KA
2024-10-31T11:13:15.000000Z
7 გამორჩეული სანახაობა რაჭაში

7 გამორჩეული სანახაობა რაჭაში

რაჭა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი კუთხეა, რომელიც ინარჩუნებს თავის ტრადიციულ, ავთენტურ შესახედაობას. რეგიონს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვიზიტორებმა დროის საინტერესოდ გატარება შეძლონ - ულამაზესი ბუნება, უნიკალური ისტორიული ძეგლები და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.
სარჩევი

რაჭაში მოგზაურობა შესაძლოა ნამდვილი  თავგადასავალი გახდეს მათთვის, ვინც ახალ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას ეძებს - მთავარია მოგზაურობის სწორი დაგეგმვა.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ რაჭის შვიდ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოს საქართველოზე შეყვარებულმა ყველა მოგზაურმა. თითოეული მათგანი განსხვავებულია და გათვლილია მაქსიმალურად მრავალფეროვანი გამოცდილების შექმნაზე. იქნება ეს კულტურული ექსკურსია თუ ველურ ბუნებაში ქემფინგი, სიაში აუცილებლად იპოვით თქვენი ინტერესების შესაფერის რამდენიმე ადგილს მაინც.

ნიკორწმინდის ტაძარი

ნიკორწმინდის ტაძარი რაჭის ყველაზე ცნობილი და, ალბათ, ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობაა. XI საუკუნის ეს არქიტექტურული ძეგლი სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს და გამოირჩევა თავისი უნიკალური მრგვალი ფორმითა და მდიდრული ორნამენტებით.

ტაძარი 1010-1014 წლებით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ის იშვიათობაა ქართულ ისტორიულ ძეგლთა შორის იმ მხრივ, რომ პირველადმა კონსტრუქციამ თითქმის შეუცვლელად მოაღწია ჩვენამდე, ტაძრის გუმბათი კი სრულად შენარჩუნებულია. ფასადი მოპირკეთებულია რთული გეომეტრიული ორნამენტებით, რომლებიც შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად ითვლება. შიგნიდან ტაძარი გაფორმებულია მასშტაბური ფრესკებით და უძველესი წარწერებით..

ნიკორწმინდის ტაძარი განსაკუთრებით საინტერესოა კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული მოგზაურებისთვის და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის. მისი არქიტექტურული დეტალები და ბუნება, რომელიც გარს ერტყმის, შესანიშნავ ფონს ქმნის უნიკალური კადრებისთვის.

შაორის ტბა

შაორის ტბა, იგივე შაორის წყალსაცავი, რაჭის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის უდიდესი ხელოვნური წყალსაცავი გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა, დღეს კი რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ატრაქციად ითვლება.

წყალსაცავი ფოთლოვანი ხეებით დაფარული შაორის ქვაბულში მიწაყრილი კაშხლის მეშვეობით შეიქმნა. ადრე აქ ორი ტბა - ხარისთვალი და ძროხისთვალი - იყო, მდინარის დაგუბების შემდეგ ისინი წყალსაცავმა გადაფარა.

ტბა ცნობილია კრისტალურად სუფთა წყლით, რომელშიც ირგვლივ მდებარე ხეებით დაფარული მთები ირეკლება. სანახაობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია შემოდგომაზე, როდესაც ეს ხეები ფერს იცვლის. შაორზე პოპულარული აქტივობებია ნავით სეირნობა და თევზაობა, შაორის ტბის გარშემო არსებული ბილიკები კი საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ლაშქრობისა და ველოსიპედით სეირნობისთვის.

შაორის ტბა განსაკუთრებით მიმზიდველია ბუნების მოყვარულებისთვის და ეკოტურიზმის ენთუზიასტებისთვის. ბევრი მის ნაპირებს უბრალოდ დასასვენებლად და საპიკნიკედ სტუმრობს.

ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია

ბარაკონის ეკლესია რაჭის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. ნაგებობა ცნობილია არა მხოლოდ როგორც ხუროთმოძღვრების შედევრი, არამედ გარემოთიც - ეკლესია მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან შემაღლებულზეა აშენებული, ხშირი ტყეებით დაფარული მთები არტყია გარშემო და საოცარ ხედებს გვთავაზობს მთელ ხეობაზე.

ბარაკონის ციხემდე მისასვლელი გზაც შთამბეჭდავია - გზად გადაჭიმული ხედები რაჭის მთებსა და ხეობებზე უკვე ღირს მოგზაურობად.

ბარაკონი ნიკორწმინდასთან შედარებით, ახალი - XVIII საუკუნის ძეგლია. მშენებლობა 1753 წელს დაიწყო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით. ბარაკონის ტაძრის ძირითადი საშენი მასალა სოფელ იწიდან მოზიდული ქვა იყო. დასრულების შემდეგ ბარაკონი რაჭის ერისთავთა მთავარი ტაძარი გახდა. მახლობლად იდგა მათი სარეზიდენციო სასახლე. ტაძრის მასშტაბი (ბარაკონი ამჟამად რაჭის ყველაზე დიდი ეკლესიაა) და რთული მორთულობაც, ისტორიკოსთა აზრით, სწორედ როსტომ რაჭის ერისთავის მაღალი პატივმოყვარეობით იყო განპირობებული.

მინდა ციხე

რაჭის კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი, რომელიც ბარაკონის მახლობლად მდებარეობს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევებია. ეს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავი ძეგლი მაღალ, კლდოვან კონცხზე, მდ. რიონის მარჯვენა და მდ. ლუხუნის მარცხენა სანაპიროებს შორის მდებარეობს.

შუა საუკუნეების მშენებლებმა მინდა ციხის ტერიტორია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მახასიათებლების გამო აირჩიეს - კონცხიდან იშლება პანორამული ხედები რაჭის ქედებსა და ხეობებზე. ვარაუდობენ რომ პირველი თავდაცვითი კონსტრუქცია ამ ადგილას ჯერ კიდევ X საუკუნეში აიგო. გვაქვს ისტორიული წყაროები, რომლებიც ამტკიცებენ XIII-XIV სს-ში მინდა ციხის სამეფო ხელისუფლებაში კუთვნილებას. XVI საუკუნეში იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ციხე რაჭის ერისთავებს გადასცა, რის შემდეგაც რაღაც პერიოდი ის კახაბერისძეთა მთავარ ციხესიმაგრესაც წარმოადგენდა.

XVIII საუკუნეში მეფე სოლომონ I-მა რაჭის ერისთავი დასაჯა და ციხეც კვლავ სამეფო საკუთრება გახდა, ხოლო იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ის როსტომ ერისთავის შთამომავლებს დაუბრუნდა.

თუმცა ციხე არაა მთლიანი სახით შემონახული, დარჩენილი ნანგრევები - მათ შორის გალავანი და სამი კოშკი - თვალნათლივ აჩვენებს ციხის სავარაუდო მასშტაბებს და ვიზიტორს საშუალებას აძლევს წარმოიდგინოს მისი წარსული დიდება. კოშკების კონსტრუქცია ერთმანეთისაგან განსხვავდება: დასავლეთის კოშკი ცილინდრულია, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის – ოთხკუთხა.

ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა ისტორიის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულია ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენით. მინდა ციხე ნელ-ნელა იკრებს პოპულარობას, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ვიზიტორების რაოდენობით უფრო ცნობილ ატრაქციებს - ამიტომ თუ ტურისტულ ჯგუფებს გსურთ ასცდეთ, ახლა მშვენიერი დროა ვიზიტისთვის.

ხვამლის მთა

ხვამლის (ან ხომლის) მთა რაჭა-ლეჩხუმში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. 2002 მეტრის კირქვული მასივი გამოირჩევა უნიკალური ფორმით და მისი ფერდობებიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება. თუმცა პირველ რიგში ადგილი ცნობილია არა თავისი ბუნებრივი მახასიათებლებით, არამედ ლეგენდებით, რომლებიც მასთან ასოცირდება.

ხვამლის მთა ლაშქრობის ენთუზიასტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბილიკია რეგიონში. გზა საკმაოდ რთულია, ამიტომ უმჯობესია თუ ახალბედა მოლაშქრეები მას არ შეეჭიდებიან, მაგრამ შედარებით უფრო გაწაფულმა მოლაშქრეებმა კი ნამდვილად უნდა ჩართონ ხვამლის მთა დასაპყრობ ბილიკთა სიაში. მწვერვალიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები რაჭის, ლეჩხუმის და იმერეთის მთებზე.

ხვამლის მთას უკავშირდება მრავალი ლეგენდა. ერთ-ერთის მიხედვით პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული (კიდევ ერთი მსგავსი მითის მიხედვით ხვამლის მთაზე არა პრომეთე, არამედ ამირანი იყო მიჯაჭვული ღმერთთან ბრძოლის შემდეგ - თუმცა ეს ვარიანტი ნაკლებად პოპულარულია). კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით ხვამლი მთის გამოქვაბულში ქართველ მეფეთა განძია გადამალული. თუმცა 1939 წელს ალიოშა ჯაფარიძე ჩაეშვა მთავარ გამოქვაბულში და ვერაფერი იპოვა.

2007 წელს კი ხვამლი არქეოლოგმა გურამ გაბიძაშვილმა გამოიკვლია და მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა.

უძირო ტბა

უძირო ტბა პატარა, ალპური ტბაა რომელიც სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად, კატიწვერასა და დოლომისის მწვერვალებს შორის მდებარეობს. 

ტბა ცნობილია თავისი უჩვეულო ლურჯი ფერით. მისი სახელი - "უძირო" - ადგილობრივ ლეგენდას უკავშირდება, რომლის თანახმადაც ტბას ფსკერი არ აქვს. რეალურად უძირო ტბის სიღრმე დაახლოებით 15 მეტრია, მაგრამ წყლის სარკისებრი ზედაპირი ხშირად მართლა ქმნის ისეთ ეფექტს, თითქოს ჩახედვისას უსასრულობაში იყურები.

უძირო ტბა პოპულარულია გამოცდილ მოლაშქრეებს შორის - პლატო რომელზეც ის მდებარეობს ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზეა, მისასვლელი გზა კი საკმაოდ რთულია და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით ან ფეხით არის შესაძლებელი. სალაშქროდ საუკეთესო პერიოდი შუა და გვიანი ზაფხულია - როდესაც ტემპერატურა შედარებით თბილია, ნალექი კი მინიმალური. ტრადიციულად, ლაშქრობას შოვიდან იწყებენ ხოლმე - კურორტიდან ტბამდე დაახლოებით 9 კმ-ია. უძირო ტბის ნაპირები პოპულარული ადგილია ველურ ბუნებაში ქემფინგის მოყვარულებს შორის - აქ ნებადართულია კარვების დადგმა და ღამის გატარება. 

ბუბის მყინვარი

ბუბის მყინვარი უნიკალური ბუნების ძეგლია, რთული ტიპის მყინვარი, რომელიც რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალ ბუბას სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მყინვარი საქართველოს ერთ-ერთი უკიდურესი ჩრდილოეთ წერტილია. ბუბის მყინვარის თოვლის ხაზის სიმაღლე 3350 მეტრია.

ბუბის მყინვარი განსაკუთრებით მიმზიდველი ატრაქციაა ალპინისტებისთვისა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის. მყინვარამდე მისასვლელი გზა რთულია, მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, ახალბედა ალპინისტებისთვის არაა შესაფერისი. კარგი იქნება თუ ვიზიტორს რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაინც აქვს და მათ შორის კონკრეტულად მყინვარებზე ასვლის.

სამაგიეროდ მათ, ვისი გამოცდილებაც მყინვარზე ასვლისთვის შესაფერისია ელით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასვლა საქართველოში, და ბოლოს დაჯილდოვდებიან შთამბეჭდავი ხედებით კავკასიონის მთავარ ქედზე და რაჭის მთიანეთზე.

პრაქტიკული ინფორმაცია რაჭაში მოგზაურობისთვის

აი, რამდენიმე რჩევა რომლებიც რაჭაში მოგზაურობის დაგეგმვისას გამოგადგებათ:

  • საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის გვიანი გაზაფხული, ზაფხული და ადრეული შემოდგომა. ზამთარში დიდთოვლობა იცის და ბევრი გზა შეიძლება გაუვალი გახდეს.

  • რაჭაში ნაკლები რაოდენობითაა წარმოდგენილი დიდმასშტაბიანი სასტუმროები. აქ (ჯერ) ვერ ნახავთ საერთაშორისო ქსელებს. შედარებით მაღალია საწოლფონდი ონში და ამბროლაურში, სადაც დიდი მასშტაბის რამდენიმე სასტუმროა. აი თუ რომელიმე პატარა სოფელში დარჩენა გსურთ (მათ შორის ჩვენს სიაში ჩამოთვლილ სანახაობებთან ახლოს), მაშინ ან საოჯახო სასტუმროები ან კოტეჯები უნდა დაძებნოთ.

  • აქვე, უმჯობესია წინასწარ დაჯავშნოთ განთავსების ადგილი, განსაკუთრებით გვიან ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე - ეს პერიოდი ყველაზე პოპულარულია რაჭაში.

  • არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სეზონზე სტუმრობთ რაჭას - აუცილებლად წაიღეთ ლაშქრობისთვის შესაფერისი გამძლე, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი სანდო ძირით და ერთი ხელი თბილი ტანსაცმელი მაინც. მთაში ხანდახან ცივა, ზაფხულშიც კი.

  • აუცილებლად ხელთ გქონდეთ კამერა ან ტელეფონი კარგი კამერით - რაჭაში ბევრი ლამაზი ადგილია და ნამდვილად მოგინდებათ ფოტოების გადაღება.

  • პატივი ეცით ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს. რაჭველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ არავის სიამოვნებს, როდესაც მათ წეს-ჩვეულებებს უპატივცემულოდ ექცევიან.

რაჭაში მოგზაურობა შესაძლოა სრულიად დაუვიწყარი გამოცდილება გახდეს თქვენთვის. ეს არის შანსი აღმოაჩინოთ საქართველოს ულამაზესი კუთხე. შთამბეჭდავი ბუნება, ისტორიული ძეგლები - და უგემრიელესი ტრადიციული სამზარეულო (ცნობილი ხვანჭკარას ჩათვლით) - არც ერთ მოგზაურს არ დატოვებს გულგრილს. 

როგორ მოვხვდეთ რაჭაში?

რეგიონში მოსახვედრად ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა ჯერ ამბროლაურში ან ონში ჩახვიდეთ და უკვე იქიდან დააწყოთ მარშრუტი სხვა დასახლებული პუნქტებისა თუ სანახაობების მიმართულებით. ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმის ადმინისტრაციული ცენტრია და ლოგისტიკური კუთხით ყველაზე მოხერხებული პუნქტი.

თბილისის ცენტრიდან ამბროლაურს დაახლოებით 245 კილომეტრი აშორებს, ქუთაისის ცენტრიდან დაახლოებით 75 კილომეტრია, ხოლო ბათუმის ცენტრიდან დაახლოებით 240 კილომეტრი.

თბილისიდან ამბროლაურამდე მოსახვედრად ყველაზე მარტივი გზა თვითმფრინავია. ამბროლაურში აეროპორტი ფუნქციონირებს, რომლის მიმართულებითაც ნატახტრის აეროპორტი კვირაში ორჯერ (ზაფხულის სეზონზე მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში - სამჯერ) ახორციელებს ფრენებს. ბილეთის ფასი 50 ლარია და შედის ტრანსფერი 26 მაისის მოედნიდან ნატახტარის აეროპორტამდე. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთია.

მეორე ვარიანტია მარშრუტკა. ამბროლაურისა და ონის მიმართულებით მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან გადიან, თუმცა არ აქვთ კონკრეტული განრიგი და იშვიათად მოძრაობენ. იმისთვის რომ რეისის გარეშე არ დარჩეთ, ეცადეთ მაქსიმალურად ადრე მიხვიდეთ სადგურზე. მგზავრობა საშუალოდ 30 ლარი ღირს და დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

მანქანა ან ტაქსის აპლიკაცია ყველაზე სწრაფი და მოხერხებული ვარიანტია - ადგილზე დაახლოებით 3 საათში იქნებით, მაგრამ საკუთარი ან ნაქირავები მანქანა თუ არ გყავთ, ეს მოგზაურობა ძვირი დაგიჯდებათ, დაახ. 280-300 ლარი.

ქუთაისიდან ამბროლაურის მიმართ ჯერჯერობით არ ხორციელდება ფრენები, მაგრამ მოძრაობს პირდაპირი რეისებით მარშრუტკები. დღეში რამდენიმე რეისი სრულდება, როგორც მცირე ავტობუსების სადგურიდან ჯაჭვის ხიდის მახლობლად, ისე ცენტრალურიდან. მგზავრობა 12-15 ლარი ღირს, ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათია. განრიგი უმჯობესია წინა დღეს გაარკვიოთ თქვენთვის უფრო მოხერხებული სადგურისთვის.

ტაქსის შემთხვევაში სამგზავრო დრო საათ-ნახევრამდე მცირდება, თუმცა აპლიკაციით სარგებლობა დაახ. 80-დან (ამბროლაური) 100 ლარამდე (ონი) დაჯდება.

ბათუმს არც ამბროლაურთან და არც ონთან არ აკავშირებს პირდაპირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ საკუთარი ან ნაქირავები მანქანა არ გყავთ, უმჯობესია მატარებლით ან ავტობუსით ქუთაისამდე ჩახვიდეთ და უკვე იქიდან მარშრუტკით მოხვდეთ რაჭაში. ან, დროის ეკონომიის მიზნით, ტაქსის აპლიკაციით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუმცა ეს ბევრად უფრო არაბიუჯეტური ვარიანტია - მოგზაურობა ქალაქის ცენტრიდან 240-დან (ამბროლაური) 270 ლარამდე (ონი) დაჯდება.

ამბროლაურიდან თუ ონიდან რაჭის სხვა მიმართულებებით (შოვი, უწერა და ა.შ.) მოძრაობა შესაძლებელია ადგილობრივი მარშრუტკებით ან ტაქსით. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტის გრაფიკი არ არის ხშირი, განსაკუთრებით არასეზონზე. ამიტომ, წინასწარ დაგეგმვა და ადგილობრივებთან კონსულტაცია აუცილებელია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა