თბილისიდან სამხრეთით მდებარე ისტორიულ მხარეს თავისი სტუმრებისთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი. ამ ტერიტორიაზე მრავალი საუკუნის წინათ, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მოგვიანებით ამ მხარემ მრავალი ქარტეხილი გაიარა — მტრების მუდმივი თავდასხმების გამო, XIII საუკუნეში მოსახლეობისგან თითქმის სულ დაიცალა, მოგვიანებით კი თემურლენგის ლაშქრობები და შავი ჭირის ეპიდემიაც გამოიარა.
დღეს ქვემო ქართლის მხარე ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს. მას სამხრეთიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები ესაზღვრება. რაც შეეხება მოსახლეობას, აქ, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გარდა, სომეხი, აზერბაიჯანელი, აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი ხალხი ცხოვრობს.
ქვემო ქართლი გამორჩეული ადგილია ღირსშესანიშნაობების სიმრავლის თვალსაზრისით. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი აქ დმანისის ნაქალაქარია - პირველი ევროპელების სამშობლო, სადაც 1,8 მილიონი წლის ადამიანის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რამაც გამოავლინა რომ დმანისი, აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოში უძველესი ადამიანის გავრცელების ადგილს წარმოადგენს.
ადრე პალეოლითით დათარიღებული ნამარხები საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლია და ის დღემდე მსოფლიო მეცნიერების კვლევის საგანია.
კიდევ ერთი ნაქალაქარი, თუმცა შედარებით გვიანდელი ეპოქის, სამშვილდის ციხე-ქალაქია, სადაც სამხედრო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია აღმოჩენილი.
მდინარე ალგეთის ხეობაში კი ბირთვისის ციხეს ნახავ, კლდოვან და წვეტიან მთაზე აგებულ საფორტიფიკაციო ნაგებობას, რომელიც ერთ დროს აუღებელ ციხესიმაგრედ მიიჩნეოდა. გარდა ამისა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშები — კლდეკარისა და ხულუტის ციხეები.
საინტერესოა ქვემო ქართლში გერმანული დასახლებების ისტორია. საქართველოში გერმანელთა ჩამოსვლა XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. უმეტესობა ქვემო ქართლში დასახლდა და რამდენიმე ათეული წელი აქ ცხოვრობდა. გერმანელთა უდიდესი დასახლება იყო კატერინენფელდი, დღევანდელი ბოლნისი. ქალაქში დღესაც დგას გოტიკური და ქართული არქიტექტურის შერწყმით აგებული უნიკალური სახლები.
ქვემო ქართლი მდიდარია ეკლესია-მონასტრებითაც. აქ სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბოლნისის სიონი, მეხუთე საუკუნით დათარიღებული ერთ-ერთი პირველი ბაზილიკა საქართველოში, სადაც უძველესი ქართული წარწერები და ბოლნური ჯვრის გამოსახულებაა შემონახული. აგრეთვე, გამორჩეული ღირსშესანიშნაობებია ფიტარეთის, გუდარეხის, მარტყოფის, წერაქვის მონასტრები, მანგლისის სიონი...
მან კი, ვისაც ისტორიისა და კულტურის გასაცნობად მუზეუმების სტუმრობა სურს, უნდა დაათვალიეროს რუსთავის, ბოლნისის, თეთრი წყაროსა და გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, დმანისის საველე-არქეოლოგიური მუზეუმი, მემორიალური მუზეუმები, მათ შორის, სოფელ ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის - XVII საუკუნის მწერლის, განმანათლებლისა და ერთ-ერთი პირველი ქართველი დიპლომატის სახლ-მუზეუმი...
ქვემო ქართლი ბუნების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და თუ ბუნებაში მოგზაურობა და დასვენება გიყვარს, მაშინ ალგეთის ეროვნულ პარკშია აუცილებლად უნდა ესტუმრო, სადაც ხანმოკლე ან მრავალდღიანი მარშრუტები შეგიძლია დაგეგმო. გირჩევ მოინახულო გარდაბნის აღკვეთილი, მრავალწყაროს ფერადი უდაბნო, სამშვილდის კანიონი.
გამორჩეული ბუნების ძეგლია დაშბაშის კანიონი, რომელიც მწვანეშია ჩაფლული და უამრავ მნახველს სილამაზითა და სიმყუდროვით იზიდავს.
ქვემო ქართლში მდებარეობს არჯევნისა და გომერის მთები, რომლებიც ოთხივე სეზონზე საოცარი სანახავია.
და ეს ყველაფერი არაა - წინ დიდი სანახაობა გელის, ქვემო ქართლი ფერად ჩანჩქერებს, თვალწარმტაც კანიონებს, ალპურ მდელოებსა და ფერად-ფერად უდაბნოებსაც დაგახვედრებს.
ამ მხარეში ბევრი ულამაზესი ტბაა - ალგეთის, ჯანდარის, პანტიანის, კუმისის, თამარისის, ბარეთის და სხვა. თუ თევზაობა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება გიყვარს, ქვემო ქართლი შენს ტურისტულ რუკაზე აღმოჩენების მარშრუტად იქცევა.