KA

ციხისჯვარი

ციხისჯვარი ისტორიული ციხესიმაგრეა სამხრეთ საქართველოში, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისჯვარში მდებარეობს. აქ ყოველ სეზონზე სასიამოვნო ტემპერატურაა. სუფთა ჰაერი, ეკოლოგიური გარემო და მინერალური წყლების სიუხვე კი ოდითგანვე გამოარჩევდა ციხისჯვარს, რომელიც ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით ერთი საათის სავალზეა და ცნობილია, როგორც კლიმატური კურორტი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:15 სთ
ბათუმი
5:35 სთ
ქუთაისი
3:20 სთ

ციხისჯვრის კულტურულ-ისტორიული ძეგლები

სოფელი თორის ქვაბულშია გაშენებული, მდინარე შავი წყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე. ირგვლივ კი გვირგვინასა და ციხისჯვრის ქედებია, რომლებიც წიწვოვანი და შერეული ბუნებრივი ტყითაა დაფარული.

სოფლის სახელწოდება აბრაზე სამ ენაზე წერია - ქართულად, ლათინურად და ბერძნულად. ელადის მკვიდრი ოჯახები აქ  ჯერ კიდევ  XIX საუკუნის 60-იან წლებში დასახლებულან, 1861-75 წლებში კი სოფლის შუაგულში, ძველი ეკლესიის  საძირკველზე, ახალი ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი აუშენებიათ. მალე  აქაურობა ქართული და ბერძნული კულტურის თანაცხოვრების მაგალითად იქცა.  

ბერძნულ ეკლესიასთან ერთად, სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების  არქიტექტურული კომპლექსი - ციხესიმაგრე ციხისჯვარი, ნადარბაზევი და ეკლესია. სოფლის სახელიც სწორედ ამ ციხესიმაგრიდან მოდის. 

სოფელი ციხისჯვარი დღეს

ამჟამად ციხისჯვარში საოჯახო ტურიზმია განვითარებული. აქაური კლიმატი ძალიან ჰგავს ბაკურიანის კლიმატს. ის სასარგებლოა სუნთქვის ორგანოთა დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებში. სოფელში უხვადაა მინერალური წყაროებიც, რომლებიც ბალნეოთერაპიისთვის გამოიყენება. 

აქ ზაფხული გრილია - აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +7 გრადუსია, ზამთარი კი ზომიერად რბილი და თოვლიანია - იანვრის საშუალო ტემპერატურა 8 გრადუსია.

სოფელი ოდითგანვე მისდევდა მესაქონლეობას და აქ დღემდე გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე რძის პროდუქტს ამზადებენ. დიდი მოთხოვნით სარგებლობს ციხისჯვრის კარტოფილი და თაფლიც. 

რატომ არის ციხისჯვარი ტურისტულად გამორჩეული ზონა

ციხისჯვარი თავისი ულამაზესი ლანდშაფტის, ტყის მასივების, სოფლის სიმაღლეებზე შეფენილი სუბალპური მდელოებისა და ანკარა მდინარის სილამაზით გამორჩეულად ხიბლავს ტურისტებს. კემპინგებისა და პიკნიკების მოსაწყობად აქ ბევრ ადგილს შეხვდები, ხოლო ბილიკებით კახისის, წეროსა და დაბაძველის ტბებზე გადახვალ.

ციხისჯვრიდან ახლოსაა კურორტები ცემი, წაღვერი, ტბა ლიბანი და ბაკურიანი. ამ კურორტებამდე მთის ბილიკებიც მიგიყვანს, თუმცა სასურველია, თუ სოფლიდან გამოცდილ მეგზურს გაიყოლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა