KA

თბილისის ევროპის მოედანი

თბილისის ევროპის მოედანი დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რიყის უბანში, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ქალაქში თანამედროვე და ისტორიული ელემენტების შერწყმის მთავარი მაგალითი გახდა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ამის გამო, თავად ევროპის მოედანი მართალია მცირე, მაგრამ დასამახსოვრებელი ადგილი გახდა: მას გარშემო ეკვრის დედაქალაქის მოწინავე ტურისტული ატრაქციები, როგორც ძველი, ისე ახალი.

ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე ნათლად შეიძლება ნახვა, თუ როგორ ხვდება ძველი თბილისი თანამედროვე ურბანულ დიზაინს და ქმნის განსაკუთრებულ, მხოლოდ თბილისისთვის, სახასიათო ატმოსფეროს. 

მდებარეობა და არქიტექტურული კონცეფცია

ევროპის მოედანი თბილისში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს რიყის სამხრეთ ნაწილში. მოედანი ერთმანეთთან აკავშირებს მეტეხისა და ღვინის აღმართებს, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და მეტეხის ხიდს. მისი მდებარეობა უზრუნველყოფს მარტივ კავშირს თბილისის მთავარ ისტორიულ უბნებთან. 

მოედნის არქიტექტურული კონცეფციაც შესაბამისად ორი განსხვავებული ეპოქის - ისტორიული და თანამედროვე თბილისის - ჰარმონიულ თანაარსებობას ეფუძნება.

კონკრეტულად ევროპის მოედნის მთავარი სახასიათო ელემენტი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის ბრინჯაოს ძეგლია, რომლის უკანაც დარეჯანის სასახლეზე იშლება ხედი. ქანდაკება ქართველ მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილს ეკუთვნის. სარაჯიშვილის ძეგლის ევროპის მოედანზე აღმართვა სიმბოლურ დანიშნულებასაც ატარებს - არა მარტო ქართული მეწარმეობის პიონერული ფიგურის პატივსაცემი მონუმენტია, არამედ იმის ხაზგასმა, რომ საქართველო თანამედროვე, ევროპული წყობის ქვეყანაა, სერიოზული ეკონომიკური ამბიციებით.

იმ არქიტექტურულ ელემენტებს შორის, რომელიც მოედანს გარს ერტყმის განსაკუთრებით გამოსარჩევია რიყის პარკი, მშვიდობის ხიდი და მეტეხის ქედი. თანამედროვე ლანდშაფტური დიზაინის შთამბეჭდავ მაგალითს. რიყის პარკი თავად ევროპის მოედნის გაგრძელებაა, საქართველოს რუკის ფორმა აქვს, და ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილია. პარკში მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები, მუსიკალური შადრევნები, და თანამედროვე არტ-ინსტალაციები. აქვე დგას საბაგირო, რომელსაც ნარიყალას ციხესთან აჰყავს მგზავრები.

მშვიდობის ხიდი იტალიელი არქიტექტორის მიქელე დე ლუკის მიერ შექმნილი ინოვაციური კონსტრუქციაა, რომელიც 2010 წელს გაიხსნა (ეს იყო პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ხიდი რომელიც თბილისში მტკვრის ნაპირებზე XXI საუკუნეში აიგო). ხიდი 156 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მინის და ფოლადის მასიური ნაგებობაა, რომელიც 50,000-მდე LED ნათურით არის გაფორმებული. განათების სისტემა ფრანგ დიზაინერ ფილიპ მარტინოს ეკუთვნის. საღამოობით მშვიდობის ხიდი ათობით ფერში ნათდება და ერთგვარ შუქის სკულპტურად იქცევა, რომელიც განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როდესაც წყალში ირეკლება.

თუ რიყის პარკი და მშვიდობის ხიდი თანამედროვე თბილისის სიმბოლოებია, მეტეხი იმის მაგალითია თუ როგორ თანაცხოვრობს თბილისში ჰარმონიულად ძველი და ახალი. მეტეხის ტაძარი ათასწლეულზე მეტია გადაჰყურებს მტკვარს. თუმცა ითვლება, რომ პირველად ამ ქიმზე ეკლესია ჯერ კიდევ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააგო. თბილისის ისტორიიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ტაძრის არქიტექტურული ანსამბლი საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ დაზიანდა და აღდგა. დღევანდელი სახით ის XIII საუკუნეში ააგეს, მეფე დემეტრე თავდადებულის ბრძანებით. შენობა გამოირჩევა თავისი მკაცრი და დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, რაც დამახასიათებელია ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის - ფასადის დიზაინის ყველაზე ცნობილი ელემენტები ცენტრალურ შვერილ აფსიდზე განთავსებული დიდი ჯვარი და ორი მოჩუქურთმებული რომბია. ქართველებისთვის განსაკუთრებით დიდია ტაძრის ისტორიული მნიშვნელობა - მას ორი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაშრომი უკავშირდება. სწორედ აქაა დაცული წმინდა შუშანიკის საფლავი, რომელიც VII საუკუნეში გადმოასვენეს, ხოლო გადმოცემის თანახმად, მეტეხის კლდე წმინდა აბო თბილელის წამების ადგილია.

1958 წელს ეკლესიის წინ ვახტანგ გორგასლის მონუმენტური ძეგლი დადგეს. ძეგლი ელგუჯა ამაშუკელს ეკუთვნის და იგი არათუ დედაქალაქში, არამედ მთელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტია.

ისტორიული მნიშვნელობა და განვითარება

ევროპის მოედნის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება თბილისის, როგორც სავაჭრო და კულტურული ცენტრის განვითარებას. მართალია თანამედროვე სახით მოედანი ორ ათწლეულსაც არ ითვლის - მხოლოდ 2005 წელს ააშენეს - ამ ტერიტორიას მდიდარი წარსული აქვს. 

XIX საუკუნეში ამ ტერიტორიის მიმდებარედ ფუნქციონირებდა მრავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო სივრცე, მათ შორის ქარვასლები და სახელოსნოები. ეს მონაკვეთი ერთ დროს აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი კვანძი იყო.

მოედნის სახელწოდება "ევროპის მოედანი" დიდი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია - ის ერთდროულად თანამედროვე თავისუფალი საქართველოს ევროპული კურსის დამადასტურებელია, მაგრამ ამასთანავე ასახავს საქართველოს ისტორიულ არჩევანს ევროპული ინტეგრაციისკენ და ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კავშირს ევროპულ ღირებულებებთან. ეს სახელწოდება ასევე ხაზს უსვამს თბილისის ისტორიულ როლს აბრეშუმის გზაზე, როგორც ქალაქისა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, აზიასა და ევროპას.

ურბანული განვითარების თვალსაზრისით, მოედნის ტერიტორიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. 1970-იან წლებამდე ეს ტერიტორია დაბლობი იყო, რომელიც ხშირად იტბორებოდა მტკვრის წყალდიდობების დროს. მასშტაბური ურბანული განახლება დაიწყო მას შემდეგ, რაც ტერიტორიამ დიდწილად დაკარგა საცხოვრებელი ფუნქცია - ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა სხვადასხვა რაიონებში გადასახლდა. ურბანული განახლების პროექტი დიდი და კომპლექსური იყო და მიზნად ისახავდა ტერიტორიის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, პროექტის მიხედვით, ტერიტორია ახალ ფუნქციას იძენდა - აქ აღარ აშენდებოდა საცხოვრებელი კომპლექსები, უნდა მომხდარიყო მისი ინტეგრირება ქალაქის კულტურულ და ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან.

2005 წლიდან მოყოლებული, მოედანმა და მისმა მიმდებარე ტერიტორიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება განიცადა. სრულიად გარდაიქმნა რიყის პარკის ინფრასტრუქტურა, დაიდგა ნარიყალას საბაგირო, აშენდა მშვიდობის ხიდი და ა.შ. პროექტის მიზანი - მთლიანად ეს სივრცე გარდაქმნილიყო თანამედროვე ურბანულ ცენტრად - წარმატებით დაგვირგვინდა. ამასთან პროექტის განხორციელდა ისე, რომ ევროპის მოედანი დღესდღეობით წარმატებით ახერხებს შეასრულოს თავისი მთავარი სტრატეგიული ფუნქცია - გაატაროს თანამედროვე მეტროპოლისისთვის დამახასიათებელი მაღალი სატრანსპორტო ნაკადი ისე, რომ მოხერხებულად დააკავშიროს ერთმანეთთან რამდენიმე ისტორიული უბანი.

როგორ მივიდეთ ევროპის მოედნამდე?

ევროპის მოედნამდე მისვლა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი.

თუ მეტროთი მგზავრობთ, შეგიძლიათ მეტროსადგურ ავლაბარში ან თავისუფლების მოედანზე ამოხვიდეთ. მეტროსადგური ავლაბრიდან ევროპის მოედნამდე ფეხით დაახლოებით 10 წუთი დაგჭირდებათ, მეტროსადგური თავისუფლების მოედნიდან კი საშუალოდ 15 წუთია საჭირო. 

ევროპის მოედნის მიმდებარედ ასევე გაივლის ავტობუსის მარშრუტები 301, 310, 331, 333, 344, 345, 350 და 371. თუ ორთაჭალის უბნის მხრიდან მგზავრობთ, ყველა ეს ავტობუსი პირდაპირ მოედანზე გაჩერდება. თუ ბარათაშვილის ქუჩის გავლით - გორგასლის ქუჩაზე ჩამოსვლა და ქუჩის გადაჭრა მოგიწევთ. შემდეგ კი დაახლოებით 10 წუთი დაგჭირდებათ ევროპის მოედნამდე ჩასასვლელად.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა