KA

2-დღიანი ჯიპ ტური: ქვემო ქართლი-სამცხე-ჯავახეთი

ისტორია, კულტურა და ბუნება – სამივე მათგანი მისტიკური სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათია. ქართველი თუ უცხოელი ტურისტების გაოცებას ის მესხური მემკვიდრეობა იწვევს, რომელიც ამ მხარეში დღემდეა დაცული და შემონახული.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი

I დღე - თბილისი-წალკა-ვარძია

ტური იწყება თბილისიდან სამხრეთით, სოფელ კოდის მიმართულებით. 

გაივლი სოფელ ასურეთს და გზას ქალაქ წალკისკენ გააგრძელებ, რომელიც წალკის წყალსაცავის ნაპირებზეა გაშენებული. წალკაშია ულამაზესი დაშბაშის კანიონიც. 

გზა წალკის წყალსაცავის გასწვრივ მიდის, ფარავნის ტბისკენ, რომელიც ყველაზე დიდი ბუნებრივი წყალსაცავია საქართველოში. ტბის ნაპირზე გაშენებულია სოფელი ფოკა, სადაც ფოკის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. აქ შეგიძლია შეიძინო მონასტრის დედების მიერ დამზადებული ტკბილეული - ჯემები, ნამცხვრები, ასევე ყველი, ზეთი, რამდენიმე სახეობის პური და სხვა. 

შემდეგ საღამოს ტბა მოინახულე, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლის ფონზე და გზა ნინოწმინდისკენ განაგრძე. 

სულ მალე ახალქალაქში ჩახვალ. ქალაქი გაშენებულია მდინარეების - ფარავნისა და მურჯახეთისწყალს შორის, ზღვის დონიდან 1620-1725 მ-ზე. 

აქედან სოფელ აფნიისკენ გაემართე და კუმურდოს მონასტერში შეჩერდი. 

აფნიიდან გზა ვარძიისკენ განაგრძე. ღამის გათევა ვარძიაში, სასტუმროს ან საოჯახო ტიპის სასტუმროში შეგიძლია. 

II დღე - ვარძია-ახალციხე

ვარძიიდან ახალციხისკენ გზად ხერთვისის ციხეს, ასპინძასა და სოფელ რუსთავს გაივლი, სადაც, გადმოცემით, დიდი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი დაბადებულა. ამ ტურის ბოლო წერტილი ახალციხეა, უძველესი ქალაქი, ცნობილი ახალციხის (რაბათის) ციხით, რომლის ისტორიაც IX საუკუნიდან იწყება.

სასარგებლო ინფორმაცია

ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის ავტომობილი უნდა იყოს suv ან cross ტიპის, შესაბამისი აღჭურვილობით. 

სეზონი - მთელი წელის განმავლობაში.

რელიეფიდან გამომდინარე, რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი. 

თან უნდა იქონიო GPS ნავიგატორი.

საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაუკავშირდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა