KA
2024-10-09T12:18:38.000000Z
საუკეთესო მიმართულებები საქართველოში ექსტრემალურ-სათავგადასავლო ტურიზმისთვის

საუკეთესო მიმართულებები საქართველოში ექსტრემალურ-სათავგადასავლო ტურიზმისთვის

საქართველოში, უნიკალურ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან და მდიდარ კულტურასთან ერთად, ბევრი საინტერესო შესაძლებლობაა სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმისთვისაც.
სარჩევი

უსაფრთხო ადრენალინი შეგიძლია, მთელი წლის განმავლობაში გამოცადო - მთაშიც, წყალშიც და ჰაერშიც.

ალპინიზმი

ალპინიზმი საქართველოს მთებზე

საქართველოში ბევრი მწვერვალია გამოცდილი ალპინისტებისთვის:

სვანეთში: უშბა, რომლის გზა ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში; შხარა, ყველაზე მაღალი მწვერვალი საქართველოში - მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5203 მეტრია; თეთნულდი - სიმაღლე 4852 მ; ლაილა - სიმაღლე 4008 მეტრი. 

ყაზბეგშია „ხევის დედოფალი“ მყინვარწვერი, რომლის სიმაღლე  5054 მეტრს აღწევს.  

ასევე არის მწვერვალები, რომლებსაც პროფესიონალ გამყოლთან ერთად დალაშქრავენ როგორც გამოცდილი, ისე დამწყები მთამსვლელები. მაგალითად, ზაფხულში ყაზბეგიდან ულამაზესი ჭაუხის მასივის 7 მწვერვალზე ასვლა შეგიძლია, საიდანაც საფეხმავლო უღელტეხილის გავლით ხევსურეთში, სოფელ როშკაში გადახვალ.  

ჰელისკი, ქეთსკი

საბაგირო ზამთრის კურორტზე

საქართველოში ზამთარში არა მხოლოდ სათხილამურო ტრასებზე, არამედ გაუკვალავ თოვლში სრიალის საშუალებაც გაქვს. 

ჰელისკის, ფაქტობრივად, შეუზღუდავი შესაძლებლობაა კურორტ გუდაურსა და სვანეთში, ბახმაროსა და გოდერძიზე. ბახმაროსა და გოდერძიზე შეგიძლია ქეთსკიც გამოცადო. 

თოვლმავლების მოყვარულებისთვის საინტერესო გზაა ბაკურიანიდან ტაბაწყურის მიმართულებით, სადაც შეგიძლია, თოვლმავლით გაყინულ ტაბაწყურის ტბაზე შეხვიდე და უდიდესი სიამოვნება მიიღო. სოფელ ტაბაწყურში, რომელიც ტბის ირგვლივაა გაშენებული, ადგილობრივი ოჯახები გიმასპინძლებენ.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე კი უმაღლესი დონის სასრიალო ტრასებია როგორც დამწყები ან მოყვარული, ისე პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის.

ზამთარში დათოვლილ ბილიკებზე სიარული თუ გაინტერესებს, ამისთვის თხილმარების ტურებია, რომლებიც რეკომენდებულია ბახმაროსა და გოდერძის კურორტებზე.

პარაგლაიდინგი

პარაგლაიდინგი

საქართველოში ბევრი საინტერესო ლოკაციაა პარაპლანით საფრენად როგორც ჩრდილოეთ კავკასიონის ფერდებზე, ისე შავ ზღვასთან ახლოს.

აუცილებელია, სხეულის წონა, მინიმუმ, 30 კგ და, მაქსიმუმ, 220 კგ იყოს, 

პარაგლაიდინგი ყველა ლოკაციაზე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პარაპლანით ფრენა არასრულწლოვანსაც შეუძლია, მხოლოდ მშობლების თანხმობით. ფრენის უსაფრთხოება კი მაქსიმალურად არის დაცული.

საუკეთესო ადგილები ველოთავგადასავლებისთვის

საქართველოს რელიეფის მრავალფეროვნება და რბილი კლიმატი შესანიშნავ პირობებს ქმნის ველოტურების მოსაწყობად წელიწადის ნებისმიერ დროს - მათ შორის, ზამთარშიც კი, თუკი გზად თოვლი არ დევს. 

დაუნჰილის, ანუ თავისუფალი დაშვებისთვის, ქვეყნის სხვადასხვა მხარეში არაერთი საინტერესო ტრასაა, მაგალითად: 

სვანეთში - ქორულდის ტბებიდან, სადაც ჯიპით ახვალ. ჰაწვალისა და ზურულდის მთებიდან, სადაც დაშვების ადგილამდე საბაგიროები მიგიყვანს.

გუდაურში, სადაც სტარტის ადგილამდე ასევე საბაგირო ადის.

თუშეთში - ულამაზესი გზაა თუშეთ-ორეთის ტბის მარშრუტი და ნაყაიჩოს უღელტეხილი.

მიტარბის ხეობაში - ეს მარშრუტი კურორტ ბაკურიანიდან კურორტ წაღვერში ჩაგიყვანს, გზად კი ზღაპრულ ბუნებას გაივლი.

ჯომარდობისა და კაიაკინგის ტურები 

საქართველოს მდინარეებზე, რომლებიც სწრაფი დინებებითა და ჩქერებით ხასიათდება,  საინტერესო საჯომარდო მარშრუტებია, მათ შორის - აბსოლუტურად გამოუცდელებისთვისაც კი, თუკი უკვე 18 წელი შეუსრულდა. ცურვის ცოდნაც არ არის სავალდებულო.

საჯომარდო სეზონი საქართველოში აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით გრძელდება შემდეგ მდინარეებზე: 

მდინარე რიონზე რაჭაში, სადაც ჯომარდობა შესაძლებელია სხვადასხვა სახისა და სირთულის მონაკვეთებზე. მდინარის სირთულე III-V კატეგორიით განისაზღვრება, სეზონის მიხედვით.

მდინარე ცხენისწყალზე ქვემო სვანეთში - მდინარის სირთულეა IV კატეგორია, გამოცდილება აუცილებელია. 

მდინარე ფშავის არაგვზე - მდინარის სირთულეა III კატეგორია.

მდინარე მტკვარზე - მდინარის სირთულეა II-III კატეგორია. მტკვარს სახიფათო მონაკვეთები არ აქვს. 

ფასანაურის არაგვი - მდინარის სირთულეა II-III კატეგორია.

საქართველოში ჯომარდობის სეზონია აპრილ-სექტემბერი ადგილმდებარეობისა და კლიმატის გათვალისწინებით.

საქართველოში კაიაკერებისთვისაც ბევრი საინტერესო მდინარეა, სადაც  ყოველი მარშრუტი სხვადასხვა სირთულის სექციებისგან შედგება. ამასთანავე, სეზონების მიხედვით შეგიძლია, სასურველი სირთულის მდინარეზე დაეშვა.

რეკომენდებულია, კაიაკინგის ტური ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო უახლესი ინფორმაცია მარშრუტის შესახებ. კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება, მინიმალური ასაკი კი 18 წელია.

საქართველოში კაიაკინგის თვეებია აპრილ-ნოემბერი.

კანიონინგი

კანიონინგი

ზაფხულის პერიოდში, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა +25 გრადუსს ასცდება, საქართველოში რამდენიმე კანიონზე შეგიძლია დაშვება. 

ამისთვის არ გჭირდება წინასწარ მომზადება და განსაკუთრებული უნარები; 10 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს უსაფრთხოდ შეუძლია, მარშრუტი გამოცადოს.

კანიონინგისთვის შეგიძლია შეარჩიო:

ძმუისის კანიონი - იმერეთის  რეგიონში; შქმერის კანიონი - რაჭაში; უჩხოსა და სოფოს კანიონები - აჭარაში; თხოპრას კანიონი - სამეგრელოში.

ჯიპტურები საქართველოში

საქართველოს მთაგორიანი რელიეფი შესანიშნავ პირობებს ქმნის უგზოობის მანქანით სამოგზაუროდ.

თუ გყავს suv ტიპის ავტომობილი შესაბამისი აღჭურვილობით, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით შეგიძლია ტური დაგეგმო, მაგალითად:

თუშეთში - აქ გადის მსოფლიოს ათი ურთულესი გზიდან ერთ-ერთი. სოფლები ზღვის დონიდან 1800-იდან 2400 მეტრ სიმაღლემდე მდებარეობს. აქ სანახაობაც საკმაოდ შთამბეჭდავია და რელიეფიც - საკმაოდ რთული.

სამცხე-ჯავახეთიდან აჭარაში - გოდერძის უღელტეხილზე დაათვალიერებ ალპურ ბოტანიკურ ბაღს, ღამეს გაათევ ეგზოტიკურ ალპურ სოფლებში და ალპური ზონიდან  ზღვისპირა ბათუმში ჩახვალ;

ხევსურეთში - ამ მხარეში მგზავრობა არხოტის უღელტეხილზე, საქართველოში ყველაზე მაღალ საავტომობილო უღელტეხილზე მოგიწევს, რომლის სიმაღლე 3100 მეტრია. 

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე - ასეთ ლანდშაფტს სხვაგან ვერ ნახავ, გაივლი ნახევარუდაბნოს, სტეპსა და მეჩხერ ტყეებს, ფოთლოვან და ჭალის ტყეებს.

სალაშქრო ტურები 

ლაშქრობის ტური

საქართველოს ლანდშაფტი ნამდვილი აღმოჩენა იქნება ლაშქრობის მოყვარულებისთვის. შეგიძლია დაგეგმო როგორც საფეხმავლო, ისე საცხენოსნო ტურები.

სალაშქროდ განსაკუთრებით მრავალფეროვანია ის მარშრუტები, რომლებსაც რეგიონიდან რეგიონში გადაჰყავხარ, გზად კი გაივლი ნაკრძალებს, ბუნების ძეგლებს, საინტერესო სოფლებს, სადაც საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და საკემპინგე ადგილები შეგხვდება.

ასეთი მიმართულებებია, მაგალითად:

ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით - ყაზბეგი, ხევსურეთი და თუშეთი. ტური სტეფანწმინდაში იწყება და ომალოში სრულდება.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით - სალაშქროდ იდეალურია ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთისა და რაჭის ლოკაციები, რომლებიც უღელტეხილებით უკავშირდება ერთმანეთს და ერთი ტურის განმავლობაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ რეგიონს მოივლი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა