KA

სკიტური ყაზბეგში

ყაზბეგში, აგრეთვე, გუდაურში, სკიტურის დასაგეგმად არაერთი შესაძლებლობა არსებობს. რაც უნდა გამოცდილი მოთხილამურე იყო, ეს საქმე მაინც სერტიფიცირებულ გამყოლს უნდა მიანდო. ის ზედმიწევნით კარგად იცნობს კავკასიონის მთებს, ადგილებს, სადაც შეიძლება ზვავი წამოვიდეს და აქვს ყველა უნარ-ჩვევა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში პრობლემებისგან გიხსნას.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

სკიტურის მარშრუტები ყაზბეგში

შენი ფიზიკური მომზადებისა და ამინდის შესაფერის მარშრუტებსაც პროფესიონალები დაგიგეგმავენ. ყაზბეგიდან სკიტურები ძირითადად ჭაუხის უღელტეხილის მიდამოებში, სოფელ ჯუთასთან, ხევსურეთისა და ყაზბეგის წყალგამყოფ ქედზე, მყინვარწვერზე და ბევრი სხვა მიმართულებით ეწყობა.  

ეს ნამდვილად საინტერესო, ტექნიკურად დატვირთული მარშრუტებია, რომლებიც, სკიტურის გარდა, სკიალპინიზმის უნარებსაც საჭიროებს. ეს იმ შემთხვევებისთვის, თუკი ასვლისას თოკებში ჩაბმა და ისე მოძრაობა გახდა საჭირო.  

მყინვარწვერის მიმართულებით ჯგუფები დაბა სტეფანწმინდიდან გადიან. ტური ღამისთევითაა, რაც ულამაზესი პეიზაჟების თვალიერების მეტ შესაძლებლობას იძლევა. 

ჭაუხის მარშრუტი შედარებით რთულია - გზა ცუდია, დასარჩენი ბანაკიც შენით უნდა მოაწყო, შესაბამისად, მასზე დადგომა გაზაფხულზეა რეკომენდებული.

რა უნდა გაითვალისწინო

გამოცდილი გამყოლის დაქირავების გარდა, მნიშვნელოვანია, სრულყოფილი აღჭურვილობა გქონდეს: სპეციალური თხილამურები, სამოსი, საზვავო ჩანთა, გადამცემი, ნიჩაბი, სხვა  საჭირო ნივთები და აპარატურა.

სკიტურებისთვის კარგი ფიზიკური მომზადებაა აუცილებელი. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი სპეციალისტები შენთვის შესაბამის სავარჯიშო პროგრამას შეადგენენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა