თბილისიდან საგარეჯოსკენ მიმავალ გზას მანქანით გაივლი. საგარეჯოდან კი ველოსიპედით გეზს დავითგარეჯისაკენ აიღებ და მოასფალტებული გზა 5-6 საათში სამონასტრო კომპლექსთან მიგიყვანს.
დავითგარეჯი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რელიგიურ-კულტურული ცენტრია. სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნის I ნახევარში ასურელ მამას, დავითს დაუარსებია. აქ დღესაც ცხოვრობენ ბერები. ხედები, რომლებიც მონასტრიდან იშლება, წარმოუდგენლად ლამაზია. დავითის ლავრის მონახულების შემდეგ მანქანით ჩალაუბნის გავლით სიღნაღში ჩახვალ.
ეს დღე სიღნაღს უნდა დაუთმო, რადგან აღნიშნული ქალაქი ცნობილია ქვაფენილიანი ქუჩებით, აივნებიანი სახლებითა და განსაკუთრებული სილამაზით.
სიღნაღიდან ხელისგულივით მოჩანს დათოვლილი კავკასიონი, ალაზნის უზარმაზარი ველი და VI საუკუნის ალავერდის დიდებული ტაძარი. ახლოსაა ბოდბის დედათა მონასტერიც, რომელიც, გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილასაა აგებული. ამ მონასტერში მაკურნებელი წყაროც მოედინება.
სიღნაღიდან გზას ლაგოდეხისკენ დაადგები. ველოსიპედით მანძილს 4-5 საათში დაფარავ.
ლაგოდეხში შეგიძლია დაცული ტერიტორიები მოინახულო ან მანქანით ახმეტისაკენ განაგრძო გზა. 1,5-საათიანი მგზავრობის შემდეგ ველოსიპედით ჟინვალის წყალსაცავისაკენ გაემართები. 55-კილომეტრიან მანძილს 6 საათში დაფარავ და ულამაზესი ბუნების ხილვის შესაძლებლობაც გექნება. ღამის გათევას კი „არაგვის სათავგადასავლო ცენტრის“ კოტეჯებში შეძლებ.