KA

მუხური-ტობავარჩხილის ტბები-ხაიში

ტურისტული მარშრუტებით სავსე საქართველოში ტობავარჩხილის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ეს განუმეორებელი თავგადასავალი კი შენი მეხსიერებიდან არასოდეს გაქრება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ჩხოროწყუ

მარშრუტის სპეციფიკა

თავდაპირველად ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში ჩახვალ. აქ ღამეს საოჯახო სასტუმროში გაათევ და დილის საუზმით - მეგრული ხაჭაპურით, ქართული ჩაითა და მუხურის თაფლით ენერგიას შეივსებ.   

მარშრუტი ხობისწყლის ხეობაში იწყება, სადაც ერთმანეთის მიყოლებითაა მღვიმეც, ტყეც, მინერალური წყალიც, ალპური ტბებიც,  ჩანჩქერიც, მწვერვალებიცა და მყინვარიც. 

პირველ 22-კილომეტრიან მონაკვეთს მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანით 2 საათში დაფარავ.  ზღაპრული ხედების თვალიერებაში ვერც გაიგებ, ეს დრო ისე გაივლის. ავტომანქანებით ადგილობრივები მოგემსახურებიან. 

შემდეგ იწყება 12 კილომეტრიანი აღმართ-დაღმართები. აქ ბარგს ცხენს გაატან, რადგან ველური ყვავილებით მოფენილ მინდვრებზე გრძელი გზა გელოდება.  

ძალიან რომ დაიღლები, სწორედ მაშინ გამოჩნდება მწყემსების სახლი - კარე. ასე ეძახიან  აქაურები საზაფხულო ხის ქოხს. მწყემსებთან გასინჯავ ელარჯს, მთის რძეს, ყველსა და მაწონს. მერე კარავს გაშლი და მზის ამოსვლას დაელოდები. აქ ზღაპრული ღამეები იცის, ცას ვარსკვლავები თითქოს მუჭა-მუჭა მიაყარესო. 

დილით გზა აღმართებში გრძელდება - ციცაბოებზე ჩანჩქერები ცვივა, მერე ტაფობია. უკვე ტბაც ახლოსაა და 3016 მ სიმაღლის სამეგრელოს ყველაზე მაღალი მწვერვალიც ცაშკიბული მოჩანს. უღელტეხილის გადავლისას თოვლში სიარულიც მოგიწევს, სამაგიეროდ ღრუბლებს გაუტოლდები და სამყაროს გადმოხედავ. 

უღელტეხილის გადავლის შემდეგ თვალებს არ დაუჯერებ - ყველა ამბავი, რაც კი ტობავარჩხილის ტბაზე გსმენია, გაუფერულდება. კარავი ტბასთან დადგი და დატკბი ამ მოლურჯო-ვერცხლისფერი სიმშვიდის ყურებით. 

მუხური-ტობა-ხაიშის მარშრუტი, რომელიც ფეხით 75 კმ-ია და 5-6 დღე გრძელდება, სასურველია, ივლის-სექტემბერში დაგეგმო. სხვა პერიოდი მოგზაურობას ართულებს.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა