KA
მიწისქვეშა საქართველო

მიწისქვეშა საქართველო

საქართველო ცნობილია მთებითა და ტყეებით, მდინარეებითა და ტბებით, ჩანჩქერებით, ბუნების საოცრებებით, რომლებიც დამატყვევებელი სილამაზით გამოირჩევა. თუმცა აქ უფრო იდუმალ და ზღაპრულ ადგილებსაც შეხვდები - მღვიმეებსა და გამოქვაბულებს.
სარჩევი

საქართველოს მღვიმეებისა და გამოქვაბულების მონახულების შემდეგ დარწმუნდები, რომ ეს ქვეყანა მიწის ქვემოთაც შთამბეჭდავ სილამაზეს ინახავს.

საქართველოს მღვიმეები

საქართველოში 1500-ამდე მღვიმეა შესწავლილი. მათი დიდი ნაწილი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, მდინარეებით, ტბებით, ბუნებრივი ნაღვენთებით - სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით, რომლებიც ზღაპრულ დარბაზებს ქმნის. მეტიც, ყველაზე ღრმა მღვიმე (ვერიოვკინის მღვიმე) საქართველოში, აფხაზეთში მდებარეობს.

სათაფლია

სათაფლიის მღვიმე

საქართველოში მიწისქვეშა მოგზაურობა სათაფლიიდან უნდა დაიწყო. სათაფლია ქუთაისიდან 7 კილომეტრში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და არა მხოლოდ გასაოცარ კარსტულ მღვიმეს, არამედ კოლხურ ტყეს, რელიქტურ და ენდემურ ნიმუშებს და დინოზავრის ნაკვალევს აერთიანებს. ის სახელმწიფო ნაკრძალია და მუდმივად იზიდავს ვიზიტორებს, მისი უჩვეულო სილამაზისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო.

სათაფლიის მღვიმე დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. ესაა ქვედა ცარცულ შრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, რომელშიც „გუმბათოვან დარბაზსა“ და „ნაღვენთების სასაფლაოს“ ნახავ. მღვიმე სავსეა სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით. ისინი რამდენიმე ადგილას ერთდება კიდეც და დიდ სვეტებს ქმნის. 

მღვიმის სიგრძე 900 მეტრია, სიმაღლე - 10 მეტრზე მეტი, სიგანე კი 14-15 მეტრს შორის მერყეობს. სათაფლიის მღვიმე 1925 წელს, პირველყოფილი ადამიანების სადგომების ძიებისას, მეცნიერმა პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა.

პრომეთეს მღვიმე

შემდეგი გაჩერება პრომეთეს მღვიმეა, რომელიც კიდევ უფრო მომხიბვლელია თავისი ფერადოვნებით, მასშტაბებითა და ბუნებრივი ქანდაკებებით. აქ ცოცხლდება 60-70 მილიონი წლის წინანდელი ისტორია და ბუნების გასაოცარი შემოქმედების მომსწრე ხდები. ესაა ადგილი, სადაც ცოტა ხნით თავს ზღაპრულ სამყაროში იგრძნობ და გაგიჭირდება გაარჩიო, რა არის რეალური და რა - ფანტასტიკური? 

მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. ის აერთიანებს 22 დარბაზს, საიდანაც ტურისტებს 6-ის დათვალიერება შეუძლიათ. მღვიმე საფეხმავლოა 1420 მეტრი სიგრძის ბილიკით. ამასთანავე, გასეირნება სანაოსნო ტურითაცაა შესაძლებელი. 

მღვიმეში ტყეებივითაა შემოჯარული სტალაქტიტები და სტალაგმიტები. აქვე ნახავ ქვის ჩანჩქერებს, ფარდებს, სვეტებს. ვრცელი დარბაზები, რომლებიც სხვადასხვაფრადაა განათებული, ნამდვილად აგიმაღლებს განწყობას და თავს ერთი დიდი თავგადასავლის ნაწილად გაგრძნობინებს. 

ხვამლის მიწისქვეშა სამყარო

იმერეთიდან ლეჩხუმში გადაინაცვლე, სადაც მორიგი საოცრება - ხვამლის მთა დაგხვდება. ეს კირქვული მასივია ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. აქ მდებარეობს ისტორიული გამოქვაბული, იგივე ქვაბ-სახიზარი, რომლის შესახებაც ამბობდნენ, რომ იყო „მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები“. თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც ხვამლით უნდა დაინტერესდე. აქ გვხვდება მღვიმეები - თეკენთერი, რომელშიც წიფლის ფუღუროდან შედიხარ, და ყინულოვანი ბოგა.

თეკენთერი არის ჭა, კარსტული სიღრუე, რომლის სიღრმე 16 მეტრია. ის მსოფლიო მასშტაბის უნიკალური ძეგლია. ჭა ჰორიზონტალურ გვირაბს უკავშირდება, რომელში ჩასვლაც დიდი წიფლის ფუღუროდანაა შესაძლებელი. მის ფსკერზე კი გამდინარე წყაროა, რომელსაც სასმელად იყენებენ. აქ ნაპოვნი ძველი თუნგები და სათლები მის სიძველეს ადასტურებს.

ბოგის მღვიმე კი კარსტული მღვიმეა ხვამლის კირქვულ მასივში. აქ გვხვდება დარბაზები, თუმცა მღვიმე ბოლომდე გამოკვლეული არაა. ბოგის მღვიმის შესწავლილი ნაწილის ჯამური სიღრმე 50 მეტრია. აქ თოვლ-ფირნისა და ყინულების წარმონაქმნებია. 

ძუძუანას მღვიმე

სილამაზის გარდა, საქართველოში მღვიმეებს კულტურული მნიშვნელობაც ენიჭება. ასეთია ძუძუანას მღვიმე ჭიათურაში, რომელიც უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. აქ აღმოჩენილია 34 000 წლის წინანდელი დამუშავებული და შეღებილი ძაფი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ, ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ადამიანმა ქსოვილი ყველაზე ადრე 34 ათასწლეულის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე დაამზადა. 

რაც შეეხება მღვიმის ტურისტულ დანიშნულებას, აღსანიშნავია, რომ აქ ლამაზი ნაღვენთი ფორმები გვხვდება, გაედინება ნაკადულიც. ის ორი სართულისგან შედგება, რომლის პირველი სართული მარტივი გასავლელია, მეორე კი - რთულად მისადგომი.

დასავლეთ საქართველოში კიდევ მრავალ მღვიმეს ნახავ, მათ შორისაა თეთრა - სამკურნალო ეფექტის მქონე მღვიმე, სადაც სასუნთქი გზების პრობლემებისა და ჰიპერტონიის მკურნალობა შეიძლება; ნავენახევი - ოთხი დარბაზისგან შემდგარი გამოქვაბული, რომელიც სავსეა სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით; ვანის ქვაბები, ღლიანა, ახალი ათონი და ა.შ. 

ეს სია მართლაც უსასრულოა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყველა მათგანში ჩასვლა, მით უმეტეს - გამყოლის გარეშე, რეკომენდებული არ არის. თუკი რომელიმე მღვიმის მონახულების სურვილი გაგიჩნდება, ჰკითხე გიდს, ის აუცილებლად გეტყვის, როგორი ტურისტული ინფრასტრუქტურაა შენთვის საინტერესო ობიექტზე და იმასაც გირჩევს, რომელი მღვიმის მონახულება ღირს.

გამოქვაბულები

მღვიმეებისგან განსხვავებით, გამოქვაბულს ადამიანის მიერ გამოკვეთილ ღრმულს უწოდებენ. საქართველოში გამოქვაბულთა არაერთი კომპლექსია ცნობილი. ისტორიული ცნობები და არქეოლოგიური ძეგლები მოწმობს, რომ ჩვენს ქვეყანაში კლდეებში გამოკვეთილი სახლები და მთელი ქალაქებიც კი არსებობდა. 

უფლისციხე

უფლისციხე

თუ კლდეში ნაკვეთი ქალაქის ნახვა გსურს, უფლისციხისკენ უნდა აიღო გეზი. ის შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ სხვადასხვა დროს კლდეში ნაკვეთი დარბაზები, სათავსები და ნაგებობებია შემორჩენილი, თუმცა ის, რაც აქაურობას უნიკალურს ხდის, გეომეტრიული სიზუსტით დაგეგმარებული დარბაზები და მაღალმხატვრული ფრესკებია. კომპლექსები ერთმანეთთან გზა-ბილიკებითაა დაკავშირებული, ხოლო თავად ნაგებობები სხვადასხვა დანიშნულებისაა. აქ ნახავ ზღუდეს, თხრილს, გვირაბებს, წყალსადენებს, ეკლესიას, სახლებს, დარბაზებს, ოთახებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. უფლისციხე ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლია.

ვარძია

ვარძია

ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ვარძიის სახელს უკავშირდება ლეგენდა თამარ მეფეზე. თქმულების თანახმად, თამაშში გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. როცა მისმა თანმხლებმა პირებმა პატარა თამარი ვეღარ შენიშნეს, ძებნა დაუწყეს, მან კი სიხარულით შესძახა: „აქ ვარ, ძია!“ სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს ვარძია. კიდევ ერთი თქმულების მიხედვით, ვარძიაში სამას სამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, რათა მტერს მეფე თამარის ადგილსამყოფლისთვის ვერ მიეგნო.

ვარძიას დიდი როლი ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.  რამდენიმე იარუსიანი კომპლექსი გვირაბებს, ეკლესიებს, მარნებს, წყალსადენებსა და სხვა განვითარებულ ინფრასტრუქტურულ ელემენტებს აერთიანებდა.

შიომღვიმე

შიომღვიმე

შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაა, რომელიც ასურელმა მამამ, შიომ, VI საუკუნის II ნახევარში დააარსა. ის მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. 

გადმოცემის თანახმად, შიომ სიცოცხლის ბოლო წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაატარა და, მისივე ანდერძის მიხედვით, იქვე დაასაფლავეს. XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთდა. ეს უკანასკნელი სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. მონასტრის მახლობლად კლდეში ნაკვეთ მღვიმეებსაც შეხვდები, სადაც ბერები ცხოვრობდნენ და მტრის შემოსევისას მოსახლეობა თავს აფარებდა. შიომღვიმე, კულტურული და საეკლესიო თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია საქართველოში.

ბეთლემი

კიდევ ერთი გამოქვაბული, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლია, მყინვარწვერის მასივზე მდებარე ბეთლემია. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 4100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და იქ ასასვლელად რკინის ჯაჭვი გამოიყენება. გამოქვაბული VI საუკუნიდან განდეგილი ბერების ადგილსამყოფელი იყო. ბეთლემის გამოქვაბული საფუძვლად დაედო ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილს“. აღსანიშნავია, რომ სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რკინის ფირფიტებით შეჭედილი ბეთლემის კარი, სპილენძის შანდალი, საეკლესიო ინვენტარი და მონეტები ინახება. ბეთლემის კედელზე შესრულებულია ფრესკები, მისი წარწერის ფრაგმენტები კი X-XI საუკუნეებით თარიღდება.

ვერცერთი სია ვერ დაიტევს სრულყოფილად იმ განსაცვიფრებელ ადგილებს, რომლებიც ბუნებამ და ადამიანებმა ამ პატარა ტერიტორიაზე შექმნეს. საქართველოს ყველა კუთხეში აუცილებლად იპოვი გამორჩეულ ადგილს მიწის ქვემოთ, რომელიც უამრავ საიდუმლოს ინახავს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა