KA

სკიტური კურორტ თეთნულდზე

საწყისი წერტილი - 2265 უმაღლესი წერტილი -3345 ვერტიკალი - +1080, -644 (ჟაბეში), -215 (ადიში) თეთნულდის მარშრუტზე წასვლაც, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გასვლა.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ადგილმდებარეობა

მწვერვალი თეთნულდი მესტიის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4852 მეტრია. 

მწვერვალთან ახლოსაა სამთო-სათხილამურო ტრასები. მწვერვალის მიდამოებიდან სასრიალო ქედები მიუყვება როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთითა და დასავლეთით.

მარშრუტი

მარშრუტი იწყება თეთნულდის პირველ საბაგიროსთან, „ჩვაბიანთან“, რომელიც ზღვის დონიდან 2265 მეტრზეა. აქედან ასვლის რამდენიმე ვარიანტია, რომელსაც, მარშრუტის მდგომარეობის მიხედვით, გიდი აარჩევს - საბაგიროთი ან სკიტურით. 

შესაძლებელია „ჩვაბიანიდან“ ბოლო სადგურ „ბორის კახიანამდე“ ავიდეთ, რომელიც 3137 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქედან იწყება ასასვლელი ვერტიკალი თეთნულდის ქედის კულუარებში, საიდანაც შეგვიძლია დავეშვათ როგორც სადგურ „ჩვაბიანამდე“, ისე სოფელ ადიშამდე ან სოფელ ჟაბეშამდე. 

სხვა ვარიანტში შეგვიძლია სადგურ „ჩვაბიანიდან“ სკიტურით ან საბაგიროთი ავიდეთ მეორე სადგურ „გოჯი ზურებიანამდე“ და იქიდან დავეშვათ სოფელ ჟაბეშში, რომელიც 1656 მეტრ სიმაღლეზეა. 

ტურის უმაღლესი წერტილი 3345 მეტრია, ასავლელი ვერტიკალი - 1080 მეტრი.  

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის სასტარტო ადგილამდე მისასვლელად, ისევე, როგორც ბოლო ადგილიდან დასაბრუნებლად, მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდება.  

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი, სხვა საჭირო ნივთები.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე ერთიანი აბონემენტების სისტემა მოქმედებს - ერთი მრავალდღიანი ბილეთით შეგიძლია გოდერძის, მესტიის, გუდაურის, ბაკურიანის საბაგიროებით ისარგებლო. 

აღნიშნულ მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია მესტიაში არსებულ სასტუმროებში ან მულახის თემში მდებარე საოჯახო სასტუმროებში დაბინავდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა