KA
2024-12-14T15:00:18.000000Z
10 ისტორიული ძეგლი, რომელიც საქართველოში უნდა ნახო

10 ისტორიული ძეგლი, რომელიც საქართველოში უნდა ნახო

საქართველოს ისტორიული ძეგლები ქვეყნის უძველესი და მდიდარი ისტორიის შესახებ მეტყველებს. მათგან რამდენიმეს ამორჩევა სუბიექტური ამბავია, მაგრამ ვეცდებით, უმნიშვნელოვანესი ძეგლებიდან 10 შევარჩიოთ.
სარჩევი

ალავერდი

ალავერდის ტაძარი

კახეთში, ახმეტის რაიონში, კავკასიონის მთების ძირში, მდინარე ალაზნის ველზე შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ტაძარი - ალავერდი მდებარეობს, რომლის აგება ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება. 

ალავერდი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკლესია იყო თბილისში სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე. ალავერდის ტაძარი გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან.

ამ ადგილის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ ალავერდში დაკრძალული არიან კახეთის მეფეები.

გრემი

გრემი XVI საუკუნის ძეგლია კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. ეს დიდი კომპლექსია, რომელიც აერთიანებდა: მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, სასახლე-სამრეკლოს, სამეურნეო ნაგებობებს, აბანოებს, ბაზარსა და ქარვასლას. ეს ყველაფერი კი გალავნით იყო გარშემორტყმული. 

გრემი კახეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. 

1975 წლიდან კომპლექსი მუზეუმ-ნაკრძალია, სადაც აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის იარაღი, სამკაული, ცხოველთა ქანდაკებები, კერამიკის ნიმუშები, საბრძოლო იარაღი და სხვა. 

გრემი თვალნათლივ გიჩვენებს საუკუნეების წინანდელ ყოფას, საქართველოს მეფეების ცხოვრების წესსა და ტრადიციებს. ასე რომ, თუ ქართული კულტურის შემეცნება და შეგრძნება გსურს, გრემს უნდა ესტუმრო.

გერგეტის სამება

წმინდა სამების სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც გერგეტის სამებას უწოდებენ, ყაზბეგში, სტეფანწმინდაში, მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მაღალი მთის წვერზე XIV საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული და საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. 

მას თერგის ხეობიდანვე შეამჩნევ, უკან კი ფონად მყინვარწვერი აქვს და საოცრად  შთამბეჭდავი სანახავია.

გერგეტის სამება ის იშვიათი ტაძარია, რომელიც ზღვის დონიდან 2170 მეტრზეა აგებული. 16 ივლისს, გერგეტობის დღესასწაულზე, აქ უამრავი ხალხი იკრიბება.

კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი

თუ გინდა, ნახო ტაძარი ცაში, იმერეთში, ჭიათურასთან ახლოს, სოფელ კაცხში უნდა ჩახვიდე. კაცხის სვეტი მარტო ისტორიული ძეგლი კი არა, ბუნების ძეგლიცაა - აქ, მიწიდან 40 მ სიმაღლეზე, კირქვის სვეტის თავზე გასული საუკუნის 40-იან წლებში V-VI საუკუნეების ეკლესიებისა და სხვა ნაგებობების ნაშთი აღმოაჩინეს.

კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს. ამჟამად კაცხის სვეტზე აგებულია ეკლესია, სადაც განდეგილი ბერი მოღვაწეობს და ვიზიტორებისთვის ასვლა ნებადართული არ არის. 

სვეტის მიმდებარედ X-XI საუკუნეების კაცხის ტაძარი დგას. სვეტის ძირში ადრე შუა საუკუნეების ეკლესიის კედლებია შემორჩენილი. სვეტის გარშემო კლდეებში კი სამალავები და გამოქვაბულებია აღმოჩენილი.

უფლისციხე

უფლისციხე

თუ კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლების ნახვა გსურს, უფლისციხისკენ უნდა აიღო გეზი. 

ეს კლდეში ნაკვეთი ქალაქია გორის აღმოსავლეთით, სადაც ადრინდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფია დაცული. 

აქ ნახავ გასაოცარი დაგეგმარების მქონე კლდეში ნაკვეთ ქუჩებსა და მოედნებს, არხებს, გვირაბებს, გალავნებს, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს. აქ აღმოჩენილი არტეფაქტები ხელოვნების მუზეუმში ინახება. მათ შორის საინტერესოა მძივები, ბეჭდები, ჭურჭლის ფრაგმენტები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი ტერაკოტის ქანდაკებაა ქალღმერთის გამოსახულებით, რომელიც ძვ.წ. IV-III საუკუნეებითაა დათარიღებული.  

VI საუკუნეში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კლდეში დიდი ზომის ბაზილიკაც გამოკვეთეს.

ახალციხის (რაბათის) ციხე

რაბათის ციხე

ამ მძლავრი ციხესიმაგრის ისტორია IX საუკუნეში იწყება. ის სამცხე-ჯავახეთის განსაკუთრებული მნიშვნელობის თავდაცვითი ნაგებობა იყო და მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვს. XII-XIII საუკუნეებში ის სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია იყო. დღეს კი ახალციხის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. 

ციხესიმაგრე შვიდ ჰექტრამდე ფართობს იკავებს. ამ ტერიტორიაზე განსხვავებული ფუნქციისა და მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ნაგებობები დგას: ციტადელი, მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზია განთავსებული. ტერიტორია დიდი გალავნით არის შემოფარგლული.

2012 წელს ძველ ციხესიმაგრეს რესტავრაცია ჩაუტარდა და დღეს უკვე მის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ ძეგლის ნახვის შემდეგ დაისვენო და დრო სასიამოვნოდ გაატარო.

გელათი

გელათი

გელათი ქალაქ ქუთაისში მდებარეობს. კომპლექსი 1106 წელს საქართველოს უდიდესმა მეფემ დავით აღმაშენებელმა ააგო და მისი არქიტექტურა, მოხატულობა თუ ისტორიული ღირებულება დღემდე აღმაფრთოვანებელია. 

გელათი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული, საგანმანათლებლო და რელიგიური ცენტრი იყო. მეფე დავით აღმაშენებელმა აქ აკადემია დააარსა, რომელიც სტრუქტურით ბიზანტიაში არსებულ აკადემიებს ჰგავდა და აქაც დაახლოებით იგივე სამეცნიერო დისციპლინები ისწავლებოდა.  გელათის აკადემიამ XVI საუკუნის პირველ ნახევრამდე იარსება. აკადემია 1990 წელს კვლავ აღდგა და დღეს აქ საღვთისმეტყველო სასწავლებელია.

გელათის მონასტერს იუნესკო იცავს და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. 

გელათში დაკრძალულნი არიან საქართველოს სახელოვანი მეფეები - დავით აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, ბაგრატ III, გიორგი II და სხვები. 

ვარძია

ვარძია

ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლია სამცხე-ჯავახეთში მდებარე, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, რომელიც თამარ მეფის სახელს უკავშირდება. 

ვარძია 1156-1203 წლებში იქმნებოდა და სამეფო მონასტერს წარმოადგენდა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა. 

კომპლექსი აერთიანებს გვირაბებს, ეკლესიებს, მარნებს. მას XII საუკუნეშივე ჰქონდა წყალსადენის განვითარებული სისტემა. 

ვარძია ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლია, რომელიც ქართული კულტურის დიდებულებას საუკეთესოდ დაგანახვებს.

დავითგარეჯა

დავითგარეჯა

VI საუკუნეში ასურელმა მამამ, დავითმა, დღევანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსი დააარსა, რომელსაც დავითგარეჯის სახელით ვიცნობთ. 

ის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ისტორიული თუ მხატვრული ღირებულებით შეუფასებელია. 

აღმშენებლობის პიკი დავითგარეჯისთვის  XI-XIII საუკუნეებია, როცა ახალი მონასტრები დაარსდა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია, გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება უნიკალური კედლის მხატვრობაც. 

ნარიყალა

ნარიყალა ღამით

ნარიყალა - ციხესიმაგრე, რომელიც სოლოლაკის ქედიდან თბილისს გადმოჰყურებს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში. თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხესიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს არის ნახსენები. ნარიყალა ძნელად მისადგომი თავდაცვითი ნაგებობა ყოფილა მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით. მას დღემდე მუდმივად სტუმრობენ ტურისტები თუ ადგილობრივები, როგორც თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა