სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარე ამ ქალაქის შექმნასა და განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა XIX-XX საუკუნეების გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ, პირველმა ქართველმა, რომელმაც დოქტორის ხარისხი ევროპულ უნივერსიტეტში მიიღო. ნიკოლაძემ ფოთი გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის დახმარებით პარიზის ბულვარის მიხედვით დააპროექტა - კოპწია სახლებით, დიდი მწვანე ეზოებითა და საოცარი სიმეტრიით.
ზღვაზე დასვენების მოყვარულებისთვის ფოთი, სადაც ზღვის სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. აქ რამდენიმე პლაჟია. მათ შორის ყველაზე პოპულარულია მალთაყვა. ამ პლაჟის უპირატესობა კი ისაა, რომ წყალი ღრმა არ არის და კარგად თბება, რაც განსაკუთრებით ბავშვიან ოჯახებს იზიდავს. მალთაყვის პლაჟზე უფროსებიც არ მოიწყენენ - აქ წყლის თხილამურებისა და კატამარანის დაქირავება და „ბანანით“ გასეირნება შეიძლება.
ფოთი გურმანებსაც გაგახარებთ - ტურისტებს განსაკუთრებით მეგრული „ჩაშუშული“ (ხბოს ხორცი პომიდვრით), კუპატი და ელარჯი მოსწონთ.
ფოთის ქუჩებში სეირნობისას პატარა პარკს შენიშნავ, რომლის ცენტრშიც 1907 წელს აგებული მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი დგას. ბიზანტიური სტილის ტაძარს, რომელიც აია სოფიას შემცირებული მასშტაბის ასლია, საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
ამავე პარკში ალექსანდრე დიუმას (მამა) ქანდაკებასაც შეხვდები. სახელგანთქმული ფრანგი მწერალი ფოთს კავკასიაში მოგზაურობის დროს ესტუმრა და მისთვის საპორტო ქალაქის სტატუსის მინიჭების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ფოთის შუქურა, რომელიც ბრიტანული კომპანია „Easton Amos and sons“-ის ინჟინრებმა ლონდონში დაამზადეს. შუქურა ფოთში 1864 წელს აანთეს და მას მერე აღარ ჩამქრალა. ამბობენ, რომ მეთვალყურის წყალობით ის მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების წყალქვეშა ნავიდან დამიზნებულ ტყვიებსაც გადაურჩა.
ფოთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს საქართველოს სიდიდით მესამე ტბა - პალიასტომი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილია. თევზით მდიდარ ამ ტბაზე არა მარტო კატერით გასეირნება, არამედ, პარკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თევზაობა და ახლად დაჭერილი თევზის დაგემოვნებაც შესაძლებელია.
პალიასტომი ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებსაც დაგაინტერესებთ, ადრიან გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე აქ ფრინველების მიგრაცია მიმდინარეობს და ცა უამრავი ფრთოსნით იფარება. იმავე დროსა და იმავე სურათს შეგიძლია, კოლხეთის ეროვნული პარკის ანაკლიის ნაწილშიც, მდინარე ჭურიის მიდამოებშიც დააკვირდე.