KA
2024-12-25T13:44:18.000000Z
სად დავისვენოთ ზამთარში საქართველოში

სად დავისვენოთ ზამთარში საქართველოში

საქართველოს მთიანი რეგიონები განსაკუთრებულ ხიბლს იძენს ზამთრის სეზონზე, როდესაც მაღალმთიან კურორტებში თოვლის საფარი იდეალურ პირობებს ქმნის როგორც ექსტრემალური სპორტის მოყვარულების, ისე მშვიდი დასვენების მსურველთათვის.
სარჩევი

თითოეულ კურორტს საკუთარი, უნიკალური ხასიათი აქვს - ზოგი თავისი ალპური სათხილამურო ტრასებით გამოირჩევა, ზოგი კი სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლებით. ამ გზამკვლევში გაგაცნობთ საქართველოს ხუთ გამორჩეულ მთის კურორტს, რომლებიც იდეალურია ზამთრის სეზონისათვის.

შეხსენება: აქტიური დასვენების მოყვარულთებს შეუძლიათ გაეცნონ ზამთრის სათხილამურო კურორტების გზამკვლევს. აღნიშნულ ბლოგში კი განვიხილავთ ზამთaრში დასასვენებელ ადგილებს სადაც თხილამურებისა და სპორტის გარეშეც შეგიძლიათ განიტვირთოთ.

ყაზბეგი:სათავგადასავლო ზონა მყინვარწვერის კალთებზე

მყინვარწვერის ძირში მდებარე ყაზბეგი, რომელიც ასევე სტეფანწმინდის სახელითაა ცნობილი, ზამთრის სეზონზე განსაკუთრებულ ხიბლს იძენს. თოვლით დაფარული მთის მწვერვალები, ისტორიული ძეგლები და გუდაურის სიახლოვე ამ რეგიონს იდეალურ დასასვენებელ ადგილად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ზამთარში გერგეტის სამებამდე ასვლა რთულად მიაჩნია, სპეციალური სამთო ტრანსპორტით მარტივად შეძლებთ იქ მოხვედრას. თოვლიან ფონზე აღმართული ტაძარი განსაკუთრებულ მისტიkურობას იძენს და ფოტოგრაფიის მოყვარულებს უნიკალური კადრების გადაღების შესაძლებლობას აძლევს.

გუდაურის სიახლოვე ყაზბეგს დამატებით უპირატესობას ანიჭებს. დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ დილით ისრიალონ გუდაურის სათხილამურო ტრასებზე, საღამოს კი დატკბნენ ყაზბეგის სოფლების მყუდროებით. ხევის სამზარეულო კი, რომელიც განსაკუთრებით გემრიელია, სტუმრებს დაუვიწყარ გასტრონომიულ შთაბეჭდილებებს დაუტოვებს.

მესტია: კულტურული მემკვიდრეობისა და სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

ზემო სვანეთში მდებარე მესტია ამ  სეზონზე ნამდვილად გამორჩეულია - თოვლით დაფარული სვანური კოშკები და უშბას ორთავიანი მწვერვალი შთამბეჭდავ ხედებს ქმნის. 

მესტიის განსაკუთრებული ხიბლი მისი კულტურული მემკვიდრეობაა. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, სადაც უძველესი ხელნაწერები და ოქრომჭედლობის ნიმუშები ინახება. შემდეგ კი სვანური სამზარეულო, ტრადიციული კუბდარი და თაშშმჯაბი დააგემოვნოთ.

თეთნულდის სათხილამურო კურორტზე, გარდა ჩვეულებრივი სასრიალო ტრასებისა, განსაკუთრებით პოპულარულია ფრირაიდი (Freeride) - თავისუფალი სტილის სრიალი გაუკვალავ თოვლში. გამოცდილ მოთხილამურეებს კი შეუძლიათ მიიღონ ეს ექსტრემალური გამოცდილება.

ბახმარო: ზამთრის მისტიკური კურორტი

ბახმარო გურიის მაღალმთიან ზონაში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. ადგილი გამორჩეულია იმით, რომ ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, რაც განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის.

ზამთარში ბახმაროს პეიზაჟი რადიკალურად იცვლება. ნაძვნარით დაფარული მთის ფერდობები და ტრადიციული ხის სახლები თოვლის სქელი ფენით იფარება. გადრეკილის მთიდან გადაშლილი პანორამული ხედები კი, განსაკუთრებით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

ბახმაროს განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ზამთარში აქ მოხვედრა მხოლოდ სპეციალური სამთო ტრანსპორტითაა შესაძლებელი, რაც კურორტს დამატებით ექსკლუზიურობას სძენს. ეს იზოლირებულობა საშუალებას გაძლევთ სრულად მოწყდეთ ქალაქის ხმაურს.

ბორჯომი: ბალნეოლოგიური საკურორტო ზონა

ბორჯომი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც მშვიდ გარემოში დასვენება და რეგიონის სამკურნალო უპირატესობებით სარგებლობა სურს. 

ნაძვნარით დაფარული მთის ფერდობები და ცენტრალური პარკი თოვლის საბურველში ეხვევა, რაც ბორჯომს ზღაპრულ იერს აძლევს.

მწანე მონასტერი ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ჩითახევის მახლობლად, ფოთლოვანი ტყით დაფარულ ტერიტორიაზე მდებარეობს. IX საუკუნით დათარიღებული სამონასტრო კომპლექსი შედგება სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და ორსართულიანი სამრეკლოსგან. შენობები გამოირჩევა ტრადიციული ქართული ჩუქურთმებით, განსაკუთრებით სამრეკლოს მეორე სართულზე. ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ისტორიული არქიტექტურა და გაისეირნონ მიმდებარე ტყის ბილიკებზე.

ისტორიული გოგირდის აუზი, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით, კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ და ისარგებლოთ წყლის გამაჯანსაღებელი თვისებებით.

ბაკურიანთან სიახლოვე ბორჯომს იდეალურ ზამთრის დასვენების ადგილად აქცევს - დამსვენებლებს სრიალის შესაძლებლობაც ეძლევათ.

აბასთუმანი ღამის ცის საიდუმლოებებით

სამცხე-ჯავახეთის მთებში მდებარე აბასთუმანი ისტორიული კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1340 მეტრზე მდებარეობს. ადგილი გამოირჩევა როგორც სუფთა მთის ჰაერით, ასევე ობსერვატორიით, საიდანაც ვარსკვლავებით მოჭედილი ზამთრის ცა განსაკუთრებით შთამბეჭდავად მოჩანს.

კურორტის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია  XIX საუკუნის არქიტექტურული კომპლექსი. აქ შეგიძლიათ იხილოთ რომანოვების დინასტიის ყოფილი რეზიდენცია და ისტორიული აბანოები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც კანიონის კანტზე, 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ვიზიტორებს საშუალება აქვთ 40-სანტიმეტრიანი ტელესკოპით დააკვირდნენ ღამის ცას და თანამედროვე ასტრონომიული აპარატურის გამოყენებით გაეცნონ კოსმოსის საიდუმლოებებს.

გოდერძისთან სიახლოვე აბასთუმანს დამატებით უპირატესობას სძენს, რადგან სათხილამურო კურორტი იდეალურ პირობებს ქმნის ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის. 

მოკლე შეჯამება

საქართველოს ზამთრის კურორტები უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს დამსვენებლებს. ყაზბეგი გამოირჩევა მყინვარწვერის შთამბეჭდავი ხედებითა და გერგეტის სამებით, მესტია - სვანური კოშკებითა და თეთნულდის სათხილამურო კურორტით. ბახმარო მნახველებს იზიდავს განსაკუთრებული მიკროკლიმატით, ბორჯომი - სამკურნალო წყლებითა და რომანოვების სასახლით, ხოლო აბასთუმანი - ასტროფიზიკური ობსერვატორიითა და ისტორიული აბანოებით. ამრიგად, თითოეული მიმართულება როგორც აქტიურ დასვენების, ისე კულტურულ-გასტრონომიულ გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა