KA
Batumi Piazza in Adjara

ბათუმი პიაცა

ბათუმის პიაცა შთამბეჭდავი არქიტექტურული კომპლექსია, სადაც თანამედროვე და კლასიკური სტილი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. მოედანი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება, გამორჩეულია როგორც გარშემორტყმული არქიტექტურით, ისე თავად მოედნის მოკირწყლული ძირის გაფორმებით.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

სად მდებარეობს ბათუმის პიაცა

ქალაქის გულში მდებარე პიაცა 5700 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, და რეალურად კომპლექსური არქიტექტურული პროექტია და არა უბრალოდ მოედანი. ნაგებობების უმეტესობა რომელიც მოედანს გარს აკრავს შედარებით ახალია და 2009 წელს ქართველი არქიტექტორის, ვაჟა ორბელაძის პროექტით აშენდა. თუმცა ორბელაძის პროექტი გათვლილი იყო იმაზე, რომ ახალი შენობები ჰარმონიულად ჩამჯდარიყო ბათუმის ერთ-ერთი ისტორიული უბნის გულში. 

საბოლოოდ, კომპლექსი ტოვებს მინიატიურული იტალიური ქალაქის შთაბეჭდილებას. მთავარი არქიტექტურული ფოკუსი საათიან კოშკზეა, რომელიც მარტივად იპყრობს ყურადღებას სიმაღლისა და გაფორმების გამო. ამ კოშკის შენობაში დღესდღეობით  მაღალი კლასის ბუტიკ-სასტუმრო ფუნქციონირებს. მოედნის არქიტექტურული გადაწყვეტა გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით - მშენებლობისას გამოყენებულია როგორც ტრადიციული ქართული კლასიკური ევროპული არქიტექტურის ელემენტებს, ასევე აღმოსავლური სტილის დეკორატიულ მოტივებს.

მთავარი შენობებისგან მოშორებით, უშუალოდ პიაცას ცენტრში განთავსებულია გრანდიოზული მოზაიკა, რომელიც ამ ადგილის ყველაზე ცნობადი ელემენტია. მეტიც, საუბარში ხსენებისას ბათუმის პიაცას ხშირად გამოიყენებენ არა თავად მოედნის, არამედ მოზაიკის სინონიმად.

ტერიტორია ცნობილია მრავალფეროვანი გასართობი და სავაჭრო ობიექტებით. მრავალფეროვანი რესტორნები და კაფეები, სასტუმროები და მაღაზიები მოედანს აქცევენ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და მიმზიდველ ადგილად.

პიაცაზე ხშირად იმართება საკვირაო ბაზრობები, სადაც ადგილობრივი ხელოვანები და ხელოსნები საკუთარ ნამუშევრებს ყიდიან. სეზონის პიკზე არტიზანული ნაწარმის დახლები მოედანზე ყოველდღე ფუნქციონირებს.

მოზაიკა ბათუმის პიაცაზე

ბათუმის პიაცაზე განთავსებულია ევროპაში უდიდესი - 106 კვადრატული მეტრის ფართობის - ფიგურატული მარმარილოს მოზაიკა. მოზაიკა 2010 წელს შეიქმნა ქართველ-შვეიცარიელი დიზაინერის ნატალი (ნატალია) დე პიტა-ამირეჯიბის მიერ. 

ნატალი დე პიტას თქმით, კონცეფცია აერთიანებს ზღვის სტიქიის მარადიულ მოძრაობას და თანამედროვე საქალაქო სივრცის განუწყვეტელ განვითარებას. კომპოზიცია სხვადასხვა დიამეტრის რვა კონცენტრული წრისგან შედგება. ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ხუთი ქალის ფიგურა, რომლებიც ზღვის ღვთაებებს განასახიერებენ. თითოეული მათგანი სხვადასხვა ფერის სამოსშია გამოწყობილი - წითელი, ცისფერი, იისფერი, ვარდისფერი და მწვანე, რაც მათ განსხვავებულ ხასიათს უსვამს ხაზს. კომპოზიციის ცენტრალური ფიგურის - პატარა ქალთევზას პროტოტიპი დიზაინერის ქალიშვილი რომინაა.

საჭირო ფილები თავდაპირველად აბუ-დაბიში, კომპანია "ფანტინი მოზაიჩის" სახელოსნოში დამზადდა, შემდეგ კი ბათუმში გადმოიტანეს და ადგილზე ააწყვეს. აწყობის პროცესს უშუალოდ ნატალი დე პიტა ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ აწყობის პროცესი მხოლოდ 10 დღეში დასრულდა. ამ ზომის მოზაიკისთვის ეს ძალიან მოკლე პერიოდია: კომპოზიციის შესაქმნელად სულ 88 მილიონზე მეტი 1 კვადრატული სანტიმეტრის ზომის დაჭრილი და დამუშავებული ფილა იყო საჭირო. ეს ფილები კი თავის მხრივ გაერთიანებულია 1,764,895 სეგმენტში. მასალა მსოფლიოს თხუთმეტი სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვდა, ხოლო ზოგიერთი ცალკეული დეტალი, მათ შორის ერთი ქალღმერთის იისფერი კაბა და მეორე ქალღმერთის წითელი კაბის მუქი ნაწილი სპეციალური კერამიკული მასალისგან დამზადდა კონკრეტულად ამ მოზაიკისთვის.

როგორ მივიდეთ ბათუმის პიაცამდე

პიაცა ძალიან მოხერხებულ ტერიტორიაზე, ბათუმის ცენტრალურ ნაწილშია, ამიტომ გზის გაკვალვა არავის გაუჭირდება.

მისვლა შესაძლებელია მარტივად, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისე - თუ ბულვარში ან ქალაქის ცენტრში იმყოფებით - ფეხით. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ამჯობინებთ, აირჩიეთ ისეთი მარშრუტი რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე აჩერებს. უმჯობესია თუ 10-12 ნომრების მიმდებარედ ჩამოხვალთ - აქედან პიაცამდე მისასვლელად 5 წუთზე ნაკლები დაგჭირდებათ. თუმცა გოგებაშვილის ქუჩის ნებისმიერი მონაკვეთიდან პიაცამდე 10 წუთზე ნაკლებია სავალი, მათ შორის არგოს საბაგიროდან.

ბათუმის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის პიაცასთან ყველაზე ახლოს გაივლის 6, 8, 10, 12 და 16 ავტობუსები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კომპანიას არ აქვს გუგლის რუკის მხარდაჭერა, ამიტომ სანამ ჩასხდებით მძღოლთან აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია მიმართულებასა და უახლოეს გაჩერებაზე. 

თუ ბულვარიდან აპირებთ ფეხით პიაცამდე მისვლას, ყველაზე მარტივი იქნება ისევ გოგებაშვილის ქუჩას გაუყვეთ და შემდეგ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე გადაუხვიოთ.  მთელ გზას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება. საკათედრო ტაძრიდან მომავალი მნახველებისთვის კი ყველაზე მოხერხებული იქნება თუ ზუბალაშვილის ქუჩას ჩაუყვებიან, შემდეგ კი მაზნიაშვილის ქუჩაზე გადაუხვევენ.

ახლომდებარე სანახაობები

ბათუმის საკათედრო ტაძარი - ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი 1897-1902 წლებში აშენდა მეცენატი ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით. ნეო-გოტიკური სტილის სამგუმბათიანი ტაძრის მთავარი დეკორატიული ელემენტი ფერადი ვიტრაჟული სარკმლები და მაღალი, შპილებიანი კოშკებია - მსგავსი გოტიკური არქიტექტურის ნიმუშები საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათობაა. ტაძრამდე ფეხით მისვლას 10 წუთამდე სჭირდება.

აჭარის ხელოვნების მუზეუმი - რეგიონის მთავარი ხელოვნების გალერეა. მუზეუმის მუდმივ გამოფენაში წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის ისეთი გამოჩენილი ხელოვანების, როგორებიც არიან ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ლადო გუდიაშვილი და სხვები. 2015 წლიდან აჭარის ხელოვნების მუზეუმს ახალი სამხატვრო გალერეაც შეემატა, სადაც რეგულარულად იმართება თანამედროვე ხელოვნების გამოფენები და საგანმანათლებლო ღონისძიებები. პიაცადან მუზეუმამდე ფეხით საჭიროა 15 წუთი.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - აჭარის რეგიონის მთავარი მუზეუმი 1908 წელს დაარსდა და დღესდღეობით 180,000-მდე ექსპონატს ინახავს. აქ დაცულია უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები და მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები. მუზეუმის ფონდებში ასევე ინახება აჭარის ფლორისა და ფაუნის ამსახველი მასალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუზეუმის უნიკალური წიგნის ფონდი, რომელიც 6000-მდე ერთეულს მოიცავს. მუზეუმამდე მისვლას 10 წუთი დასჭირდება.

ბათუმის საოცრებათა პარკი - ბათუმის ბულვარში გაშენებული ღია სივრცე, სადაც ქალაქის რამდენიმე ყველაზე ცნობადი ატრაქციაა განთავსებული, მათ შორის ალი და ნინო - 8-მეტრიანი მოძრავი სკულპტურა, ქალისა და კაცის ლითონის ფიგურები, რომლებიც ერთმანეთისკენ მოძრაობენ, ერთიანდებიან და შემდეგ ისევ სცილდებიან; ანბანის კოშკი, 130 მეტრის სიმაღლის შენობა. გარს დნმ-ის სტრუქტურის ფორმის ლითონის ზოლები ახვევია, რომლებზეც ქართული ანბანის 33 ასოა განლაგებული; და 55-მეტრი სიმაღლის პანორამული ეშმაკის ბორბალი, საიდანაც იშლება ქალაქის, მთებისა და შავი ზღვის პანორამული ხედები. ბორბალი 240 ადამიანზეა გათვლილი, ხოლო ერთი სრული ბრუნი 10 წუთს გრძელდება. ბათუმის პიაცადან საოცრებათა პარკამდე მისასვლელად დაახლოებით 15 წუთია საჭირო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა