სარაჯიშვილის რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა რომანსებს, ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებსა და საოპერო არიებს. წარმატებით გამოდიოდა მილანის ლა-სკალას და პეტერბურგისა სცენებზე. მეცადინეობდა მილანის კონსერვატორიაში. პარტნიორობას უწევდა ცნობილ იტალიელ მომღერლებს - ტიტა რუფოსა და ევგენი ჯირალდონის; ლა-სკალაში მოპოვებული წარმატების შემდეგ პარმაში, ტრიესტსა და ნიცაში მიიწვიეს. მისი კარიერა ევროპის დიდ სცენებზე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ვანო სარაჯიშვილი სამშობლოს გარეთ დიდხანს ვერ ჩერდებოდა. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და სამუდამოდ დარჩა თბილისის საოპერო თეატრში. ის 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ოპერის თეატრის ბაღში.
ვანო სარაჯიშვილის სახელობისაა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
ჩვენამდე რამდენიმე გრამფირფიტამ მოაღწია სარაჯიშვილის უნიკალური ხმით, რომელსაც მუზეუმშივე მოუსმენ. მისი ხმის ფონზე კი საქართველოსა და იტალიაში, ლა-სკალას თეატრში მოღვაწეობის ამსახველ ფოტომასალას, სპექტაკლების კოსტიუმებსა და მუსიკოსის პირად ნივთებს დაათვალიერებ.