კურორტი გოდერძი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე მდებარე გოდერძის უღელტეხილზეა, ბათუმიდან 109 კმ-ში, ხოლო თბილისიდან ზარზმის გავლით - 252 კმ-ში. საინტერესო გამოცდილებაა თავად გოდერძიმდე მისვლაც. ნამქრის გამო, რომელიც ხშირად 6-7 მეტრს აღწევს, ზამთარში ზარზმის გზა იკეტება და მისი გავლა თოვლის სატკეპნი მანქანით არის შესაძლებელი.
გოდერძი ზღვის დონიდან 2025 მეტრზეა გაშლილი. მისი მაქსიმალური სიმაღლე 2350 მეტრს აღწევს. სხვა სამთო კურორტებთან შედარებით, ზღვასთანაც ახლოსაა და საუცხოო პეიზაჟები აქვს. აქ მზის ჩასვლის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა. მშვენიერი გაზაფხული, გრილი ზაფხული, ფერადი შემოდგომა და უხვთოვლიანი ზამთარი. სათხილამურო სეზონი აქ 1-ელი დეკემბრიდან 15 აპრილამდე გრძელდება.
გოდერძიზე ტრასების 2,5% დამწყებებისთვისაა, 71,5% - საშუალო დონის, 26% კი - საშუალოზე მაღალი დონის მოსრიალეთათვის. დამწყებები სრიალის სწავლას აქ 200-მეტრიან ტრასაზე შეძლებენ. გოდერძიზე სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეებსა და სოფლებშიც კი.
გამოცდილი მოთხილამურეები გოდერძიზე გაუკვალავ თოვლში სრიალსაც კი შეძლებენ. კურორტად ჩამოყალიბებამდე აქ მუდმივი მცხოვრებლები არ იყვნენ. გოდერძის მდელოებს - საძოვრებად, სახლებს კი საცხოვრებლად მხოლოდ ზაფხულობით იყენებდნენ. ამის გამო, ზამთარში სრიალი გაუკვალავი თოვლით სახურავებამდე დაფარულ სახლებს შორისაც შესაძლებელი იყო.
კურორტზე მცირე ზომის ორი საბაგირო ხაზია - 8-ადგილიანი გონდოლა და 6-ადგილიანი სავარძელი ბაბლით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთიანი აბონემენტების სისტემა მოქმედებს, რაც ერთი მრავალდღიანი ბილეთით მესტიის, გუდაურის, ბაკურიანისა თუ გოდერძის საბაგიროებით სარგებლობას გულისხმობს.
გოდერძი ოთხი სეზონის კურორტია. ექსტრემალური გართობისთვის აქ ბევრი თხილამურების გარეშეც ამოდის. პოპულარულ აქტივობებში შედის ლაშქრობა ალპურ თუ ტყიან ზონებში, როგორც ფეხით, ისე ველოსიპედებითა და ცხენებით.
გარდა ამისა, გოდერძიზე ძალიან ბევრი რამის ნახვას შეძლებ. მარტო გოდერძის ნამარხი ტყე რად ღირს - მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, ასევე მწვანე ტბა და ხიხანის ციხე. გოდერძისთან ახლოს, „შქერნალის“ ტერიტორიაზე ალპურ ბაღს გადააწყდები აბორიგენული მცენარეების მდიდარი კოლექციით.
გოდერძი საინტერესოა იმითაც, რომ აქ არც წყვილებსა და ახალგაზრდა ოჯახებს მოსწყინდებათ. ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, ეკოლოგიურად სუფთა უგემრიელესი აჭარული კერძები, ტრადიციული დღესასწაულები და საოცრად სტუმართმოყვარე ადგილობრივები აქაურობას მეტ ეგზოტიკას მატებენ.
გოდერძიზე ფუნქციონირებს სასტუმრო, კოტეჯები, სწრაფი კვების ობიექტები და რესტორანი. 3 კმ-ში კი სოფელი დანისპარაული გელოდება, სადაც საოჯახო სასტუმროები გიმასპინძლებენ.