KA
საქართველოს გეოგრაფია

საქართველოს გეოგრაფია

საქართველო პატარა, ლამაზი ქვეყანაა, მრავალფეროვანი ბუნებითა და რბილი კლიმატით, რასაც საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ოროგრაფიული საზღვრები იცავს – ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის ქედი თავისი მყინვარებით.
სარჩევი

სამხრეთით მცირე კავკასიონი, ხოლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან  ჰიდროგრაფიული საზღვრები აქვს - აღმოსავლეთიდან მდინარე ალაზანი და დასავლეთიდან შავი ზღვის სანაპირო, საიდანაც საქართველო მთელ სამყაროს უკავშირდება. საქართველო სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, ქვეყანაში უმეტესად თბილი ამინდია და ამის გათვალისწინებით საუკეთესო ადგილია დასასვენებლად და სამოგზაუროდ. 

ქვეყნის ლანდშაფტი იმდენად ცვალებადია, რომ ყოველ მონაკვეთზე განსხვავებული კლიმატური პირობები დაგხვდება - ზაფხულის ერთ დღეს შეგიძლია, შავ ზღვაზე გაირუჯო და შემდეგ იქიდან რამდენიმე საათში მანქანით სვანეთის მყინვარებთან ახვიდე.

საქართველოს საზღვრები

საქართველოს ოთხ ქვეყანასთან აქვს სახმელეთო საზღვარი: ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთით – სომხეთსა და თურქეთთან, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანთან. 

დასავლეთიდან კი შავი ზღვა ესაზღვრება, საიდანაც შავიზღვისპირეთის ქვეყნებს უკავშირდება;  ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით - ატლანტის ოკეანეს და მთელ მსოფლიოს.

საქართველოს გეოგრაფიული ცენტრია ხარაგაულის რაიონში, ტყეებით დაფარულ უზარმაზარ მთებში ჩაფლული სოფელი ხევი.

საქართველოს მთები

საქართველოს ტერიტორიის ორი მესამედი მთებით არის დაფარული. დიდი კავკასიონის უმაღლესი მწვერვალებია: შხარა (5203 მ) -  ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში, ყაზბეგი (5054 მ), ჯანღა (5078 მ), თეთნულდი (4852 მ) და უშბა (4700 მ). სამხრეთით მდებარე მცირე კავკასიონის ქედი უფრო დაბალია და აქ ყველაზე მაღალი ადგილი დიდი აბულის მწვერვალია – 3301 მ ზღვის დონიდან.

სხვადასხვა სირთულის ეს მწვერვალები საინტერესოა როგორც ალპინისტებისთვის, მეკლდეურებისა და მთამსვლელებისთვის, ისე მოყვარული მოლაშქრეებისთვის.

საქართველოს კლიმატი

საქართველოში სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი გვხვდება - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი კონტინენტური. ამას განაპირობებს საქართველოს მდებარეობა სუბტროპიკული და ზომიერი კლიმატური სარტყლების მიჯნაზე, ასევე ბუნებრივი ბარიერები, რომლებსაც კავკასიონის ქედები და შავი ზღვა ქმნის.

საქართველოში მოგზაურობისას საინტერესოა ის, რომ დასავლეთ საქართველოს ბარის კლიმატი მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარისაგან, დიდი კავკასიონის მთიანეთის ბუნებრივი პირობები კი - საქართველოს სამხრეთ მთიანეთისგან. ეს კი, ქვეყნის ფართობის გათვალისწინებით, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შესაძლებელია, რამდენიმე საათში სრულიად განსხვავებულ კლიმატურ პირობებში იმოგზაურო. 

საქართველოს ფართობი 

საქართველოს ტერიტორიის ფართობი ამჟამად 69,700 კვ.კმ-ია. ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი აფხაზეთში, მდინარე ფსოუს ნაპირზე, სოფელ აიბგასთანაა, სამხრეთით - მთა ოკუზდაღთან (სომხეთის საზღვართან), დასავლეთით - დაბა ლესელიძესთან (მდინარე ფსოუს შესართავი) და აღმოსავლეთით - მდინარეების აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილზე.

საქართველოს წყლის რესურსი

საქართველო ევროპაში ერთ-ერთი წყალუხვი ქვეყანაა, ერთ მოსახლეზე განახლებადი წყლის რესურსების ჯამით. 

ქვეყნის ტერიტორიაზე 860-ამდე მტკნარი ტბა, 26 000-ზე მეტი მდინარე და 43 ხელოვნური წყალსაცავია. ისინი საინტერესოა სხვადასხვა ტურისტული აქტივობისთვის. 

ხელოვნური წყალსაცავებიდან „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი გამოირჩევა, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჰიდრონაგებობა იყო. 

საქართველოს მდინარეები

ამ პატარა ქვეყანაში იმდენი მდინარეა, რომ მათი სიგრძე, ჯამში, დედამიწის გარშემოწერილობას აღემატება - საქართველოს მდინარეების საერთო სიგრძე 60 ათასი კილომეტრია (ეკვატორის სიგრძე - 40 075 კმ). 

დასავლეთ საქართველოს მდინარეები (ქვეყნის მდინარეების 75%-ზე მეტი) შავ ზღვაში ჩადის;

აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები კი, თითქმის ყველა, მტკვარს უერთდება, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით კასპიის ზღვაში ჩაედინება. მტკვარი (1384 კმ ) სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი მდინარეა. ის თურქეთის მთებში იღებს სათავეს. მისი სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 383 კმ-ია.

საქართველოს ყველაზე გრძელი მდინარე ალაზანია (406 კმ), შემდეგი ადგილი იორსა (343 კმ) და რიონს (327 კმ) უკავია.

გაზაფხულზე მდინარეთა უმეტესობა თოვლის ნადნობი წყლებით საზრდოობს, ზაფხულსა და ზამთარში კი - მიწისქვეშა წყლებით. 

საქართველოს მდინარეების უმეტესობა სათავეს მთებში იღებს და შემდეგ ვიწრო ხეობებში სწრაფად მიედინება. ეს კი საუკეთესო პირობებს ქმნის ჯომარდობისა და კაიაკინგისთვის. სპორტის ამ სახეობებისთვის ყველაზე პოპულარული მტკვარი და არაგვია.

საქართველოს ტბები და ჩანჩქერები

საქართველო მდიდარია ტბებითა და ჩანჩქერებით, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ მაგნიტივით იზიდავს ბუნებაში ლაშქრობის, თევზაობის, კანიონინგის მოყვარულებს. ტბების მიმდებარედ შესაძლებელია დაგეგმო საფეხმავლო, საავტომობილო, ველო- და საცხენოსნო ტურები.

ტბების უმეტესობა მცირე კავკასიონის ფერდობებზე, სამცხე-ჯავახეთშია თავმოყრილი. 

მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის მხარეშია სარკის ფართობით ყველაზე დიდი და თევზით მდიდარი ფარავნის ტბა (37,5 კმ², ზღვის დონიდან 2073 მ) და კარწახის ტბა (26,3 კმ², ზღვის დონიდან  1799 მ). 

დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე კი შეგიძლია ნავებით ან კატერით გაისეირნო პალიასტომის ტბაზე, რომელიც საქართველოს ტბებს შორის ზედაპირის ფართობით სიდიდით მესამეა (18,2 კმ², ზღვის დონიდან 0.3 მ დაბლა).  

ფრინველების სამიგრაციო გზები 

საქართველო საერთაშორისო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული არეალია გადამფრენი ფრინველებისთვისაც. 

მაგალითად, აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აგვისტოდან ოქტომბრამდე მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი აღირიცხება. აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი - ე.წ. „ბათუმის სამიგრაციო ძაბრი“, გიბრალტართან, მესინა-სიცილიასთან და ბოსფორთან ერთად, ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად მოიხსენიება. 

ფრინველების დასვენებისთვის და, შესაბამისად, მათზე დაკვირვებისთვის საუკეთესო ადგილებია სტეფანწმინდა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, მდინარეების - ალაზნისა და ივრის ქვემო წელი და ჯავახეთის ზეგანი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა