ტური ჭიათურიდან დაიწყება და სოფელ ხრეითისკენ გაემგზავრები, საიდანაც ქალაქ ამბროლაურის მიმართულებით უნდა იმოძრაო.
გზა საწალიკეს მთაზე (1992 მ) ადის, საიდანაც იმერეთისა და რაჭის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
უნდა გაიარო სოფელი ველევი, სადაც ფეოდალური ხანის სამების ეკლესიას ნახავ, შემდეგ გზად სოფლებს - თლუღსა და ნიკორწმინდას შეხვდები. ამ სოფელში XI საუკუნის ნიკორწმინდის ტაძარი დგას, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლია.
ნიკორწმინდიდან შეგიძლია შაორის წყალსაცავისკენ გადაუხვიო, სადაც საპიკნიკე ადგილებია. შემდეგ ცენტრალური გზით ამბროლაურში ჩახვალ და ღამის გასათევად აქაურ სასტუმროებში შეგიძლია დარჩე.
ამბროლაურიდან ქალაქ ონის მიმართულებით გაემგზავრები.
ონის შემდეგ გაივლი კურორტებსსოფლებს - უწერასა და შოვს, რომლებიც მინერალური სამკურნალო წყლების სიუხვით გამოირჩევა.
შემდეგ - სოფელ ჭიორას. შეგიძლია ნოწარულის უღელტეხილზე ახვიდე, საიდანაც ლამაზი გადმოსახედია ან გზა გონისა და ღების მიმართულებით გააგრძელო, რომლებიც რიონის ხეობის ბოლო სოფლებია.
ღამის გათევა ონის რაიონის ნებისმიერ სოფელში, საოჯახო სასტუმროში შეგიძლია.
ონიდან სოფელ შქმერის გავლით ქალაქ საჩხერისკენ გაემგზავრები. ეს ულამაზესი გზაა, რომელიც ხიხათის უღელტეხილზე, იმავე შქმერის უღელტეხილზე გადადის.
ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის ავტომობილი უნდა იყოს SUV ტიპის, შესაბამისი აღჭურვილობით.
სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი.
ჩართული უნდა გქონდეს GPS სერვისი.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაუკავშირდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112.