საბედნიეროდ, თბილისის მიმდებარე კურორტები დამსვენებლებს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს – მაღალმთიანი ზონისა თუ სხვადასხვა წყალსაცავის გარშემო. ჩვენს ბლოგში ნახავთ იმ ადგილებს, რომლებსაც ქალაქ თბილისის მაცხოვრებლები ყველაზე ხშირად ირჩევენ დასასვენებლად ქალაქთან ახლოს.
კოჯორი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი კურორტია. საუკუნეების განმავლობაში ის ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენცია იყო, მოგვიანებით კი რუსული მმართველობის პერიოდში პოპულარული აგარაკი გახდა.
კურორტი ზღვის დონიდან 1350 მეტრზე მდებარეობს. ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 18°C-მდეა, ზამთარში კი -2°C-მდე ეცემა და ხშირად თოვს, რაც კოჯრის პლატოზე ულამაზეს ხედებს ქმნის. ფოტოგრაფები განსაკუთრებით მზის ჩასვლის გადაღებისთვის სტუმრობენ ამ ადგილს. აქ შეგიძლიათ იხილოთ მრავალი ისტორიული ძეგლი, მათ შორის XI საუკუნის კოჯრის ციხე, XV საუკუნის ორმოც მოწამეთა ეკლესია და XIII საუკუნის კაბენის მონასტერი.
კოჯორი განსაკუთრებით პოპულარულია აქტიური დასვენების მოყვარულთათვის. კოჯორში არის რამდენიმე სალაშქრო ბილიკი, რომელთა შორის კოჯორი-კიკეთის მარშრუტი განსაკუთრებით ცნობილია; ის მოიცავს კოჯრის ციხეს, კაბენის მონასტერს და ჩანჩქერებს. ბილიკი საშუალო სირთულისაა, თუმცა ბევრი მოლაშქრე ფეხით მიდის თბილისიდან კოჯრამდე - მარტივი მარშრუტი მთაწმინდის პარკთან იწყება.
მანგლისი თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს და თბილისიდან დაახლოებით 1 საათის სავალზეა. ზამთარი აქ ზომიერად ცივია, ზაფხული კი თბილი და ხანგრძლივი; აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 19°C-ია. მანგლისი სამკურნალო კურორტად ითვლება, განსაკუთრებით გაზაფხულის ბოლოს, ფიჭვის მტვრის დროს, როცა ჰაერი განსაკუთრებულად სასარგებლოა.
კურორტზე მრავალი გასართობი და დასასვენებელი სივრცე არის, მათ შორის საბავშვო ატრაქციონების პარკი დაბის ცენტრში, რომელიც პოპულარობით სარგებლობს. ახლოსაა ალგეთის ეროვნული პარკი, სადაც მოხვედრა შესაძლებელია მანქანით (დაახლოებით 40 წუთი) ან ფეხით - მანგლისიდან კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკი იწყება. პარკში ხუთი ეკო-ტურისტული მარშრუტია, საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკებით, თუმცა მხოლოდ ერთი, „სამეფო ქედი,“ არის მარკირებული.
თბილისის ზღვა არის წყალსაცავი, რომელიც 1953 წლიდან თბილისის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს და ერთ-ერთ პოპულარულ სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. თავიდან მას სამგორის წყალსაცავს უწოდებდნენ, თუმცა 50-იან წლებში „თბილისის ზღვა“ გახდა მისაღები სახელწოდება.
წყალსაცავი მდებარეობს ზღვის დონიდან 650 მეტრზე, მისი სიგრძე 8.75 კმ-ია, ხოლო მაქსიმალური სიგანე 1.85 კმ. ზაფხულში წყლის ტემპერატურა 28 გრადუსამდე აღწევს, სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე კი 26 კმ-ს შეადგენს. თბილისის ზღვის გარშემო წყლის აქტივობების ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული. თბილისის ზღვაზე მდებარეობს თბილისის ზღვის კლუბი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ ბუნგალოებს, მოწესრიგებულ პლაჟს და სამ აუზს. შესაძლებელია იალქნიანი ნავით გასეირნება, კატერით მგზავრობა, წყლის პარაშუტით ფრენა და წყლის თხილამურებით სრიალი. ასევე, სანაპიროზე მრავლადაა პიკნიკისთვის შესაფერისი ადგილები და კერძო აკვაპარკიც.
კუს ტბამდე თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 10 წუთშია მიხვალთ, ხოლო ვაკის პარკიდან საბაგიროთი ტბამდე 6-7 წუთია. ამ მდებარეობამ კუს ტბა თბილისელების საყვარელ ადგილად აქცია, განსაკუთრებით თბილ გაზაფხულსა და ზაფხულში.
კუს ტბის გარშემო კარგადაა მოწყობილი სარეკრეაციო ზონა. აქ არის სასეირნო ბილიკი და მცირე პლაჟი, სადაც შესაძლებელია კატამარანებისა და წყლის ველოსიპედების ქირაობა. ტბასთან სეზონურად ფუნქციონირებს სცენა, სადაც ხშირად იმართება კონცერტები. ასევე, აქ მრავლადაა კაფეები და რესტორნები, რომლებიც აქტიურ სეზონზე ღონისძიებებსაც აწყობენ.
ბირთვისი, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 45 კილომეტრში, ალგეთის ხეობაში მდებარეობს, პოპულარულია მოლაშქრეებსა და ისტორიის მოყვარულებში. ბირთვისი მიმზიდველია როგორც სალაშქრო მარშრუტი. აქ ტყე, კლდეები, ხეობა და კანიონი ერთ ადგილასაა თავმოყრილი, ისევე როგორც ბირთვისის ციხე-სიმაგრე.
ჩვენთვის უცნობია როდის აშენდა ბირთვისის ციხე, თუმცა ისტორიულ წყაროებში იგი პირველად XI საუკუნეში გვხვდება. ციხის მთავარი ნაგებობა ციცაბო კლდეებშია გამოკვეთილი, და მის გარშემო შემორჩენილია თავდაცვითი ნაგებობები, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, და ძველი წყალსაცავი. შესასვლელთან დგას „შეუპოვრის“ სახელით ცნობილი კოშკი, რომელსაც სათოფეები ამშვენებს.
ბირთვისში მისასვლელად თბილისიდან ჯერ ასურეთამდე უნდა მიხვიდეთ და შემდეგ სოფელ ტბისთან მარჯვნივ გადაუხვიოთ. მთავარი გზა ორ კლდეს შორის „დევის ნაკვალევის“ სახელით ცნობილ ბილიკზე გადის. ლეგენდის მიხედვით, დევს სამების მთა დაჰპირდა, რომ საცხოვრებლად მთის წვერს აჩუქებდა, თუ მამლის ყივილამდე ზღუდეს შემოავლებდა, მაგრამ ამოცანის შესრულებასთან ახლოს რომ მივიდა, მამალი სპეციალურად ააფრინეს და მან იყივლა, რის გამოც დევი სწრაფად გაეცალა ადგილს და კლდე ორ ნაწილად გაჭრა.
თბილისის ეროვნული პარკი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით ერთ საათშია და შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდგომაც. დიდუბის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსები პარკამდე ყოველ 30 წუთში გადიან (განრიგი სეზონურად იცვლება).
პარკი დამსვენებლებს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის საფეხმავლო, ველოსიპედის და საცხენოსნო ტურებს. სტუმრებში პოპულარულია საგურამოს ქედისა და მამკოდა-ზედაზნის მარშრუტები. ველოსიპედისტებისთვის არის სამი სხვადასხვა სირთულის ბილიკი, რომლებიც სპეციალურ სამთო ველოსიპედებს საჭიროებს. ყველა ბილიკი აღჭურვილია ნიშნებითა და საინფორმაციო დაფებით, რაც დამოუკიდებლად მარშრუტის დაგეგმვას ამარტივებს.
თბილისის ეროვნულ პარკში ასევე შესაძლებელია საცხენოსნო ტურების მოწყობა გიდთან ერთად, რომელიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. პიკნიკისთვის და კემპინგისთვის მოწყობილია სპეციალური ზონები საცეცხლე ადგილებით, სკამებით, მაგიდებითა და სველი წერტილებით.
თბილისი ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე მრავლადაა ისტორიული ძეგლი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი მარტყოფია. სახელწოდება "მარტყოფი" კავშირშია ერთ-ერთ 13 ასურელ მამათაგან, ანტონ მარტყოფელთან. შემორჩენილია მის მიერ ქედზე სიმწვანეში აგებული V-VI საუკუნეების მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც რამდენიმე ტაძრისგან (მათგან მთავარია "ხელთუქმნელი ხატის" გუმბათიანი ტაძარი), სამრეკლოსა და საბერეებისგან შედგება. მონასტერს 2006 წელს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.