ძმუისის კანიონი იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ნაქერალას ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მდებარეობს.
მარშრუტი იწყება სოფელ ძმუისში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. სიმაღლის სხვაობა 650 მეტრია. კანიონის სიგრძე 3,5 კილომეტრს შეადგენს. ამ მარშრუტზე 13 ჩანჩქერია და მათ შორის ყველაზე მაღალი 25 მეტრია.
კანიონი აგებულია გრანიტის ქანებით და ღრმა აუზებს იკეთებს, რაც საშუალებას იძლევა, ჩანჩქერზე დასრიალდე და 5 მეტრი სიმაღლიდანაც გადმოხტე. 9 ჩანჩქერზე თოკებით ეშვები. მარშრუტის სრულად გასავლელად 3,5-4 საათია საჭირო.
რეკომენდებული პერიოდია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე, როცა ადგილზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +20,+25 გრადუსია.
ქუთაისიდან სოფელ ძმუისამდე 55 კილომეტრია და ამ მიმართულებით ყოველდღე მოძრაობს მიკროავტობუსი. სოფლის ცენტრიდან კი შეგიძლია, ავტომობილი დაიქირაო. საავტომობილო გზის ბოლოს საფეხმავლო ბილიკი იწყება, რომელიც ტყეში გაივლის და დაახლოებით 4 კმ-ია.
კანიონინგის დაწყებამდე ინსტრუქტორები დეტალურად აგიხსნიან, როგორ უნდა დაეშვა ჩანჩქერზე და როგორ აკონტროლო დაშვების სისწრაფე და ინტენსივობა. კლდის თავზე საიმედოდ ხარ მიბმული და წინასწარ შესწავლილი მარშრუტით ეშვები.
ფეხზე უნდა გეცვას დახურული, სპორტული ფეხსაცმელი. სპეციალურ ჰიდროკოსტიუმს, ჩაფხუტსა და მეკლდეურის ქამარს ადგილზე მოგცემენ.
ტური ინსტრუქტორებთან წინასწარ უნდა დაჯავშნო. ანგარიშსწორება შესაძლებელია ადგილზე, ნაღდი ფულით.
თან არ იქონიო ნივთები, რომლებიც დასველებისას დაზიანდება.