KA
2025-02-14T03:40:42.000000Z
ქუთაისის ღირსშესანიშნაობები

ქუთაისის ღირსშესანიშნაობები

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კულტურის კერაა. ანტიკური წყაროების თანახმად, ერთ დროს სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა ისტორიული კოლხეთის დედაქალაქი, აია, მითიური მეფე აიეტის სასახლე და აქ მოიპოვეს არგონავტებმა ოქროს საწმისი.
სარჩევი

თანამედროვე ქუთაისი და მისი შემოგარენი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, მუზეუმებით, თეატრებითა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით. ქალაქი, რომელიც რიონის ორივე ნაპირზეა გაშენებული, იდეალურ ადგილას მდებარეობს დასავლეთ საქართველოს კულტურული ტურიზმის დასაწყებად.

და ვიზიტორებმა პირველ რიგში ქვემოჩამოთვლილი 11 ღირსშესანიშნაობით უნდა დაიწყონ.

გელათის მონასტერი

გელათის სამონასტრო კომპლექსი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, ქართული ოქროს საუკუნის არქიტექტურისა და კულტურის გვირგვინი. დავით აღმაშენებელმა ეს მონასტერი "მეორე იერუსალიმად" მონათლა, რაც პირველ რიგში მის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე მიუთითებდა - თავისი ზენიტის პერიოდში გელათის აკადემია საქართველოს მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო.აქ მოღვაწეობდნენ იმდროინდელი საქართველოს უდიდესი მოაზროვნეები, მათ შორის იოანე პეტრიწი. გელათის მონასტერში დაცული იყო უნიკალური ხელნაწერები და ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომელთა ნაწილი დღეს საქართველოს სხვადასხვა მუზეუმშია გადანაწილებული.

კომპლექსის მთავარი ნაგებობა ცნობილია მასშტაბური მოზაიკებით, განსაკუთრებით კი საკურთხევლის კონქში გამოსახული ღვთისმშობლის ფიგურით, რომელიც ბიზანტიური მოზაიკური ხელოვნების უნიკალური ნიმუშია. ფრესკები ტაძრის კედლებზე XII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების ეტაპების თვალნათელი მაგალითია.

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძარი 1003 წელს ააგეს და არქიტექტურული გადაწყვეტა რევოლუციური იყო იმ დროისთვის - გუმბათი მაღალ ბოძებს დაეყრდნო, რაც შიდა სივრცის უჩვეულო სიმაღლესა და სინათლეს უზრუნველყოფდა.

ბაგრატის ტაძრის ინტერიერი მორთული იყო მდიდრული მოზაიკებით და ფრესკებით, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამხრეთის კარიბჭეში შემორჩენილი ღვთისმშობლის ფრესკა. ნაგებობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარეობის სამსართულიანი კოშკი, რომელიც, სავარაუდოდ, ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო.

უქიმერიონის ციხე

უქიმერიონის ციხე, ისტორიული წყაროების მიხედვით, VI საუკუნეში აიგო და რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის თავდაცვითი ნაგებობა იყო. ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოპი კესარიელის ცნობით, ამ ციხის მფლობელს შეეძლო ეკონტროლებინა მთელი აღმოსავლეთ ეგრისი, ლეჩხუმი და სვანეთი.

ციხიდან კონტროლდებოდა რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო გზები და სტრატეგიული გადასასვლელები.  მისი როლი განსაკუთრებით გაიზარდა ირან-ბიზანტიის ომების დროს და რეგიონში ძალთა ბალანსის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი იყო.

დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, თუმცა ისინი მოწმობენ ციხის მასშტაბურობასა და სამშენებლო ტექნიკის მაღალ დონეს. თავდაცვითი კედლების სისქე და სამშენებლო მასალის ხარისხი მიუთითებს, რომ ნაგებობა ისე იყო აგებული, რომ ხანგრძლივი ალყის პირობებშიც კი შეუვალი იქნებოდა.

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე, ქუთაისიდან 7 კილომეტრში, მდინარე რიონის ნაპირას მდებარეობს. პირველი ცნობები სასახლის შესახებ VIII საუკუნის წყაროებში ჩნდება, თუმცა ითვლება რომ მისი ოქროს პერიოდი XII საუკუნეში დადგა - ამ დროს გეგუთის სასახლე იგი სამეფო რეზიდენციად იქცა.

გეგუთის სასახლის არქიტექტურა ცხადყოფს, რომ მის ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდში რამდენიმე ნაგებობა ყოფილა ერთმანეთის ნანგრევებზე აშენებული. ყველაზე ადრეული ნაწილი VIII-IX საუკუნეების "სანადირო სახლია", ხოლო მთავარი კომპლექსი XII საუკუნეში აშენდა. ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა ოთხიარუსიანი სამეფო დარბაზი იყო, რომელსაც 14-მეტრიანი გუმბათი აგვირგვინებდა.

სასახლის კომპლექსი მოიცავდა როგორც საცხოვრებელ, ისე სამეურნეო ნაგებობებს, მათ შორის საგანძურს, სალაროს და აბანოს. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მოღვაწეობა 1861 წლიდან იწყება, როდესაც კირილე ლორთქიფანიძის, დიმიტრი ბაქრაძისა და აკაკი წერეთლის თაოსნობით პირველი წარმოდგენები გაიმართა.

თეატრის თანამედროვე შენობა 1969 წელს გაიხსნა და ქალაქისთვის გამორჩეულად საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტებით გამოირჩევა. 2010 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ შენობა კიდევ უფრო დაიხვეწა - განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, დაემატა ახალი კოლონები და შესასვლელი, ხოლო სახურავზე 13 რომაული ფიგურა განთავსდა.

თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი ხელოვანები, როგორებიც იყვნენ ლადო მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვასო აბაშიძე და ვერიკო ანჯაფარიძე. 

დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა

1967 წელს დაარსებული გალერეა მთავარი სამხატვრო საგამოფენო სივრცეა ქუთაისში - აქ დაცული კოლექცია 3000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს, რომელშიც წარმოდგენილია ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების სრულ პანორამას.

ქუთაისის ხელოვნების გალერეის ფონდებში დაცულია ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის და სხვა საკულტო ქართველი ხელოვანების ნამუშევრები. განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით კაკაბაძის იმერეთის სერია და პარიზის პერიოდის გრაფიკული პეიზაჟები, სერგო ქობულაძის გრაფიკული ნაწარმოებები და ნიკო ფიროსმანის "ქალი თარით".

გალერეის ოთხი საგამოფენო დარბაზიდან ორი მუდმივ ექსპოზიციას ეთმობა, ხოლო ორში პერიოდული გამოფენები იმართება. გალერეა რეგულარულად მასპინძლობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მხატვრების გამოფენებს, სიმპოზიუმებს და შემოქმედებით შეხვედრებს, რაც მას ქუთაისის თანამედროვე კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს.

ქუთაისის სინაგოგა

ქუთაისის მთავარი სინაგოგა 1886 წელს აშენდა. სინაგოგის მშენებლობა ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად ადგილობრივი ებრაული თემის დაფინანსებით განხორციელდა და იმდროინდელი ფასით 40,000 მანეთი დაჯდა.

შენობა გამოირჩევა თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით - მისი მოპირკეთებული ფასადები დახვეწილი დეკორითაა გაფორმებული, განსაკუთრებით გამორჩეულია გაპონოვის ქუჩაზე გამომავალი ფასადი სამმაგი თაღედით. სინაგოგის ინტერიერი მთლიანად მოხატულია.

ქუთაისის სინაგოგის კომპლექსი მოიცავდა დამხმარე ნაგებობებსაც, სადაც ასწავლიდნენ ივრითს და ატარებდნენ სხვადასხვა იუდაურ რიტუალს. აქვე იყო ფურნე, სადაც მაცას აცხობდნენ. დღეს სინაგოგა კვლავ მოქმედია და წარმოადგენს ქუთაისის მრავალეთნიკური კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს.

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1912 წელს დაარსდა და თავდაპირველად ცნობილი მოღვაწის, გრიგოლ გველესიანის სახლში განთავსდა. დღესდღეობით მუზეუმის კოლექცია, რომელიც 150,000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს, განთავსებულია თავად ნიკოლოზ ერისთავის ყოფილ სასახლეში.

არქეოლოგიურ განყოფილებაში დაცულია უძველესი არტეფაქტები, მათ შორის ბრინჯაოს და ანტიკური ხანის ნიმუშები - კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები და უძველესი ქანდაკებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუზეუმის მდიდარი შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების კოლექცია, მათ შორის X საუკუნის ვერცხლის სტავროთეკა და XI საუკუნის ლორფინები.

მუზეუმის საარქივო ფონდი ინახავს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებსაც, მათ შორის ცნობილი საზოგადო მოღვაწეების პირად არქივებს, გელათისა და მოწამეთას სამონასტრო დოკუმენტაციას და XIX-XX საუკუნეების ფოტომასალას. ჯამში, მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცულია 40,000-ზე მეტი წიგნი და პერიოდული გამოცემები.

სათაფლია

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა და უნიკალური კომპლექსია, სადაც უმნიშვნელოვანესი გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, სპელეოლოგიური, ზოოლოგიური და ბოტანიკური მასალები ინახება. სათაფლიის ნაკრძალი 330 ჰექტარს იკავებს, რომლის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტყით.

აქ აღმოჩენილია 200-ზე მეტი დინოზავრის ნაკვალევის ანაბეჭდი, რომელიც როგორც მტაცებელი, ისე ბალახისმჭამელი დინოზავრების ნაკვალევს შეიცავს. პირველი ნაკვალევი 1925 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა.

ნაკრძალში მოწყობილია ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი, საფეხმავლო ბილიკები და პანორამული მოედნები.

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული მღვიმეა. მისი ჯამური სიგრძე 2900 მეტრი, საშუალო სიმაღლე 7 მეტრი, ხოლო საშუალო სიგანე 10 მეტრია. 

პრომეთეს მღვიმეში 22 დარბაზია, რომელთაგან 6 ღიაა ვიზიტორებისთვის: "არგონავტების დარბაზი", "კოლხეთის დარბაზი", "მედეას დარბაზი", "სიყვარულის დარბაზი", "პრომეთეს დარბაზი" და "საქართველოს დარბაზი". განსაკუთრებით შთამბეჭდავია მღვიმის ნაღვენთი ფორმები - სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები და "ორღანის მილები". ვიზიტორებისთვის მოწყობილია 1420 მეტრის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი და 380 მეტრის სიგრძის სანაოსნო მარშრუტი. 

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. პირველი ბაღი ამ ტერიტორიაზე XIX საუკუნის შუა წლებში გაშენდა და "ფერმის ბაღის" სახელით იყო ცნობილი. თანამედროვე ბოტანიკური ბაღი 1969 წელს დაარსდა შოტლანდიელი აგრონომისა და მრეწველის, იაკობ მარის ხელმძღვანელობით.

ტერიტორიაზე ხარობს 700-მდე სახეობის მცენარეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის ნაწილი წითელ წიგნშია. ბაღის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა 400 წლის მუხაა, რომლის ღეროშიც მცირე სამლოცველოა მოწყობილი. 

ბოლო წლებში ბაღის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდა - მოეწყო ხელოვნური აუზები, შადრევნები, ამფითეატრი და საკონცერტო სივრცეები, სადაც პერიოდულად კულტურული ღონისძიებები ეწყობა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა