KA
2024-12-14T16:09:10.000000Z
უნიკალური ადგილები საქართველოში არქეოლოგიის და ისტორიის მოყვარულებისთვის

უნიკალური ადგილები საქართველოში არქეოლოგიის და ისტორიის მოყვარულებისთვის

საქართველო მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით, მათ ჩამოთვლაში წიგნებიც კი დაიწერება, თუმცა რამდენიმე გამორჩეულ ადგილზე აუცილებლად უნდა იცოდე, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობისაა და არქეოლოგიისა და ისტორიის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებს.
სარჩევი

დმანისი - პირველი ევროპელების, მზიასა და ზეზვას საცხოვრებელი

საქართველოში ძველი ხის ხანის (პალეოლითური) 500-ზე მეტი სადგომია აღმოჩენილი, რომელთაგან რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის ეტალონური ძეგლია.

მათ შორის ერთ-ერთია დმანისის სადგომი. ეს ტერიტორია, რომელიც დღევანდელ ქვემო ქართლშია, 1,8 მლნ წლისაა და ევრაზიაში უძველესია.

დმანისის სადგომში ერთ ლოკალურ ადგილზე აღმოჩენილია ჰომო ერექტუსების ყველაზე მდიდარი ანთროპოლოგიური კოლექცია (5 თავის ქალა, ქვედა ყბა, რამდენიმე ინდივიდის სხეულის სხვადასხვა ნაშთი). დმანისელი ჰომო ერექტუსები აქ აფრიკიდან მოხვდნენ ადამიანთა პირველი მიგრაციის შედეგად. ამიტომ შეარქვეს დმანისელ ადამიანებს „პირველი ევროპელები“.

დმანისი

ფრანგმა მოქანდაკემ ელისაბედ დენიმ დმანისის თავის ქალების მხატვრული რეკონსტრუქცია გააკეთა, მათ ძველი ქართული სახელები – ზეზვა (კაცი) და მზია (ქალი) უწოდეს. თუ გაინტერესებს, როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები, მათ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, თბილისში ნახავ. დმანისის აღმოჩენას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ევოლუციისა და დედამიწაზე მათი განსახლების საკითხის საკვლევად.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში ასევე წარმოდგენილია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და შუა საუკუნეების ნაქალაქარი, სადაც მოკირწყლული ქუჩები, მდინარეზე გადასასვლელი გვირაბი, ჭიშკარი, სახელოსნოები, ბეღელი, მარნები, აბანოები და საცხოვრებლები იყრიდა თავს. აქ გადიოდა წინა აზიისკენ მიმავალი საქარავნო გზა და ცხოვრება დუღდა. XIV საუკუნის ბოლოდან ქალაქს სხვადასხვა დამპყრობელი უტევდა, არბევდა და საბოლოოდ, XVIII საუკუნეში, დმანისი ნაქალაქარად იქცა.  

გრაკლიანის გორა

გრაკლიანის გორა შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის სრულიად განსაკუთრებული არქეოლოგიური ძეგლია. 

გრაკლიანის ნამოსახლარზე მოპოვებული მასალაც თანმიმდევრულად ასახავს საზოგადოების განვითარების 11 სხვადასხვა ეტაპს - ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე! გრაკლიანის ნაშთიდან უძველესი კი დმანისის დროინდელი, ანუ დაახლოებით 1,8 მლნ წლის წინანდელი, პრიმიტიული იარაღია. 

ამ ადგილის ისტორიულ ღირებულებას ერთიორად ზრდის გრაკლიანის წარწერა - აქ აღმოჩენილ ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარზე გამოვლინდა უცნობი დამწერლობის ნიმუში, რომელიც ცხადყოფს საქართველოში დამწერლობის გამოყენების უძველეს, 2700-წლიან პრაქტიკას.

გრაკლიანის გორა სტრატეგიულად ისეთ ადგილასაა, რომ, მეცნიერთა ვარაუდით,  საქარავნო გზის მთავარი არტერია უნდა ყოფილიყო. 

ამ ტერიტორიაზე ნაპოვნია ასობით სამარხი და ნასახლარი, საცხოვრებელი კომპლექსი, საკულტო ნაგებობები, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო იარაღი, სამკაულები. ასევე აქ აღმოჩენილია ექვსი უნიკალური საწონი - ეს ვაჭრობის მთავარი „იარაღია“ და შემუშავებული ჰქონიათ წონის ლოკალური ერთეული – 363 გრამი.

გრაკლიანზე ადამიანის აქტიურობის კვალი ძვ.წ. II-I საუკუნეებში სრულდება.

მანამდე კი აქ ცხოვრობდა კულტურულად განვითარებული საზოგადოება, რომელსაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.

ძუძუანას მღვიმე - უძველესი სელის ძაფი

კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა ძუძუანას მღვიმეში გაკეთდა, რომელიც იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მღვიმეში, რომელიც პალეოლითელი ადამიანის სადგომი იყო, ნაპოვნია მსოფლიოში ყველაზე ძველი, დამუშავებული სელის ძაფი. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ 34 000 წლის წინათ სელისგან ძაფსა და თოკს გრეხდნენ. გარდა ამისა, მღვიმეში აღმოაჩინეს კაჟისა და ობსიდიანის იარაღი, ცხოველების ძვლები, პირველყოფილი ძაღლისა და ცხენის ნაშთი.

ისტორიული მნიშვნელობის გარდა, მღვიმე სილამაზითაც გამორჩეულია. აქ გაედინება ნაკადული და გვხვდება ნაღვენთი ფორმები, რომლებიც შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.

არახლოსა და შულავრის გორები - საქართველოში ენეოლითის პერიოდში თესავდნენ ხორბალს და აშენებდნენ ვაზს!

ქვემო ქართლში არახლოსა და შულავრის გორებზე უძველესი არტეფაქტებია აღმოჩენილი.

არახლოს გორა ძვ.წ. VI-V ათასწლეულებით დათარიღებული მრავალფენიანი ნამოსახლარია ქვემო ბოლნისის მუნიციპალიტეტში. აქ აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო იარაღები მოწმობს, რომ ამ ტერიტორიაზე მაღალ დონეზე იყო განვითარებული მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ენეოლითის პერიოდში საქართველოში უკვე ითესებოდა ხორბალი, ქერი, გაშენებული იყო ხეხილი და ვაზი.

შულავრის გორაზე აღმოჩენილია ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკად 8200 წელია დადგენილი და მსოფლიო მეცნიერების მიერ აღიარებულია, რომ ეს არის მსოფლიოში უძველესი კულტურული ვაზი.  

ეს არის არქეოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო კულტურული ვაზის სამშობლოა - ველური ვაზის გაკულტურულება და შემდგომში კულტურული ვაზისგან ღვინის დაყენება ადამიანმა პირველად საქართველოში დაიწყო.

სათაფლია - დინოზავრების 120 მლნ წლის წინანდელი ნაკვალევი

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში, რომელიც იმერეთში, ქალაქ ქუთაისის მახლობლად, სათაფლიის მთაზე მდებარეობს, აღმოჩენილია 120 მლნ წლის წინათ გადაშენებული დინოზავრების 200-ამდე გაქვავებული ნაკვალევი. ამასთანავე, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც გვხვდება სხვადასხვა სახეობის - როგორც ბალახისმჭამელი, ისე მტაცებელი დინოზავრების გვერდიგვერდ არსებობის კვალი.

ნაკრძალში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, სადაც დაათვალიერებ უნიკალურ კოლხურ ტყეს, მუშაობს ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, გაკეთებულია შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის ულამაზესი ხედი იშლება და დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობა. 

პრომეთეს მღვიმე - ზღაპრული მიწისქვეშა სამყარო

პრომეთეს მღვიმე

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს სანახაობა არასდროს დაგავიწყდება. პრომეთეს მღვიმე იმერეთში, ქუთაისიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მღვიმეში გაივლი 1420 მ ბილიკს და დაათვალიერებ გაქვავებულ ჩანჩქერებს, ყინულის ფარდებს, ჰელიქტიტებს, კალციტის ნაღვენთებსა და ბუნების სხვა საოცრებებს. 

სურვილის შემთხვევაში შეგიძლია, მარშრუტის ნაწილი ნავით გაიარო. უბრალოდ, გაითვალისწინე - მღვიმის მუდმივი ტემპერატურა 14 გრადუსია.

სამშვილდე - კულტურული უწყვეტობა ენეოლითიდან შუა საუკუნეებამდე

სამშვილდე მტკვარ-არაქსის კულტურის ნამოსახლარია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული პერიოდის ძეგლი არაა. აქ ძვ. წ. IV ათასწლეულიდან გვიან შუა საუკუნეებამდე ყველა ეპოქა იყრის თავს. 

ძეგლი თანამედროვე სოფელ სამშვილდის აღმოსავლეთით, 1.5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. არქეოლოგიურმა გათხრებმა აქ 22 ძეგლი გამოავლინა - როგორც საცხოვრებლები, ისე დასაკრძალი ფუნქციის შენობები.  

სამშვილდეში აღმოჩენილია კერამიკული ნაწარმი და იარაღები, წრიული დაგეგმარების საკულტო ნაგებობები, საოჯახო, კოლექტიური სამარხები. საინტერესოა, რომ, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ფეოდალურ ხანაში სამშვილდე ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი ცენტრი იყო და აქ თიხისა და მინის ჭურჭლისა და სამკაულის სახელოსნოები არსებობდა.

ნოქალაქევი - „ოქროს საწმისის“ ადგილი

სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ნოქალაქევი - იგივე ციხეგოჯი ან არქეოპოლისი, რომელიც ანტიკური და ადრე ქრისტიანული ხანის კოლხეთის პოლიტიკური ცენტრი იყო. ამ ადგილას ცხოვრების კვალი ძვ.წ. IV-III საუკუნეებიდან იწყება და ახ.წ. IV-V საუკუნეებამდე გრძელდება.

აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ნოქალაქევში ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს. ნოქალაქევში აღმოჩენილია ძვ. წ. III-I საუკუნეების ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინის მძივები, ბეჭდები, საყურეები, ამფორები. 

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, ეს მითური ქალაქის, აიას ტერიტორიაა, რომელიც იაზონის, მედეასა და ოქროს საწმისის მითს უკავშირდება. ასე რომ, თუ მითურ ეპოქაში მოგზაურობას მოინდომებ, საქართველოში იცი, საით უნდა გაეშურო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა