KA
2024-12-09T08:53:20.000000Z
რატომ უნდა ჩამოხვიდე ზამთარში საქართველოში

რატომ უნდა ჩამოხვიდე ზამთარში საქართველოში

თუ შენს ცხოვრებაში ზამთარი მხოლოდ სიცივესთან და მოწყენილობასთან ასოცირდება, მაშინ გაიხსენე, რომ კავკასიის ქედის ქვეშ, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე არის პატარა ქვეყანა - საქართველო, სადაც ყველაზე ცივი და მოსაწყენი დღეებიც კი ხალისიანად შეგიძლია გაატარო. ზამთარი ჩვენს ქვეყანაში ისევე საინტერესო, მხიარული და თავგადასავლებით სავსეა, როგორც დანარჩენი სეზონები. მაგრამ, თუკი სათხილამურო სპორტის მოყვარულიც ხარ, მაშინ საქართველო შენთვის ნამდვილი სამოთხეა.
სარჩევი

ზამთარი ჩვენს ქვეყანაში ისევე საინტერესო, მხიარული და თავგადასავლებით სავსეა, როგორც დანარჩენი სეზონები. მაგრამ, თუკი, ეგზოტიკურ დასვენებასთან ერთად, სათხილამურო სპორტის მოყვარულიც ხარ, მაშინ საქართველო შენთვის ნამდვილი სამოთხეა.

დღესასწაულები

ქართული სუფრა ზამთრის დღესასწაულებზე

შეიძლება, იფიქრო, რომ ახალი წელი შენს ქვეყანაშიც ან სულაც დედამიწის ნებისმიერ წერტილშიც სიხარულითა და გართობით არის სავსე, მაგრამ ისეთ მრავალფეროვან, განსხვავებულ ტრადიციებს, უგემრიელეს სამზარეულოს ეგზოტიკური ღვინოებით და მრავალხმიან სიმღერას, საოცარ ცეკვებს, როგორიც საქართველოშია, სხვაგან ნაკლებად ნახავ. 

თონეში გამომცხვარი შოთი, გოჭი და წიწილა, ცივად მოხარშული ინდაური და დედალი, საცივი თუ ბაჟე, ხაჭაპური და ლობიანი, მწვადი და ხინკალი, ფხალეული, ჩურჩხელა, ქართული ღვინო და, რაც მთავარია, ახალი წლის მთავარი სიმბოლო - გოზინაყი ნამდვილ ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნის. მერე ამას ქართული მრავალჟამიერი და თავბრუდამხვევი ქართული ცეკვები დაემატება და თავი ნამდვილ ზღაპარში გეგონება. 

გახსოვდეს, 2 იანვარი საქართველოში მისტიკური დღეა - ბედობა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს როგორც გაატარებ, მთელი წელიც ისეთი გექნება. ამიტომ კარგად დაიმახსოვრე, ვინ იქნება „მეკვლე“ და მხიარულად, ბარაქიანად გაუმასპინძლდი, რომ თავადაც მხიარული და ბარაქიანი წელი დაიბედო.

თუ საქართველოში საყოველთაო ახალი წლის დღეებში ვერ მოხვდები, არ გეგონოს, საახალწლო სამზადისსა და განწყობას გამოაკლდი. ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია იმითაც, რომ, როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა, ახალ წელს ორჯერ აღნიშნავს. მეორე ახალი წელი საქართველოში 13-14 იანვრის ღამეს დგება. 

ამ დღეებშიც იგივე ფუსფუსი, მხიარულება და ხელგაშლილი აღნიშვნა გელის, სიმღერითა და ცეკვით, თუმცა, თუკი განსაკუთრებულ შეგრძნებებს ეძებ, ძველით ახალ წელს გურიაში ან სამეგრელოში უნდა შეხვდე და იქაურ „კალანდას“ დაესწრო. ბასილასა და კვერცხისგულიან ღვეზელთან ერთად, ტკბილ მეგრულ სიმღერას ან მრავალხმიან გურულ კრიმანჭულსაც მოისმენ და ძირძველ ქართულ ტრადიციებს ეზიარები.

საქართველოში, როგორც პურმარილიან ქვეყანაში, ნებისმიერი სუფრა და ლხინი ცალკე დღესასწაულია, თავისი სტუმარმასპინძლობითა და თამადობის საოცარი ტრადიციით.

სათხილამურო თავგადასავლები

სათხილამურო თავგადასავლები საქართველოს კურორტებზე

ზამთრის ქართული არდადეგები მხოლოდ დაუვიწყარი პურმარილი არაა. თუ აქტიური სპორტის მოყვარული ხარ, ჩვენი ქვეყანა შენთვის ნამდვილი სამოთხეა. 

იცი, რომ საქართველოში ამიერკავკასიაში საუკეთესო ზამთრის კურორტებია? ქვეყნის ოთხ სხვადასხვა რეგიონში ხუთი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც ერთმანეთისგან ზომით, სეზონის ხანგრძლივობით, თოვლის ხარისხით, დაუვიწყარი ბუნებითა და ინფრასტრუქტურით განსხვავდება.

თუ თხილამურებზე სრიალის მოყვარული ხარ და ბევრი დროც არ გაქვს, თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სათხილამურო კურორტ გუდაურში შეგიძლია ახვიდე.

ეს არის ინფრასტრუქტურულად სრულყოფილი ზამთრის კურორტი მაღალი კლასის სასტუმროებით, კაფეებითა და რესტორნებით. თუმცა მთავარი აქ ევროპული სტანდარტებით გაკეთებული 14 საბაგირო გზაა, საიდანაც პირველი სადგური ზღვის დონიდან 1993 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ხოლო ბოლო - ზღვის დონიდან 3276 მ-ზე. 

გუდაურის სასრიალო ტრასებზე, რომლის მანძილი 70 კმ-ია, ყველა დონის მოთხილამურეს შეუძლია სიამოვნების მიღება, დამწყებით დაწყებული და პროფესიონალით დასრულებული. 

თუ მეტი დრო გაქვს, აუცილებლად ესტუმრე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კუთხეს - სვანეთს. მის ადმინისტრაციულ ცენტრ მესტიაში მთის მკაცრ ბუნებაში ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული კოშკები წელიწადის ამ დროს კიდევ უფრო მომნუსხველი და იდუმალია. 

ამ საოცარი სანახაობის, გამორჩეული სამზარეულოსა და უჩვეულო ტრადიციების გარდა, ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის აქაური სათხილამურო კურორტები სრული თავდავიწყებაა. მით უფრო, თუკი გაუკვალავ თოვლში სრიალი გიყვარს, რადგან თეთნულდის სათხილამურო კურორტი „ფრი რაიდის“ მსოფლიო რუკაზეა მონიშნული. 2022 წლის თებერვალში აქ Freeride World Tour-ის საკვალიფიკაციო ტური ჩატარდა და ეს ტურნირი თეთნულდზე უკვე ყოველწლიურად გაიმართება. 

თეთნულდზე, რომლის მწვერვალის სიმაღლე 4852 მეტრია, შეგიძლია 3160 მეტრ სიმაღლეზე ხუთი თანამედროვე საბაგიროთი ახვიდე და იქიდან 2260 ან 1300 მეტრზე თავისუფალი სრიალით პირდაპირ სოფლებში ან კერძო სასტუმროების კარებთან დაეშვა. თეთნულდი სკიტურის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, საკმაოდ მაღლა ავიდნენ და გაუკვალავ თოვლში ისრიალონ. თუ იმასაც გაითვალისწინებ, რომ მყინვარის ფერდზე სრიალისას პირდაპირ შეგიძლია უყურო მთის მწვერვალს, საიდანაც კავკასიონის საოცარი ხედები იშლება, მიხვდები, რომ მეორე სვანეთს დედამიწის ვერცერთ წერტილში ვერ ნახავ. 

მესტიის მეორე კურორტი - ჰაწვალი „ფორესტ ფრი რაიდის“, ანუ ტყეში გაუკვალავ თოვლში სრიალის შეუდარებელი ადგილია. აქ, ჯამში, 5 495 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასაა, რომელზედაც ნებისმიერი კლასის მოთხილამურეს შეუძლია სრიალი, თუმცა ჰაწვალში გაუკვალავ თოვლში სრიალს ერთი განსაკუთრებული ხიბლიც აქვს - ნაძვნარის ტყეში სრიალი. აქედან პირდაპირ უყურებ უშბის მასივს და კავკასიონის ყველა მწვერვალს. 

მესტიის კურორტები, ისევე, როგორც კურორტი გუდაური, საუკეთესო ადგილია ზამთრის გართობის თანამედროვე სახეობის - ჰელისკისთვის. დაჯავშნე ტური და შეძლებ, ყოველდღე იმდენჯერ დაეშვა სხვადასხვა მარშრუტით კავკასიონის უმაღლესი მწვერვალებიდან, რამდენის სურვილიც გექნება. მეტიც, თუ გენდომება, შენთვის ჰელისკის ტურს საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებზეც მოაწყობენ. 

სვანეთისა და გუდაურისგან განსხვავებული ბუნება და სათხილამურო ტრასები დაგხვდება კურორტ გოდერძიზე, საიდანაც შავი ზღვის ულამაზესი ხედების ცქერით დატკბები. ბათუმიდან 109 კმ-ში, ხოლო თბილისიდან ზარზმის გავლით 252 კმ-ში, ზღვის დონიდან 2025 მეტრ სიმაღლეზე არც ისე გრძელი სათხილამურო ტრასებია, თუმცა აქ მთიდან დაშვება შეუძლიათ როგორც დამწყებებს, ისე საშუალო დონისა და პროფესიონალ მოთხილამურეებს. სრიალი შესაძლებელია როგორც ალპურ ზონაში, ისე ხშირ წიწვოვან ტყეებსა და სოფლებშიც.

ერთადერთი, რაც ამ თავგადასავლებისას უნდა გაითვალისწინო, ისაა, რომ გაუკვალავ თოვლში სრიალისთვის, სკიტურით გადაწყვეტ ამის გაკეთებას თუ ჰელისკით, თან აუცილებლად უნდა გახლდეს სერტიფიცირებული გამყოლი. უნდა იცოდე ისიც, რომ საქართველოს კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე მოქმედებს ერთიანი გადახდის სისტემა და, მაგალითად, გუდაურის საბაგიროს სალაროში შეძენილი აბონემენტით საბაგიროთი სარგებლობას მესტიაშიც შეძლებ.  

ზამთრის აქტივობებისთვის კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილი ბორჯომის მუნიციპალიტეტია, სადაც ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრი - ბაკურიანი მდებარეობს. აქ სასრიალო ტრასების მრავალფეროვნება და გართობის ფართო არჩევანია. კურორტმა უმასპინძლა სკიტურის მსოფლიო თასის, აგრეთვე, სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს. 

ბაკურიანში, წიწვოვან ბუნებასა და საუცხოო ჰაერზე, შესაძლებელია საციგურაო მოედანზე ციგებით სრიალი, ტყეში ბურანით ხეტიალი და ცხენებით სეირნობა. ის საინტერესოა თოვლმავლების მოყვარულებისთვისაც. საუკეთესო ტურები ეწყობა ბაკურიანი-ტაბაწყურის მარშრუტზე, საიდანაც თოვლმავლებით ტაბაწყურის გაყინულ ტბაზეც შეგიძლია გადაიარო.  

სკიტურების, თხილმარების, ქეთსკის მოყვარულებს ბახმარო ელოდებათ, სადაც გურიის მთებიდან და გორებიდან მზის ჩასვლის სასწაული ხდება. 

ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმისა, რაც ზამთარში საქართველოში შეგიძლია გააკეთო. ალბათ, უკვე მიხვდი, რატომ უნდა ჩამოხვიდე წელიწადის ამ დროს ჩვენს ქვეყანაში. ზამთარი საქართველოში არცთუ ისე მკაცრი და სუსხიანია, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ამიტომ წელიწადის ამ დროსაც შეგიძლია დაათვალიერო უნიკალური ისტორიული ძეგლები, იხეტიალო ტყეებში და ფეხით გაისეირნო გაყინულ ტბებზე. ამ საინტერესო თავგადასავლისთვის საქართველოს კიდევ ერთ უნიკალურ მხარეში - სამცხე-ჯავახეთში უნდა იმოგზაურო. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა