5დმანისი
დმანისში დროში იმოგზაურებ - აქ 1,8 მილიონი წლის წინათ მცხოვრები ადამიანების, გამყინვარების ეპოქის ხმალკბილა ვეფხვების და, უხსოვარი დროის საცხოვრებელი ქვაბულების გარემოში აღმოჩნდები; მიწაში ოქროს საგანძურია ნაპოვნი, მიწის ზემოთ კი დიდებული არქიტექტურული ძეგლებია შემორჩენილი. საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარე ეს უძველესი დასახლება თავის წიაღში კაცობრიობის ბევრ საიდუმლოს ინახავს. დმანისის ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციების ნაკვალევს არქეოლოგები ნიადაგის სხვადასხვა შრეში აწყდებიან. ამ ტერიტორიაზე გათხრები 1936 წლიდან დაიწყეს ქართველმა არქეოლოგებმა და იმდენად საინტერესო მასალებს მიაგნეს, რომ შემდეგ მათ მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ კოლეგები - გერმანიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.