KA

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი საქართველოს მთავარი ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

ზღვის ნაპირის გასწვრივ გაშენებული სასეირნო პრომენადი ყოველწლიურად ორ მილიონამდე ვიზიტორს იზიდავს. ბულვარი აერთიანებს გამწვანებული ხეივნებსა და ბაღებს, კულტურულ ძეგლებს, შადრევნებს, კაფე-რესტორნებსა და ატრაქციონებს - ერთი სიტყვით სთავაზობს მრავალფეროვან გასართობ შესაძლებლობებს ნებისმიერი ასაკის მნახველს. 

ბათუმის ბულვარი საუკუნეზე მეტია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობისა და აწმყოს განუყოფელ მთლიანობას ქმნის.

რას ვნახავთ ბათუმის ბულვარზე

ბათუმის ბულვარის ძველი მონაკვეთი ქალაქის ისტორიული ცენტრის გასწვრივ 7 კილომეტრზე გადაჭიმული სარეკრეაციო ზონაა, რომელიც 1987 წლიდან საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლად ითვლება. ამ მონაკვეთზე გაშენებულია მწვანე ხეივნები სადაც ათობით იშვიათი ხე-მცენარე ხარობს. 

ბულვარის შესასვლელში 1930-იან წლებში იტალიიდან ჩამოტანილი ანტიკური სტილის კოლონადები დგას, რომელთაც სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებისას სცენადაც იყენებენ. ამავე პერიოდში მოეწყო ე.წ. ვერსალის ბაღი, სადაც წრიულად გაშენებულ დეკორატიულ მცენარეებს შორის საფეხმავლო ბილიკები და კლასიკური სტილის ქანდაკებებია განთავსებული.

გამორჩეული მემკვიდრეობის შენობაა 1863 წელს აშენებული ბათუმის შუქურა, რომელიც კლდოვან კონცხზეა აღმართული - ის ბულვარის ტერიტორიაზე მდგომი ყველაზე ძველი ნაგებობაა. 

კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა 1977 წელს მოწყობილი ცენტრალური შადრევნები, რომელთა გარშემოც განლაგებულია “სალამურიანი ბიჭის ქანდაკება”.

ბათუმში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ძველ და ახალ ბულვარს შორის არსებული არდაგანის ტბაში გაკეთებული მოცეკვავე შადრევანი, რომელიც განსაკუთრებით ღამით იპყრობს - ყოველწლიურად ზაფხულის სეზონზე აქ ლაზერული შოუ-პროგრამა ეწყობა სინქრონიზებული ფერადოვანი განათებით. სანაპიროს გასწვრივ მოწყობილი 7-კილომეტრიანი ველობილიკი კი შესაძლებლობას იძლევა ბულვარი და მისი შემოგარენი ველოსიპედით დაათვალიეროთ.

საოცრებათა პარკი: ბათუმის ბულვარის ყველაზე ცნობილი ნაწილი

ბულვარის მთავარი ატრაქცია ე.წ. საოცრებათა პარკია, სადაც მოკლე მონაკვეთზე თავმოყრილია რამდენიმე გამორჩეული სანახაობა, რომელთაგან თითოეული თანამედროვე ბათუმი სიმბოლოდ ითვლება. მათ შორის ყველაზე ცნობილია

ალი და ნინო - 8 მეტრის სიმაღლის სკულპტურა, რომლის ავტორი ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა. სკულპტურის შთაგონების წყარო ყურბან საიდის ცნობილი რომანი “ალი და ნინოა”, რომელიც აზერბაიჯანელი მუსულმანი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიას აღწერს. მასიური ლითონის ფიგურები ერთმანეთისკენ მოძრაობენ, ერთ მთლიანობად იქცევიან, და შემდეგ კვლავ სცილდებიან ერთმანეთს. პროცესი 10 წუთში ერთხელ მეორდება. საღამოს საათებში ქანდაკებაზე სპეციალური განათება ირთვება. 

ბათუმის ეშმაკის ბორბალი - 55 მეტრი სიმაღლის პანორამული ბორბალი, რომელიც ზედ სანაპიროს კიდეზე დგას. ერთ სრულ ბრუნს 10 წუთი სჭირდება. ბორბალი ერთდროულად 240 ადამიანს იტევს. კაბინები აღჭურვილია კონდიცირების სისტემით და პანორამული ფანჯრებით, საიდანაც იშლება ხედები ქალაქზე, მთებზე და ზღვაზე. საღამოს საათებში ბორბალზე ფერადი LED განათება ირთვება.

ანბანის კოშკი - 130 მეტრი სიმაღლის უნიკალური ნაგებობა, რომლის არქიტექტურაც დნმ-ის სტრუქტურის ფორმას იმეორებს. კოშკს მასიური ხვეული ლითონის ზოლები არტყია, რომლებზეც განლაგებულია ქართული ანბანის 33 ასო. კოშკში განთავსებულია მბრუნავი პანორამული რესტორანი, რომელიც ერთი საათის განმავლობაში 360 გრადუსიან ბრუნს ასრულებს და საშუალებას აძლევს სტუმრებს დატკბნენ ქალაქის ხედებით. კოშკში ასევე მდებარეობს საკონფერენციო დარბაზი და VIP სივრცეები სხვადასხვა ღონისძიებებისთვის.

საოცრებათა პარკის სხვა ღირსშესანიშნაობებიდან ასევე აღსანიშნავია პატარა ზოოკუთხე ველურ ცხოველთა აღმოსავლური ჯიშებით, მუსიკალური შადრევნები და მრავალი სხვა თანამედროვე ატრაქციონი.

ბათუმის ბულვარის მოკლე ისტორია

ბათუმის ბულვარს მშენებლობა 1881 წელს დაიწყო გერმანელი მებაღეების, რესლერისა და რეიერის მიერ. 

პარკის მშენებლობა რთულ პირობებში მიმდინარეობდა. საჭირო გახდა შავი ზღვის მსხვილქვიშიანი სანაპირო ჩამოტანილი ნიადაგით ჩანაცვლება. მიუხედავად ამისა, 1884 წლის ბოლოსთვის ბულვარში უკვე ორი ხეივანი იყო გაშენებული.

სირთულეების მიუხედავად, გადაწყდა პარკის განვითარების გაგრძელება, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის მუშაობაში ჩართული იყვნენ საფრანგეთისა და ბელგიის იმდროინდელი კონსულებიც. კომისიამ ბათუმის ბულვარის პირველ უფროსად 1884 წელს აღიარებული ფრანგი მებაღე და დეკორატორი მიშელ დალფონსი დანიშნა, რომელმაც საფრანგეთიდან ჩამოიტანა ეგზოტიკური მცენარეები და მწვანე ლანდშაფტის უნიკალური კომპოზიციები შექმნა.

პარკის მოვლა ქალაქისთვის საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე მაღალი ტემპერატურის გამო აუცილებელი გახდა ტერიტორიის ხელოვნური მორწყვა. ამასთანავე, ბულვარის მთელ ფართობზე ნიადაგის ნაცვლად მსხვილი ქვიშა იყო, რაც ხეების გასაშენებლად ორმოებსა და არხებს საჭიროებდა. დალფონსი საფრანგეთიდან გემებით ეზიდებოდა ნერგებს, მათ შორის საქართველოში მანამდე არნახულ სახეობებსაც.

1894 წელს, ბათუმის სათათბიროს პირველი არჩევნების შედეგად, ქალაქის თავად აირჩიეს ლუკა ასათიანი. თავისი ავტორიტეტისა და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირების წყალობით მან მოახერხა მნიშვნელოვანი თანხების მოზიდვა ქალაქის კეთილმოწყობისთვის, რომელთა დიდი ნაწილი ბულვარის განვითარებას მოხმარდა.

საუკუნეების მიჯნაზე პარკს დაემატა განათება და მუსიკალური მოედნები მეჯლისებისთვის. ერთ-ერთ ხეივანში კეგლის მოედანი და ელექტროენერგიით განათებული ველოტრეკი მოეწყო. თუმცა, 1905 წლის პოლიტიკური არეულობის გამო ბულვარის მშენებლობა ოც წელზე მეტი ხნით შეფერხდა.

1929 წელს ბულვარს ახალი გამგე, იასონ გორდეზიანი ჩაუდგა სათავეში. გორდეზიანის ხელმძღვანელობით 1932-33 წლებში ბულვარი კიდევ 1 ჰექტრით გაფართოვდა. 1934 წელს, მისივე ინიციატივით, აშენდა კოლონადები, მათ შორის ცენტრალური შესასვლელი, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ იოსებ სტალინის ძეგლით ჩაანაცვლა.

ამავე პერიოდში გადააკეთეს ბულვარის მცენარეული საფარი, გაფართოვდა სანერგეები, სათბურები და ორანჟერეები. გაჩნდა 1200-მეტრიანი ახალი ხეივანი და შადრევნები სხვადასხვა ნაწილში.

1970-80-იან წლებში პარკი ქალაქის მთავარ სარეკრეაციო ზონად იქცა. აქ იმართებოდა მნიშვნელოვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები. თუმცა ნაკლები აქცენტი კეთდებოდა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ათწლეულზე მეტი ბულვარზე ყველანაირი სამუშაო შეჩერდა.

2004 წლიდან ბულვარის განახლების და გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. ტერიტორიას დაემატა ე.წ. “ახალი ბულვარის” მონაკვეთი. განახლების ფარგლებში ბულვარს ახალი სუბტროპიკული მცენარეები, სკულპტურები, ველობილიკი და კომერციული ობიექტები შეემატა.

2022 წელს დამტკიცდა ბულვარის ახალი გენერალური გეგმაც, რომელიც მიზნად ისახავს პარკის არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება-განვითარებას.

ახლომდებარე სანახაობები

ბათუმის პიაცა - მოედანი, რომელზეც განთავსებულია ევროპაში უდიდესი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკა. მოზაიკა 2010 წელს შეიქმნა და 88 მილიონზე მეტი დამუშავებული მარმარილოს ფილისგან შედგება. ბათუმის პიაცას მიმდებარედ მრავლადაა განთავსებული რესტორნები, კაფეები და სასტუმროები. 

ბათუმის საკათედრო ტაძარი - ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი 1897-1902 წლებში აშენდა მეცენატი ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით. ნეო-გოტიკური სტილის სამგუმბათიანი ტაძრის მთავარი დეკორატიული ელემენტები ფერადი ვიტრაჟული სარკმლები, შავი და თეთრი მარმარილოს მოზაიკური იატაკი და გოტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მაღალი, შპილებიანი კოშკებია. ინტერიერში შენარჩუნებულია ორიგინალური ფრესკები და ხატები, ხოლო ფასადზე განთავსებულია წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს ქანდაკებები შესაბამისი წარწერებით. 

აჭარის ხელოვნების მუზეუმი - რეგიონის მთავარი სამხატვრო გალერეა. მუდმივ გამოფენაში ძირითადი ნაწილი უჭირავს XIX-XX საუკუნეების ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის წარმოდგენილია ისეთი გამოჩენილი ხელოვანების ტილოები, როგორებიც არიან ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ლადო გუდიაშვილი და სხვები. 2015 წლიდან მუზეუმს ახალი სამხატვრო გალერეა შეემატა, სადაც რეგულარულად იმართება თანამედროვე ხელოვნების გამოფენები და საგანმანათლებლო ღონისძიებები. 

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - აჭარის რეგიონის მთავარი მუზეუმი. დაარსდა 1908 წელს და დღესდღეობით 180,000-მდე ექსპონატს ინახავს. კოლექციაში დაცულია უნიკალური ისტორიული არტეფაქტები, ფოტოები, ფლორა და ფაუნა, ხელოვნების ნიმუშები და მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუზეუმის უნიკალური წიგნის ფონდი, რომელიც 6000-მდე ეგზემპლარს აერთიანებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა