KA
2024-12-12T08:38:21.000000Z
პირველი ევროპული ცივილიზაცია

პირველი ევროპული ცივილიზაცია

საქართველოში დღემდე არაერთი არტეფაქტია აღმოჩენილი, რომლებმაც თავის დროზე სამყარო, მათ შორის, ევროპა შეცვალეს.
სარჩევი

დმანისელი ადამიანი - ყველაზე ძველი ევროპელი

1999 წელს საქართველო მსოფლიოს მეცნიერთა ეპიცენტრში მოხვდა - ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დმანისთან არქეოლოგებმა პრეისტორიული ჰომო ერექტუსის (გამართული ადამიანი) კვალს მიაგნეს. 

დმანისის აღმოჩენამ აჩვენა, რომ ეს ტერიტორია ადამიანებით ჯერ კიდევ 1 800 000 წლის წინათ ყოფილა დასახლებული. დმანისელი ადამიანი ევროპის კონტინენტის უძველეს მკვიდრად მიიჩნიეს და სამეცნიერო წრეებში „პირველ ევროპელად“ ცნეს.

დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე, მინიმუმ, 5 ინდივიდის ნაშთია აღმოჩენილი.  ამასთანავე, ეს არის ადრეული ჰომოს თავის ქალების ყველაზე სრულყოფილი კოლექცია. 

ამ ფაქტმა მეცნიერებს საშუალება მისცა, ჰომინიდების ევოლუციის ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი შეისწავლონ: დმანისელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი ჰომინიდია, ვინც 1,8 მილიონი წლის წინათ აფრიკიდან ევრაზიის ტერიტორიაზე შევიდა! ამით თავდაყირა დადგა მეცნიერებაში გაბატონებული მოსაზრება, რომ ადამიანებმა აფრიკის კონტინენტი პირველად 1 მილიონი წლის წინათ დატოვეს.  

მეფუტკრეობის უძველესი კერა

არქეოლოგებმა 2003 წელს საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომთან ახლოს, სოფელ საკირესთან ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც ძვ.წ. 35-ე საუკუნით თარიღდება. გათხრების დროს ნაპოვნ 2 კერამიკულ ჭურჭელში თაფლი იყო ჩასხმული. მეცნიერები ადასტურებენ, რომ ეს მოშინაურებული ფუტკრის თაფლია და 5500 წლის წინანდელია. ის დაახლოებით 20 საუკუნით ძველია, ვიდრე ეგვიპტეში, ტუტანხამონის სამარხში ნაპოვნი, რომელიც 3000 წლისაა და დღემდე უძველეს თაფლად მიიჩნეოდა.

უძველესი ძაფი მსოფლიოში

არქეოლოგებმა 2009 წელს დასავლეთ საქართველოში, ქ. ჭიათურასთან ახლოს, „ძუძუანას მღვიმეში“ 34 000 წლის ასაკის ძაფი აღმოაჩინეს, რომელიც სელისგან არის დამზადებული. სელის ბოჭკოს მიგნებამ მსოფლიო აალაპარაკა - ამით დასტურდება, რომ გამოქვაბულის ადამიანებს ტანსაცმელი ჰქონდათ! მღვიმეში აღმოჩენილია სადგისებიც. 

საქართველო - ღვინის სამშობლო

საქართველოშია აღმოჩენილი მსოფლიოში ღვინის უძველესი ნაკვალევი – 8 ათასი წლის წინათ ქართველები, ისევე როგორც დღეს, XXI საუკუნეში, ღვინოს ქვევრში აყენებდნენ. უამრავი წერილობითი წყარო, არქეოლოგიური მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ საქართველო არა მხოლოდ უწყვეტად აწარმოებდა ღვინოს 8000 წლის განმავლობაში, არამედ ღვინო ექსპორტზეც გაჰქონდა და ქართული ღვინოები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი. 

ოქროს წარმოება, მეტალურგია, სამჭედლო საქმე ჩვენს წელთაღრიცხვამდე

საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი საფეხური ოქროსა და ვერცხლის ნივთებს უკავშირდება.

საქართველოში აღმოჩენილია უძველესი ოქროს მაღარო, სადაც 5 400 წლის წინათ ოქროს მოიპოვებდნენ. 

ოქროსთან დაკავშირებით გაგახსენებთ საქვეყნოდ ცნობილ არგონავტების ამბავს ანტიკური ხანის ბერძნული მითოლოგიიდან - როგორ ჩავიდნენ ბერძნები მისტიკურ კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. 

კოლხეთის სამეფო, რომელიც ძვ. წ. VI-I საუკუნეებში არსებობდა, პირველ ქართულ სახელმწიფოდ მიიჩნევა და ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო.

სინამდვილეში ოქროს საწმისი, როგორც ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I საუკუნე) აღწერდა, იყო ტყავზე დაწერილი საიდუმლო ინფორმაცია კოლხური მეთოდით ოქროს მიღების შესახებ. კავკასიონის მთებიდან მდინარეების მიერ ჩამოტანილ ოქროს ადგილობრივები ცხვრის ბეწვიანი ტყავებით აგროვებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ოქროს მოპოვების ამ საიდუმლო მეთოდს სვანეთში დღესაც იყენებენ. 

საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ. IV ათასწლეულიდან  იწყება სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარება - მადნიდან ლითონის მიღება და მისგან ნაკეთობის დამზადება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ მეტალურგიის წარმოშობამ გამოიწვია უზარმაზარი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები კაცობრიობის განვითარების საწყის ეტაპზე - გაჩნდა მიწის დასამუშავებელი იარაღი.

ქართული ანბანი 

ქართველი ერის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული მონაპოვარი მისი მარტივი, ლამაზი და თვითკმარი დამწერლობაა. 

ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სრულყოფილი ანბანური სისტემაა. 

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ V საუკუნეში ქართველებს დამწერლობა უკვე ჰქონდათ - ქვემო ქართლში, ბოლნისის სიონის ტაძრის სააღმშენებლო წარწერას მეცნიერები 493-494 წლებით ათარიღებენ.

ნეკრესის ნაქალაქარში (კახეთში) აღმოჩენილი ქართული წარწერები კი წინაქრისტიანული ეპოქის ძეგლებად არის მიჩნეული (საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნეში გამოცხადდა). გათხრები გრძელდება, თუმცა მოპოვებული მასალების მიხედვითაც მეცნიერები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ნეკრესის წარწერები შესრულებული უნდა იყოს ძვ. წ. IV და ახ. წ. III საუკუნეებში. 

ზემოთ ჩამოთვლილი ეს უნიკალური ექსპონატები დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცულია, მათ შორის - დმანისელი ჰომინიდები, VI ათასწლეულით დათარიღებული ყურძნის წიპწები, ძვ.წ. XV და ახ.წ. III საუკუნეების ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, ბრინჯაოსა და რკინის ქანდაკებები, იარაღები, საყოფაცხოვრებო და საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ნივთები, ნეკრესის არქეოლოგიური მასალა და სხვ.

ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: დმანისში, მარნეულის ველზე, ანანურში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღნებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალში, ნოქალაქევში, საირხეში, შილდის მახლობლად და სხვ. 

თუმცა მუზეუმების კედლები ყველაფერს ვერ დაიტევს. საქართველოში, როგორც ევროპული ცივილიზაციის უძველეს ქვეყანაში, მოგზაურობისას კიდევ ბევრი შთამბეჭდავი აღმოჩენა გელის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა