KA
2024-12-13T11:44:36.000000Z
პროგრესული ქართველი მეფეები

პროგრესული ქართველი მეფეები

ტახტზე შეიძლება ბევრი ავიდეს, მაგრამ მადლიერი შთამომავლობა მხოლოდ გამორჩეულებს მიაგებს პატივს. მცირემიწიან, მცირერიცხოვან საქართველოს ჰყავდა მეფეები, რომელთა ჭკუა, სიმამაცე, პროგრესულობა ნებისმიერ უხვმიწიან და მრავალრიცხოვან ქვეყანას გამოადგებოდა.
სარჩევი

ვახტანგ გორგასალი  

ვახტანგ გორგასალი V საუკუნის შუა ხანებში მეფობდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ, ჩრდილოეთიდან ოსები და ჰუნები გვიტევდნენ, ხოლო დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ბიზანტიელებს ჰქონდათ დაპყრობილი.

ვახტანგი თანმიმდევრობით შეუდგა ქართული მიწების დაბრუნებას. თავდაპირველად ჩრდილოეთ კავკასიაში ილაშქრა და დარიალი და სხვა ციხესიმაგრეები დაიბრუნა. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაზე გავლით ეგრისში გადავიდა, ბიზანტიელებისგან ანექსირებული ტერიტორია გაათავისუფლა და ეგრისი მთლიანად ქართლს შეუერთა. მასვე მიუერთა ბიზანტიელებისგან მიტაცებული ქართლის სამხრეთ-დასავლეთი პროვინციებიც. 

ვახტანგ გორგასლის ინიციატივით, ქვეყნის ცენტრი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანეს. ამით საფუძველი ჩაეყარა თბილისის ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას. მის მეფობას უკავშირდება ეკლესიებისა და მონასტრების მშენებლობა - სვეტიცხოვლის ბაზილიკის, ბოლნისის ბაზილიკის, არტანუჯის, უჯარმის, ჩელეთის ეკლესიებისა და ღვთისმსახურების წესების ჩამოყალიბება. მისი მმართველობის დროს ქართულად თარგმნეს არაერთი ბიზანტიური თხზულება. ამ დროს დაიწერა ქართული ჰაგიოგრაფიის უკვდავი ძეგლი - „წამებაი წმიდისა შუშანიკისა“. 

მეფე ვახტანგ გორგასალი 60 წლისა გარდაიცვალა. გადმოცემის მიხედვით, ის ღალატის მსხვერპლი გახდა. 502 წელს, სპარსელებთან ბრძოლისას, გათქვეს საიდუმლო, რომ აბჯარი მეფის იღლიას ვერ იცავდა. სწორედ იქ დაჭრეს ვახტანგი მოწამლული ისრით. მეფე უჯარმაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. 

ვახტანგ გორგასალი დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. საქართველოს ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. 

ბაგრატ მესამე

ბაგრატ მესამე იყო პირველი მეფე, რომელმაც საქართველოს გაერთიანება შეძლო. იგი 961-1014 წლებში მოღვაწეობდა. ფეოდალურ სამთავროებად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება რთული პროცესი იყო და მეფისგან ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდა. მაგალითად, ბაგრატ მესამემ სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, რომლებიც ქვეყნის გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდნენ. 

ბაგრატ მესამე თავისი წარმომავლობით სამი სამეფოს მემკვიდრე იყო: შვილიშვილი ქართველთა მეფის წოდების მქონე ბაგრატ ბაგრატიონისა, შვილი მეფეთ მეფე გურგენისა, დისშვილი ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსისა და შვილობილი ტაოს მეფე დავით III კურაპალატისა. ეს იყო დამატებითი ძალა და ლეგიტიმური საფუძველი მისთვის ამ უზარმაზარი მისიის შესრულების გზაზე. მის მთავარ დასაყრდენს მოწინავე თავად-აზნაურები, საშუალო და წვრილი აზნაურები, ვაჭართა ფენა წარმოადგენდნენ. 

ბრძოლითა და დიპლომატიით ბაგრატ მესამემ ჯერ შიდა ქართლი შემოიერთა, შემდეგ კლდეკარის განდგომილი საერისთავო დაიმორჩილა, მერე - ტაო, შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. მორიგი ნაბიჯი კახეთისა და ჰერეთის შემოერთება იყო, რითაც 1010 წელს ფეოდალური საქართველოს გაერთიანების ძირითადი ეტაპი დაასრულა. ამის შემდეგ ბაგრატ მესამის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იქცა, აღეკვეთა განძის ამირას მარბიელი ლაშქრობები, რაც ქვეყანას მოსვენებას უკარგავდა. ბაგრატმა განძაზე ანისის მეფესთან ერთად გაილაშქრა. კოალიციურმა ლაშქარმა შამქორის ციხე-ქალაქი აიღო. ამას მოწინააღმდეგისგან ზავის შეთავაზება მოჰყვა, რასაც ბაგრატი დათანხმდა. 

ერთიანი საქართველოს დედაქალაქად ქუთაისი გამოცხადდა, ბაგრატის ოფიციალური ტიტული კი ასეთი იყო: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, კურაპალატი“. მისი მეფობისას ქვეყანა კულტურულადაც განვითარდა. აიგო არაერთი ეკლესია, მათ შორის, ბაგრატის ტაძარი - როგორც ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო, ნიკორწმინდა და ბედიის მონასტერი. გარდაცვალების შემდეგ მეფე სწორედ აქ, ბედიის მონასტერში დაკრძალეს. ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ეს ძეგლი ოჩამჩირეში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა. სამწუხაროდ, 2012 წელს მონასტრის კედლებიდან წაშალეს ქართული ორნამენტები, წარწერები და ბაგრატ მესამის ფრესკა.   

საქართველოს ეკლესიამ საქართველოს გამაერთიანებელი მეფე ბაგრატ მესამე წმინდანად შერაცხა.

დავით აღმაშენებელი

ქართველი მეფე-რეფორმატორის დავით აღმაშენებლის სახელს კვლავ სამთავროებად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და აღმშენებლობა უკავშირდება. თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში დავითმა შეძლო ფეოდალური ქვეყნის გამთლიანება და საქართველოს უდიდეს სახელმწიფოდ გადაქცევა, რომლის საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაიჭიმა.

1089 წელს ტახტზე ასულ თექვსმეტი წლის ყმაწვილს მამამ, გიორგი მეორემ, მეფობასთან ერთად, მძიმე მემკვიდრეობა გადაულოცა. ახალგაზრდა მეფემ ქვეყნის გაერთიანებისთვის მზადება შინაური მტრების ალაგმვით დაიწყო. არმიაში, სამეფო კარსა და ეკლესიაში გატარებულმა რეფორმებმა შედეგი გამოიღო, 1118-1120 წლებში დავითმა ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში 40 ათასი ყივჩაყი ოჯახი ჩამოასახლა და მათგან მუდმივი ჯარი შექმნა, საუკეთესოებისგან პირადი გვარდია „მონა-სპა“ დააარსა. 

განსაკუთრებით სარისკო ნაბიჯებთან იყო დაკავშირებული დავითის საეკლესიო რეფორმები, თუმცა მეფემ ეს ნაბიჯიც გადადგა და 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვია, რომელზედაც არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. 

1099 წელს დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა მოჰყვა. 1103 წელს აიღო ზედაზენი, 1104 წელს ჰერეთი და კახეთი შემოიერთა

1121 წლის აგვისტოში ქართველებმა მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველთა 55-ათასიანი ლაშქარი  თურქ-სელჩუკთა 300-ათასიან არმიას დაუპირისპირდა. ქართველებმა ურიცხვი მტერი ვიწრო ხეობაში შეიტყუეს და თავგანწირული ბრძოლით დაამარცხეს. „ძლევაი საკვირველი“ - ასე შევიდა ეს დღე საქართველოს ისტორიაში. 

1124 წელს დავითმა თავის გავლენას დაუმორჩილა შირვანი, 1123 წელს აიღო სომხეთის მრავალი ქალაქი.

დავითის დროს მოიჭრა ახალი მონეტები, როგორც არაბული, ისე ქართული წარწერებით. სწავლული მეფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კულტურისა და ხელოვნების განვითარება. 1106 წელს დაიწყო მშენებლობა გელათის ტაძრისა, რომლის ბაზაზეც აიგო ობსერვატორია. ამავე პერიოდში დაარსდა გელათის აკადემია. მეფე დავითმა შთამომავლობას დაუტოვა ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუში - საკუთარი ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“. მის მიერ დაარსებულ გელათის, იყალთოსა და გრემის აკადემიებში მოღვაწეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მწერლები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, მათ შორის - არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი.  

მეფე დავითი, აღმაშენებელი, 1125 წელს 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის სამხრეთ შესასვლელში. მეთხუთმეტე საუკუნეში მისი წმინდა ნაწილები ტაძრის საკურთხეველში გადააბრძანეს. ტაძარშივეა მეფის ფრესკა, რომელიც მეთორმეტე საუკუნით თარიღდება.

მეფე, რომელსაც ერმა აღმაშენებელი უწოდა, ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 

თამარ მეფე

ის ერთადერთი ქალი მმართველია მსოფლიოში, რომელსაც მეფედ მოიხსენიებდნენ და არა დედოფლად. მისი მმართველობის ეპოქას „ოქროს ხანა“ ეწოდა. ეს მართლაც ოქროს ხანა იყო საქართველოს ცხოვრებაში. „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა  მპყრობელი“ - ასე იწოდებოდა თამარ მეფე. ისტორიკოსების შეფასებით, მის პიროვნებაში გაერთიანებული იყო ქალური მომხიბვლელობა და ვაჟკაცური ბუნება, სიბრძნე, სამართლიანობა და გულმოწყალება.

20 წლის თამარი საქართველოს მონარქი 1184 წლიდან გახდა. მამა - მეფე გიორგი III სახელოვანი მეფის, დავით აღმაშენებლის შვილი იყო. დედა - ბურდუხანი, ოსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. ხალხი მის გამეფებას სიხარულით შეხვდა, მაგრამ დიდგვაროვნები აჯანყდნენ. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქართველოს ისტორიაში პირველად ტახტზე ქალი ავიდა. ფეოდალურმა არისტოკრატიამ თამარს 1185 წელს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ქმრად შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ ისტორიულ წყაროებში ცნობილია, როგორც „გიორგი რუსი“. ორი წლის შემდეგ თამარი მასთან განქორწინდა და იური საქართველოდან განდევნეს. მეორედ თამარი დავით სოსლანზე დაქორწინდა.  

მეფე ქალი თავისი დიდი პაპისა და მამის პოლიტიკურ კურსს აგრძელებდა როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. 1995 წელს შამქორის ბრძოლაში აზერბაიჯანის ელდიგუზიანთა სამეფოს  მმართველი აბუ-ბექრი ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს. 1202 წელს ბასიანის ბრძოლაში დაამარცხეს რუმის სულთანი რუქნ ად-დინი, ამავე წელს თამარმა დალაშქრა შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთი ტერიტორია და შეიქმნა საქართველოსადმი დაქვემდებარებული ტრაპიზონის იმპერია. 

თამარის ეპოქაში, XII-XIII საუკუნეებში, მნიშვნელოვნად განვითარდა საერო მწერლობა. ამ დროს დაიწერა მსოფლიო ლიტერატურის საგანძური - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლა, ქართულ მონასტრებთან არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც სკოლებისთვის იყო განკუთვნილი. თამარის დროს აშენდა უნიკალური ხუროთმოძღვრების ძეგლი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ამავე პერიოდს უკავშირდება ფიტარეთის, ქვათახევის, ბეთანიისა და სხვა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. წმინდა მეფე ზრუნავდა პალესტინაში, კვიპროსზე, სინაის მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, შავ მთაზე, თრაკიაში, რუმინეთში, სავრიაში, კონსტანტინოპოლში ლავრებისა და სავანეების შემკობაზეც. ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისსა და ბერთუბანში თამარის ფრესკებია შემონახული.

ბურუსითაა მოცული თამარ მეფის დაკრძალვის ამბავი. ის ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა, როდესაც მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი დედაქალაქის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადააბრძანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი ცხედარი გელათში წაასვენეს, თუმცა, სად დაკრძალეს თამარი, დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. 

გიორგი V ბრწყინვალე 

გიორგი მეხუთეს (1318-1346) გამორჩეული ადგილი უკავია არამხოლოდ საქართველოს ისტორიაში. იგი  დემეტრე II თავდადებულის ძე იყო და დედის მხრიდან პაპის, ბექა ჯაყელის კარზე, სამცხეში იზრდებოდა. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა, ამიტომაც „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. 

1318 წელს დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V გამეფდა. მას მემკვიდრეობად  ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

გიორგი V ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მეგობრობდა ილხანის მთავარ ვეზირთან, ჩობან-ნოინთან, რამაც საშუალება მისცა, ქვეყნის საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას, ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, გაამთლიანა რეალურად სამად გაყოფილი საქართველო, მოაწესრიგა მონღოლების ბატონობით შერყეული მართვის სისტემა, განავითარა სამართლებრივი და საკანონმდებლო შტოები.

ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა, რითაც მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა. თუმცა მთავარი, რამაც გიორგი V მსოფლიო დონის პოლიტიკოსად აქცია, მისი საგარეო დიპლომატია იყო. საქართველოს მეფეს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან. შედეგად, ქართველებმა წართმეული ჯვრის მონასტერიც დაიბრუნეს და, ყველა ქრისტიანთან ერთად, იერუსალიმში ცხენზე ამხედრებული, გაშლილი დროშით შესვლის წესი აღიდგინეს. ამ ბრწყინვალე მეფის დროს ქართველები იერუსალიმის გასაღებსაც ფლობდნენ.

გიორგი V ხელს უწყობდა ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით - იტალიის შავიზღვისპირა ფაქტორიებთან. მისი მეფობისას რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საინტერესო ინფორმაციას შეიცავს რომის პაპ იოანე XXII-ის მიერ გიორგი ბრწყინვალისადმი 1322 წელს გაგზავნილი წერილი. აქტიური მიმოწერა ჰქონდა მეფეს საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-სთანაც. ქართველი მეფე ფრანგ მეფეს სწერდა, რომ მზად ჰყავდა 30 000 ჯარისკაცი და მზად იყო, სირია-პალესტინის წმინდა მიწების გათავისუფლებაში მიეღო მონაწილეობა. 1332-1333 წლებში მეფის კარზე პატივით მიიღეს საფრანგეთის ელჩები.

გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია გელათში. მადლიერმა ქართველმა ხალხმა მას მეტსახელად „ბრწყინვალე“  უწოდა.

მეფე ერეკლე

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს თელავში დაიბადა. თავისი მეფობის მანძილზე მან მრავალი გამარჯვება მოიპოვა და ლეგენდად იქცა. პირველი საბრძოლო ნათლობა მეფე ერეკლემ 15 წლის ასაკში მიიღო, რის გამოც ხალხმა სიყვარულით „პატარა კახი“ უწოდა.

დამპყრობლებით აწრიალებულ საქართველოში 1632 წლიდან მოყოლებული, თითქმის საუკუნის განმავლობაში, ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ დაბრძანებულა, 1745 წელს კი, ოქტომბრის პირველ დღეს სვეტიცხოველში ერეკლეს მამა - თეიმურაზ II ქართლის მეფედ ეკურთხა. კახეთის მეფედ კი ერეკლე II გამოცხადდა. 

1748 წელს ერეკლემ ირანელი დამპყრობლებისგან თბილისი გაათავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. 1751 წელს ყირხბულახთან დაამარცხა მტრის 18-ათასიანი ჯარი, რომელსაც 3-ათასიანი ლაშქრით შეებრძოლა. 

თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1762 წელს, ერეკლემ ქართლ-კახეთი გააერთიანა.

1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა, ამით ესარგებლა და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა. რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა, იგი ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა ერეკლე მიატოვა და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მტრის დამარცხება შეძლო, მაგრამ იძულებული შეიქნა, ქართლში დაბრუნებულიყო. 

მიუხედავად ამ ღალატისა და იმის გამოც, რომ, არაერთი თხოვნის მიუხედავად, ევროპიდან ქმედითი დახმარება ვერ მიიღო, ერეკლე მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ქვეყნის ბედი რუსეთის იმპერიასთან დაეკავშირებინა. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს მოეწერა ხელი. ის ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ-ხანი შემოესია და არც მაშინ, როცა აღა-მაჰმად-ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 

75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა. მარცხმა მძიმედ იმოქმედა როგორც პირადად მეფეზე, ისე სამეფოზეც. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, საკუთარ სასახლეში, იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც ქვეყნიერებას მოევლინა.

მადლიერმა ერმა იგი სვეტიცხოველში დაკრძალა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა