KA

თხილმარის ტური სვანეთში

თხილმარი ზამთარში სოფლიდან სოფელში გადაადგილებისა და ეგზოტიკურო სანახაობებით ტკბობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც, თოვლში სრიალს თოვლში სიარული ურჩევნია. თხილმარი ოვალური ფორმის ზამთრის საბიჯებელი მოწყობილობაა, რომელსაც გაუკვალავ თოვლში გადაადგილების გაადვილებისთვის ფეხსაცმელზე ამოიცვამენ. აქტიურად გამოიყენება ზამთრის ტურიზმში, როგორც ზამთრის კურორტებზე, ისე იმ ადგილებში, სადაც კურორტი არ ფუნქციონირებს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი

რას გვთავაზობს სვანეთი?

ჰაწვალის ტყე

ჰაწვალის ტყე იდეალური ადგილია თხილმარით სეირნობისთვის. შეგიძლია აირჩიო სხვადასხვა მარშრუტი - ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროს ქვემოთ მდებარე საავტომობილო გზა, აგრეთვე, მესტია-ჰაწვალის ტერიტორია. 

მესტია-მულახი

თხილმარისთვის ერთ-ერთი გამორჩეული მარშრუტია მესტიიდან სოფელ მულახში გადასვლა ზაფხულის საფეხმავლო ბილიკით. ბილიკი იწყება კახირში, გადადის გვალდაზე, საიდანაც ხელისგულივით ჩანს უშბისა და თეთნულდის ხედები. აქედან მთლიანად მოჩანს მესტია, აგრეთვე, მულახი. გვალდიდან შეგიძლია მულახის თემის სოფელ ზარდლაშსა და მურშკელში გადახვიდე. სავალი მანძილი 8 კილომეტრია. 

ჰაწვალი-ჰეშკილი-ლენჯერი 

ჰაწვალიდან თხილმარით შეგიძლია სოფელ ჰეშკილში წახვიდე, საიდანაც კავკასიონის მწვერვალების ხედები იშლება, საუკეთესოდ მოჩანს ჰარაშის მთები და მწვერვალი ლაილა. ჰეშკილის გავლით, ზაფხულის საფეხმავლო ბილიკით შეგიძლია ისტორიულ სოფელ ლენჯერში ჩახვიდე. მანძილი 6 კილომეტრია. ამავე ქედიდან შესაძლებელია სოფელ წვირმში ჩასვლა. ეს ერთ-ერთი ულამაზესი მარშრუტია, რადგან ზურულდის ქედის პანორამულ მარშრუტს გაივლი.

უშგული 

უშგული მესტიის მუნიციპალიტეტის თემია. ის მესტიიდან 42 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მწვერვალ შხარის ძირში, ენგურის სათავეებთანაა გაშლილი. უშგულის თემში 5 სოფელი შედის: ჩაჟაში, ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩვიბიანი. უშგულში ბევრი სვანური კოშკი დგას. ამის გამო, სოფელი ჩაჟაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ზამთარი აქ საკმაოდ მკაცრი და ხანგრძლივია, რაც თხილმარის ტურისთვის ზედგამოჭრილია. 

რა უნდა გაითვალისწინო?

ზამთრის აქტივობებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საქართველოს მთიან ნაწილში ხდება, აუცილებელია, ადგილობრივი სერტიფიცირებული გამყოლი გახლდეს. მისი თანხლება ორმაგად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევისთვის, როდესაც თხილმარით უღელტეხილზე გადაადგილებას გეგმავ.

თუკი თხილმარის ტურის დაგეგმვა გინდა, მაგრამ თხილმარი არ გაქვს, სურვილზე უარს ნუ იტყვი - მესტიის ცენტრში თხილმარის დაქირავებაც შესაძლებელია.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა