ავლაბარში ისტორიული თბილისის შენობები თანამედროვე არქიტექტურას ერწყმის. აქ ყოველ ქუჩასა და შენობას თავისი ისტორია აქვს, რაც ამ უბანს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის.
ამჟამად არსებული არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ავლაბრის ტერიტორიაზე ადამიანთა დასახლება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის I-II ათასწლეულებში არსებობდა. XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში ეს ადგილი "ისნის" სახელით მოიხსენიება, ხოლო სახელწოდება "ავლაბარი" XIV საუკუნიდან გავრცელდა, თუმცა ორივე სახელი დიდხანს თანაარსებობდა და ამჟამადაც მიმოქცევაშია (თუმცა, როგორც წესი, თბილისის მოსახლეობა ისანსა და ავლაბარს ერთმანეთისგან გამოყოფს).
პირველი წერილობითი საბუთი, სადაც უბანი "ავლაბრად" მოიხსენიება, 1392 წლით თარიღდება.
მკვლევარ თეიმურაზ ბერიძის თეორიის მიხედვით, თავად სახელწოდება "ავლაბარი" ტერიტორიისთვის ადგილობრივების მიერ მიცემული ზედმეტსახელიდან განვითარდა და ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს. სიტყვა "ბარე" გალავანს ან ზღუდეს აღნიშნავდა, ხოლო "ჰავლე" - მიდამოს, ერთობლიობაში კი "გალავნის იქით მდებარე ადგილს" ნიშნავს. ამ დროისთვის არ გვაქვს წვდომა ისეთ ისტორიულ საბუთებზე, რომელიც ამ თეორიას დაადასტურებდა, თუმცა ბევრი სხვა მკვლევარიც აღიარებს რომ ამგვარ განმარტებას ნამდვილად აქვს რეალისტური საფუძველი, რადგან ფრაზა ზუსტად ასახავს შუასაუკუნოვანი თბილისის მარცხენა ნაპირის განვითარებულ მშენებლობის სტრუქტურას.
XVIII საუკუნეში ის ტერიტორია, რომელსაც ავლაბრის უბანს მივაკუთვნებთ ორი გალავანი იცავდა: ერთი უშუალოდ ავლაბრის გალავანი იყო, რომელიც უშუალოდ უბანს ერტყა გარს, ხოლო მეორე - თბილისის ანუ ქალაქის გალავანი, რომელიც დასაწყისს მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარე კალა-თბილისის ციხე-გალავანში იღებდა, ხოლო ისან-ავლაბრის მონაკვეთი კი ქალაქის გალავანზე მოგვიანებით დამატებული უშუალო გაგრძელება იყო. კალა-თბილისსა და ისან-ავლაბარს უძველესი დროიდან მტკვარზე გადებული ხიდი აკავშირებდა. დღესდღეობით ამ ადგილას ცნობილი მეტეხის ხიდი გადის, ერთი პერიოდი კი მას ავლაბრის ხიდსაც ეძახდნენ.
პლატონ იოსელიანის ცნობით, XV საუკუნეში ავლაბარში სასახლეები ჰქონიათ სამეგრელოსა და გურიის მთავრებს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში კი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯზე ერეკლე II-ს მეუღლის, დედოფალი დარეჯანის თბილისის რეზიდენცია აიგო, რომლის ნაწილმაც დღემდე მოაღწია.
როგორც უკვე ვახსენეთ, უბანი ავლაბარი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. გარს მას რიყე, ჩუღურეთ, ელია და ნავთლუღ ეკვრის. უბნის დაგეგმარება მკვეთრად განსხვავდება თბილისის სხვა ნაწილებისგან - ძირითადი ქუჩები მეტეხის კლდის პარალელურადაა გაყვანილი, ხოლო მთავარი ქუჩა მათ ოდნავ ირიბად კვეთს.
ავლაბარი ერთ-ერთი ყველაზე ეკლექტური უბანია მთელს დედაქალაქში - აქ თავი აქვს მოყრილი თბილისში ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტების მთელ ნუსხას. მათი ნაწილი უკვე საუკუნეებია რაც ავლაბრის განუყოფელი ნაწილია, ნაწილი კი მხოლოდ XX-XXI საუკუნეებში აიგო და მალევე თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.
ერთ-ერთი მათგანია, მაგალითად სამების საკათედრო ტაძარი, ყველაზე დიდი ქრისტიანული ტაძარია ამიერკავკასიაში. ტაძარი 1996-2004 წლებში აშენდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით და ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო ნაგებობაა. ტიპოლოგიურად ის ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. საკათედრო კომპლექსში ცხრა ეკლესია და თორმეტი სატრაპეზოა განთავსებული. ტაძრის ცხრა ზარი, მათ შორის 8200-კილოგრამიანი დედაზარი, გერმანიაში ჩამოისხა. ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 და ქრისტეს შობიდან 2000 წლისთავის აღსანიშნავად აშენდა.
სამების ტაძრიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზეა, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც XIII საუკუნეში მეფე დემეტრე II-მ ააგო ძველი ეკლესიის ფუნდამენტზე. ქართველი საზოგადო მოღვაწის, ეგნატე იოსელიანის მიხედვით, მტკვარზე გადამყურე კლდის ქიმზე თავდაპირველი ნაგებობა ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა ააშენა 480 წელს. სწორედ ამიტომ დგას ეკლესიის ეზოში ცხენზე ამხედრებული ვახტანგ გორგასლის მონუმენტური ძეგლი. თუ მეტეხის ეკლესია შუა საუკუნეების თბილისის მონუმენტია, ძეგლი - თანამედროვე. ელგუჯა ამაშუკელის შედევრი ნაპირზე 1958 წელს დაიდგა, თუმცა დღეს ცოტას თუ წარმოუდგენია მეტეხი მის გარეშე. ამ ორი ძეგლის შერწყმა კარგი დემონსტრაციაა იმისა, თუ როგორია მთელი თბილისი - აქ თანამედროვეობას ისტორიულისგან ხშირად მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი აშორებს.
თუ სამების საკათედრო ტაძარი დედაქალაქის სიმბოლოა, მაშინ უკვე ნახსენები დარეჯან დედოფლის სასახლე, თავისი ცისფერი მრგვალი აივნით მრავალი წელია რაც კონკრეტულად ავლაბრის სიმბოლოა. სასახლის მთავარი ნაწილები - კოშკები, ბურჯები და კედლები - რიყის ქვისა და ბრტყელი ქართული აგურების კომბინაციითაა ნაგები. XVIII საუკუნის ქართული არქიტექტურის ეს ნიმუშია ერთ-ერთია თითზე ჩამოსათვლელი შენობებიდან, რომელიც 1795 წლის აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრებას გადაურჩა და დღემდე ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს.
კიდევ ერთი სიმბოლო თანამედროვე საქართველოსი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეა (ყოფილი პრეზიდენტის სასახლე). შენობა 2004-2009 წლებში აშენდა და მარტივად იცნობა დიდი შუშის გუმბათის დახმარებით. პროექტზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა, მათ შორის ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების სპეციალისტი გიორგი ბათიაშვილი, რომელმაც იზრუნა იმაზე შენობა ორგანულად ჩამჯდარიყო ისტორიულ გარემოცვაში. თუმცა საბოლოო ფორმა იტალიელ არქიტექტორ მიკელე დე ლუკს ეკუთვნის, რომელიც ასევე მუშაობდა ცნობილი “მშვიდობის ხიდის” პროექტზე. სასახლე შიდა ეზოს გარშემო გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექსს, რომელსაც დაახლოების 22 000 მ² ფართობის მქონე ტერიტორია უკავია. უშუალოდ საპრეზიდენტო სასახლეს აქედან დაახლოებით 1500 მ² ეკუთვნის.
ავლაბარი ქალაქის ისტორიული გულია და მის მიმდებარედ მრავლადაა ტურისტული ატრაქციის ობიექტები. მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ:
რიყის პარკი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჯარო სივრცე თბილისში. მტკვრის ნაპირზე გაშენებული რიყის პარკი მნახველებს იზიდავს ლამაზად მოწყობილი ბაღების, მოცეკვავე შადრევნებსა და ცნობილი მშვიდობის ხიდის საშუალებით. პარკიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები ძველი თბილისის უბნებზე, ნარიყალას ციხესა და მეტეხის ტაძარზე. განსაკუთრებით ლამაზია საღამოს საათებში, თანამედროვე ფერადი განათებები ინთება. ავლაბრის მეტროდან პარკამდე ფეხით მისასვლელად დაახლოებით 15 წუთია საჭირო.
მშვიდობის ხიდი - მდინარე მტკვარზე აგებული 11 ხიდიდან ყველაზე ორიგინალური, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი, რომელიც XXI საუკუნეში აშენდა. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს. კონსტრუქცია დაფარულია 150 მ² ფართობის მინის პანელების ჩარდახით, რომელიც, თავის მხრივ, მორთულია 50 000-მდე ნათურით, რომლებიც საღამოს საათებში სხვადასხვა ფერებში ინთება. რიყის პარკიდან მშვიდობის ხიდამდე დაახლოებით 5 წუთია სავალი.
აბანოთუბანი - თბილისის კიდევ ერთი ისტორიული უბანი, ითვლება თბილისში უძველესად. სწორედ ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი გოგირდის ცხელ წყლებს უკავშირდება თბილისის აშენების ლეგენდა. უბანი ცნობილია თავისი გუმბათიანი აბანოებით, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან მოყოლებული ფუნქციონირებს. აბანოთუბანი დედაქალაქში კულტურული ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, სადაც ტრადიციული აბანოების გარდა, ვიზიტორების ყურადღებას მრავალრიცხოვანი კაფეები, რესტორნები და სუვენირების მაღაზიები იპყრობს. მეტეხიდან აბანოთუბნამდე ფეხით დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.