KA
2024-12-13T17:56:16.000000Z
საქართველოს მთავარი ქალაქები

საქართველოს მთავარი ქალაქები

შეგიძლია წარმოიდგინო პატარა ქვეყანა, რომელიც ადამიანის ცხოვრების 1 800 000-წლიან ისტორიას ითვლის და, მიუხედავად მუდმივი ბრძოლებისა, მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების ყველა ეტაპზე საკუთარ ფუნქციას ინარჩუნებს?
სარჩევი

ქვეყანა, რომელიც დღემდე აღმოსავლეთისა და დასავლეთის კარიბჭედაა მიჩნეული? რომელიც ხორბლისა და ღვინის სამშობლოდ ითვლება? რომლის ფოლკლორმა კოსმოსს მიაღწია, მისი ლეგენდები კი საფუძვლად დაედო ბერძნულ მითოლოგიას? ეს საქართველოა - ქვეყანა, რომელსაც ერთხელ ნახავ და ვეღარასდროს დაივიწყებ.

თბილისი

ალექსანდრე დიუმა ამბობდა, თბილისი ლეგენდებისა და რომანტიკის ქალაქიაო. თბილისის დაარსების ლეგენდა მოგიყვება, V საუკუნეში როგორ დაედევნა დაჭრილ ხოხობს სანადიროდ გამოსული მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო, როგორ იპოვეს დახოცილი ფრინველები გოგირდის ცხელ წყალში და როგორ ბრძანა მეფემ ამ ადგილზე ქალაქის, სახელად თბილისის, დაარსება. ეს თბილისის ქალაქად ქცევის ამბავია, თორემ ადამიანის ცხოვრება აქ სათავეს ძვ.წ. IV-III ათასწლეულიდან იღებს. 

გოგირდის ის ცხელი წყლები ახლა თბილისის განთქმულ გოგირდის აბანოებშია მოქცეული და ქალაქის უძველეს, აბანოთუბანს და ორთაჭალას, თუნდაც მათ მოსანახულებლად უნდა ეწვიო. ჭრელი აბანოები თბილისური ეგზოტიკის შეგრძნების საუცხოო შესაძლებლობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ გასაოცარ ეფექტზე, რომელსაც ის შენს ჯანმრთელობაზე მოახდენს. 

ძველი თბილისი ბევრი თვალსაზრისით გამორჩეული უბანია. აქ ერთ ქუჩაზე ნახავ რამდენიმე კონფესიის სალოცავს - მართლმადიდებლურ ტაძარს, მეჩეთსა და სინაგოგას. ეს თბილისის მრავალეთნიკური ისტორიის სურათია - იმ ადამიანური სიყვარულის, რომელსაც ქართველები სხვა ერების მიმართ იჩენდნენ და იჩენენ. თბილისის ძველ უბნებში ასეთი თანაცხოვრების კიდევ არაერთ მაგალითს წააწყდები. 

ევროპის ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავ ქართული, რომაული, არაბული, სპარსული, თურქული, ებრაული და სხვა არქიტექტურის ისეთ ბუნებრივ შერწყმას, როგორსაც თბილისში. ეს სურათი სრული სისავსით რომ აღიქვა, ქალაქს ნარიყალას ან მეტეხის სიმაღლიდან უნდა გადმოხედო. მდინარე მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ამ არქიტექტურულ ჰარმონიაში უამრავ ისტორიულ ძეგლსა და თანამედროვე შენობას აღმოაჩენ - ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების ტაძრებს, მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ ციხესიმაგრეებს, მოჩუქურთმებულ, ვიტრაჟულ თბილისურ ეზოებს და ა.შ.  

უფრო თანამედროვე თბილისი რუსთაველის გამზირიდან იწყება, სადაც XIX-XX საუკუნეების დახვეწილ, ევროპულ არქიტექტურას ნახავ. აქვეა მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები თუ უმაღლესი დონის სასტუმროები თავისი რესტორნებითა და კაფე-ბარებით, სადაც ქართული გასტრონომიის შედევრებს უნიკალურ ქართულ ღვინოებთან ერთად დააგემოვნებ. ქართული სამზარეულოსთვის გემოს გასინჯვას ქალაქის, ფაქტობრივად, ყველა უბანში შეძლებ, თუმცა თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ რომელიმე ქართველის ოჯახში გაშლილ სუფრასაც აუცილებლად მიუჯდები და, ქართული კერძების გარდა, თამადის ქართულ ინსტიტუტსაც გაუგებ გემოს.    

თბილისში მოგზაურობისას არ დაგავიწყდეს მტკვარზე ტივით გასეირნება, ბოტანიკური ბაღისა და ლეღვთახევის ჩანჩქერების, კუსა და ლისის ტბების მონახულება და, რაც მთავარია, ფუნიკულიორზე ასვლა - არა მხოლოდ ატრაქციონებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მისი სიმაღლიდან თბილისი ხელისგულზე გადაშლილს ჰგავს.     

ბათუმი

ბათუმს ამერიკის სტუმარმასპინძლობის მეცნიერების აკადემიისგან წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილის წოდებაც აქვს მიღებული და Forbes-ისგან - ადგილი „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელი ქალაქების საუკეთესო ხუთეულში. მისი, როგორც დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქის, ჯილდოები წლიდან წლამდე იმატებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბათუმში მხოლოდ ზღვის სეზონზე უნდა ჩახვიდე. 

ეს არის ქალაქი, რომელსაც დასასვენებლადაც შეგიძლია ესტუმრო და საქმიანადაც - ბათუმის მაღალი კლასის სასტუმროები, საკონფერენციო დარბაზები და ევროპული სტანდარტების მომსახურება აქ ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიების გამართვის შესაძლებლობას იძლევა. ბათუმი ყველა სეზონზე ლამაზია - მის მოკირწყლულ ქუჩებს წვიმის შხაპუნიც უხდება და გაშლილი ქოლგების ფერადოვნებაც, მაგნოლიების მათრობელა სურნელიც და ქვიშაზე მოდუღებული განთქმული ბათუმური ყავის ოხშივარიც.      

ბათუმი საუკეთესო ადგილია პაემნებისთვის. სად უნდა შეხვდეთ? მაგალითად, „ალისა და ნინოს“ ქანდაკებასთან - მარადიული სიყვარულის გამომსახველ საოცარ სკულპტურასთან. თუ შეხვედრა თავგადასავლად გინდა აქციო, ის „სალამურიან ბიჭუნასთან“ დანიშნე. ძველ ბათუმში, პიაცასთან, ისტორიული შენობის აგურის ნიშაში მოკალათებული ამ ქანდაკების პოვნა ნამდვილად არცერთს არ დაგავიწყდებათ.  

 ბათუმში გასართობსა და სანახავს რა გამოლევს? შავი ზღვის ეს მარგალიტი თავისი უძველესი პორტით, ძველი თუ ახალი არქიტექტურით, ევროპული მოედნებითა და მყუდრო ბათუმური ეზოებით, მუზეუმებითა და თეატრებით, ფესტივალებითა და კონცერტებით, სამზარეულოთი, რომლის ნიმუში - ნავის ფორმის ხაჭაპური უკვე ლამის მთელმა მსოფლიომ იცის, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია.  

ქუთაისი

გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომლის შესახებაც ძველი ბერძნები ეპოსებს თხზავდნენ. ანტიკური ხანის ქალაქი აია, რომელსაც უკავშირდება ბერძნული მითოსი არგონავტების შესახებ და კოლხი მედეა, ვისი სახელისგანაც წარმოიშვა სიტყვა „მედიცინა“ - ეს ქუთაისია, ქალაქი, საიდანაც X საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოს გაერთიანება დაიწყო და სადაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეფე დავით აღმაშენებელი დაიბადა.

ქუთაისში ჩასვლისთანავე შენიშნავ გორაზე მდგარ დიდებულ ბაგრატის ტაძარს, რომელიც საქართველოს ოქროს ხანის სიმბოლოა; ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრშია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე გელათის სამონასტრო კომპლექსი, თავისი უნიკალური აკადემიით; ქუთაისთანაა პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები, რომელთა სტალაქტიტები და სტალაგმიტები, მიწაზე აღბეჭდილი დინოზავრის ნაკვალევი სამყაროს ასაკის ისტორიას მოგითხრობს. 

საქართველოს ისტორიას ქუთაისის ტაძრების ფრესკები და მოზაიკები მოგიყვება, ქალაქის განსაკუთრებულობის შესახებ კი მისი მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები, ისტორიული ბულვარი და შენობები გიამბობს, რადგან ესაა ქალაქი, რომელმაც უდიდესი ქართველი მწერლები, პოეტები, მეცნიერები, მსახიობები დაბადა. ამასთანავე, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი კოლორიტული ქალაქი კათოლიკური თუ ებრაული უბნებით, თეთრი ქვებითა და მასზე გადებული ისტორიული ხიდებით. 

ქუთაისში ქუჩაშიც კი მოისმენ უტკბილეს ქალაქურ სიმღერებს, აქ გულღია მასპინძელი სახელდახელოდ დაგიცხობს სასწაულ იმერული ხაჭაპურს, ვარიას ისრიმ-მაყვალში ჩაგიწყობს და მსუბუქი ღვინის თანხლებით, ცნობილი ქუთაისური იუმორით მოგიყვება ამბებს, რომლებიც მერეც კი, სახლში დაბრუნებულს, გულიან ღიმილს მოგგვრის.      

ყაზბეგი/სტეფანწმინდა

მკაცრი მთის ბუნების სილამაზისა და შუა საუკუნეების კულტურის ჰარმონიული შერწყმა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც ყაზბეგს საქართველოს სხვა ქალაქებისგან განასხვავებს. გრანდიოზული მთები, ჩანჩქერები, ტბები, ხეობები, მთის წვერზე აგებული შუა საუკუნეების ტაძრები, ფერდობებზე შეფენილი ნასოფლარები, ციხე-კოშკები და საოცარი ხედები, რომლებიც ყველა კუთხიდან იშლება, ანდამატივით იზიდავს ტურისტებს.

წარმართული და ქრისტიანული ნაზავის დღესასწაული, სტუმარმასპინძლობის განსაკუთრებული ტრადიცია და ეგზოტიკური სამზარეულო ერთნაირად საინტერესოა როგორც ლაშქრობებისა და მთაში დასვენების მოყვარულებისთვის, ისე ნებისმიერი ტურისტისთვის. ცალკე სამყაროა ყაზბეგი საფეხმავლო ტურებისა და ზამთრის აქტივობების მოყვარულებისთვის - აქ ალპინიზმის, თხილმარისა და ბევრი სხვა სახის ტურის მოწყობაა შესაძლებელი. 

მაღალი კლასის სასტუმროში დაბინავებულმა შეგიძლია უცქირო გერგეტის სამებისა და მყინვარწვერის გასაოცარ ხედებს ან მცირე საოჯახო სასტუმროში მოწყობილმა იგრძნო მოხევეების ცხოვრების, ერთი შეხედვით, ასკეტური, თუმცა სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ცხოვრების ხიბლი.      

მესტია  

რატომ უნდა ეწვიო მესტიას? ეს კითხვა მაშინვე გაგიქარწყლდება, როგორც კი საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალების - პირქუში შხარისა და ქათქათა თეთნულდის ძირში აღმოჩნდები.  

აქ არის ულამაზესი ტბები, ჩანჩქერები, მყინვარები და ორი უნიკალური ადგილი - კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი, სადაც შესაძლებელია: სათხილამურო ტრასებსა თუ გაუკვალავ თოვლში სრიალი, ჰელისკი, სკიტური, საცხენოსნო ტურის მოწყობა, საფეხმავლო ტურის დაგეგმვა და კიდევ არაერთი აქტივობა, როგორც ზამთრის ისე ზაფხულის დასვენებისთვის.

მესტიაში დაგხვდება გასაოცარი არქიტექტურის შუა საუკუნეების კოშკები, საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. აქ მოისმენ დაუვიწყარ სვანური „ლილეს“ და დააგემოვნებ ეგზოტიკურ სვანურ კერძებს, გაიცნობ საოცარ ხალხს - ირგვლივ აზიდული მთებივით მკაცრსა და ამავე დროს სიყვარულით სავსე გულის მატარებელს. 

ეს არის ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო.   

თელავი

საქართველოდან ისე არ უნდა წახვიდე, კახეთის მთავარ ქალაქს - თელავს არ ესტუმრო. თელავში მოგზაურობის თავგადასავალი გომბორის ულამაზესი გზით იწყება, რომლის ნახვაც წელიწადის ნებისმიერ დროს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებს. თავად ქალაქი მოგხიბლავს საოცარი არქიტექტურით, ლამაზი ქუჩებით, უძველესი ისტორიული ძეგლებით და, რაც მთავარია, გამორჩეული კახური ღვინის მრავალფეროვნებითა და პურმარილით.

თუ გინდა, ამ ქალაქის ისტორია გაიგო, ქალაქის ცენტრში, უშველებელ ციხე-გალავანში მოქცეულ მეფე ერეკლე II-ის მუზეუმს უნდა ესტუმრო. აქ გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული ყველა ეპოქის ექსპონატს შეხვდები. აუცილებლად ნახე თელავის მთავარი სიმბოლო - 900-წლიანი ჭადარი და დალიე „ბატონის წყაროს“ ანკარა წყალი, დატკბი ქალაქის ცენტრში მდებარე თეატრის შენობით, რომელშიც უძველესი ციხე-კოშკია მოქცეულია.

აუცილებლად უნდა ახვიდე ნადიკვარზე, ქალაქის მთავარ პარკში და გადახედო კავკასიონის ფეხქვეშ გადაშლილ ალაზნის ველს. კახელების ხასიათის მთელი სიგრძე და სიგანე ამ სურათშია.

და მაინც, რატომ საქართველო?

იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში თითქოს მთელი სამყაროა მოქცეული - ძველი და ახალი, პირქუში და მხიარული. ყველა კუთხეს, ყველა ქალაქს თავისი განსაკუთრებული ხიბლი და ხასიათი აქვს. მერე ეს ხასიათი ერთ ეროვნულ ხასიათში იყრის თავს და ასე იქმნება ქართველი, ასე იქმნება საქართველო - ქვეყანა, სადაც სტუმარი ღვთისაა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა