ლანდშაფტები. მათგან ნაწილს იუნესკო იცავს, ნაწილი - იუნესკოს სიის წევრობის კანდიდატია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიხედვით, ერთგვარი მარშრუტის შედგენაც კი შეიძლება ისე, რომ მთელ საქართველოს მოივლი.

უნიკალური სოფლები

ცალკე აღნიშვნა სჭირდება იმ უნიკალურ სოფლებს, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორისაა მოხსენიებული — ასეთია შუა საუკუნეების სოფელი ჩაჟაში, სოფელი-მუზეუმი სვანეთში, ზღვის დონიდან 2160 მეტრზე. 

აუცილებლად სანახავ ძეგლთა სიაშია თუშეთის სოფელი ბოჭორნა და სვანეთის სოფელი უშოლთა - ყველაზე მაღალი დასახლებული სოფლები ევროპაში.

უნიკალურ სოფლებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს შატილიც -  XVII-XVIII საუკუნეების ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი. სოფლის განაშენიანება ტერასულია, აქ თავს იყრის ბრტყელსახურავიანი სახლები და კოშკური საცხოვრებლები.

მდიდარი ფოლკლორი

ქართული ტრადიციული ცეკვა

ქართული პოლიფონია იდეალური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება განსხვავებულობამ შექმნას ჰარმონია. მრავალხმიანი სიმღერის ეტალონის, ქართული ხალხური „ჩაკრულოს“ მელოდია კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჟერმა“ 1977 წელს ორბიტაზე გაიტანა, რათა უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს დედამიწის ხმები მოესმინათ.

მუსიკის გარდა, ქართული ფოლკლორის ნამდვილი მარგალიტია ტრადიციული ქართული ცეკვები. 

ფოლკლორის სიმდიდრეზე მიანიშნებს ლეგენდებისა და მითების მრავალფეროვანი სია და ხალხური რეწვა — უიშვიათესი ხალიჩები, ტიხრული მინანქარი, თიხის ნაკეთობები და სხვა. 

დაბოლოს, თანამედროვე საქართველოში გელოდება სტუმართმოყვარე ხალხი, უნიკალური სამზარეულო, მრავალფეროვანი და ხელუხლებელი ბუნება, მთისა და ზღვის კურორტები, ულამაზესი კანიონები, მწვერვალები და კლიმატი ყველა გემოვნებისთვის.

კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს, ცოცხალ  ცივილიზაციაში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა