KA

კანიონინგი ძმუისის კანიონზე

ძმუისის ულამაზეს კანიონზე დაშვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უსაფრთხოდ დასაშვებად წინასწარ მომზადება და განსაკუთრებული უნარები საჭირო არ არის.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ტყიბული

ძმუისის კანიონის ადგილმდებარეობა

ძმუისის კანიონი იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ნაქერალას ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მდებარეობს. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება სოფელ ძმუისში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. სიმაღლის სხვაობა 650  მეტრია. კანიონის სიგრძე 3,5 კილომეტრს შეადგენს. ამ მარშრუტზე 13 ჩანჩქერია და მათ შორის ყველაზე მაღალი 25 მეტრია. 

კანიონი აგებულია გრანიტის ქანებით და ღრმა აუზებს იკეთებს, რაც საშუალებას იძლევა, ჩანჩქერზე დასრიალდე და 5 მეტრი სიმაღლიდანაც გადმოხტე. 9 ჩანჩქერზე თოკებით ეშვები. მარშრუტის სრულად გასავლელად 3,5-4 საათია საჭირო. 

სეზონურობა

რეკომენდებული პერიოდია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე, როცა ადგილზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +20,+25 გრადუსია.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

ქუთაისიდან სოფელ ძმუისამდე 55 კილომეტრია და ამ მიმართულებით ყოველდღე მოძრაობს მიკროავტობუსი. სოფლის ცენტრიდან კი შეგიძლია, ავტომობილი დაიქირაო. საავტომობილო გზის ბოლოს საფეხმავლო ბილიკი იწყება, რომელიც ტყეში გაივლის და დაახლოებით 4 კმ-ია. 

უსაფრთხოება და აღჭურვილობა

კანიონინგის დაწყებამდე ინსტრუქტორები დეტალურად აგიხსნიან, როგორ უნდა დაეშვა ჩანჩქერზე და როგორ აკონტროლო დაშვების სისწრაფე და ინტენსივობა. კლდის თავზე საიმედოდ ხარ მიბმული და წინასწარ შესწავლილი მარშრუტით ეშვები.  

ფეხზე უნდა გეცვას დახურული, სპორტული ფეხსაცმელი. სპეციალურ ჰიდროკოსტიუმს, ჩაფხუტსა და მეკლდეურის ქამარს ადგილზე მოგცემენ.

სასარგებლო ინფორმაცია

ტური ინსტრუქტორებთან წინასწარ უნდა დაჯავშნო. ანგარიშსწორება შესაძლებელია ადგილზე, ნაღდი ფულით.

თან არ იქონიო ნივთები, რომლებიც დასველებისას დაზიანდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა