KA

კახეთი

კახეთი ის „ჩაკრულოა“, რომელიც კოსმოსშია გაშვებული, როგორც გზავნილი დედამიწიდან; კახეთი ის უძველესი მონასტრებია, რომლებსაც, როგორც საგანძურს, მსოფლიო იცავს; კახეთი ის ქვევრია, რომლის ღვინოსაც ყველაზე გამორჩეული გემო აქვს... კახეთია ალაზნის ველი და ციცაბო უღელტეხილები, მარადმწვანე ტყეები და ნახევრად უდაბნო ადგილები, მჭიდროდ დასახლებული სოფლები და პატარა, ისტორიული ქალაქები... კახეთის სანახავად მიზეზს რა დალევს!
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
ბათუმი
7:15 სთ
ქუთაისი
5:10 სთ
თბილისი
1:50 სთ

კახეთი - კუთხე, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო

კახეთშია თავმოყრილი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ისეთი გამორჩეული ნიმუშები, როგორებიცაა ალავერდის, იყალთოს, შუამთის, ბოდბის, ნეკრესის ტაძრები და სხვა.

ისტორიით დაინტერესებული მოგზაურისთვის ამ მხარეში მრავალი მუზეუმია, სადაც დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი საყოფაცხოვრებო და ეთნოლოგიური ნივთები;

კახეთის ღირსშესანიშნაობები

კახეთი ბევრი გამოჩენილი ქართველის - მეფეების, ხელოვანების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სამშობლოა. შესაბამისად, აქ ბევრი სახლ-მუზეუმია ამ ადამიანების პატივსაცემად და საქართველოთი დაინტერესებული უცხო სტუმრისთვის ახლოს გასაცნობად: თელავში - მეფე ერეკლე II-ის სასახლე, ყვარელში - ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის მუზეუმები, წინანდალში - ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლე, ხოლო მირზაანში - ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი.

კახეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მთავარი რეგიონია - აქ ბევრი მზე და ნოყიერი ნიადაგია ვაზისთვის; ამიტომ მეღვინეობა კახელი გლეხის მთავარი საქმიანობაა. ყველაზე პოპულარული ჯიშებია: კახური მწვანე, საფერავი, რქაწითელი, ხიხვი. საუკეთესო ღვინოსთან ერთად, კახელების კერძებს აქ ჩამოსული სტუმრები კულინარიულ შედევრებად აღიარებენ: მწვადი, ჩაქაფული, ხაშლამა; დესერტად კი ყურძნის წვენისგან მომზადებულ თათარასა და ჩურჩხელას აგემოვნებენ.

კახური ხალხური სიმღერა ისეთი ღონიერი და ეპიკურია, მტერს უკან რომ დაახევინებს. რა გასაკვირია - კახელებს ხომ წარსულში ზედიზედ ორიოდე ათეული წელიც კი არ ახსოვთ მშვიდობიანი;

კახეთის მხარე წყალუხვი მდინარეებითა და ტბებითაც მდიდარია; საინტერესო სალაშქრო ადგილებია შავი კლდეების ტბა, როჭოს ჩანჩქერი, არწივის ხეობა, მდინარე ალაზნის ხეობა…

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კი, რომელიც საქართველოს უძველესი დაცული ტერიტორიაა, დიდებულ ველურ ბუნებას გაზიარებს. აქ გავრცელებულ ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობა იშვიათია და საქართველოსა და საერთაშორისო წითელ ნუსხებშია შეტანილი. აქვეა მაჭის ციხე, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე, რომელსაც უნიკალური ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა აქვს.

დაბოლოს, კახეთში აუცილებლად უნდა მოინახული ვაშლოვანის ეროვნული პარკი და ქილაკუპრას ტალახის ვულკანები, რადგან აქ ისეთი შეგრძნება დაგეუფლება, თითქოს სულ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდი.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა