XVI საუკუნიდან ზუგდიდი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ქალაქი იყო. ოდიშის დიდებული ქართული საგვარეულო (დადიანები) სწორედ ზუგდიდიდან მართავდა სამთავროს 1867 წლამდე, რუსეთის იმპერიის მიერ მის ანექსიამდე და საბოლოო გაუქმებამდე.
დადიანების ოჯახს XIX საუკუნის დასაწყისიდან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ევროპის ქვეყნებთან - ავსტრიასთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან; ნათესაურ კავშირში იყვნენ საფრანგეთის იმპერატორთან - უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის შვილი სალომე ცოლად გაჰყვა აშილ მიურატს, ნაპოლეონ ბონაპარტის დისშვილის შვილს; დადიანები დაახლოებულები გახლდნენ ისეთ საზოგადო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ დარვინი, მოპასანი და მანე.
ნიჭიერი და პროგრესული დადიანები რეფორმატორობით გამოირჩეოდნენ ბევრ საკითხში. XIX საუკუნიდან აქტიურად იწყება ზუგდიდის, როგორც ევროპული ქალაქის ფორმირება: ვითარდება ქალაქის კულტურული ფუნქცია; ევროპელ მოკავშირეებთან ერთად შენდება სამრეწველო საწარმოები და ქალაქი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ყალიბდება.
დღემდე ქალაქის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა სწორედ დადიანების დიდებული სასახლეა - ნეოგოტიკური სტილის შენობა, რომელიც ზუგდიდის ცენტრში დგას.
შენობა XVII საუკუნეშია აშენებული, XIX საუკუნეში კი მას დიდი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ამ პროექტის ავტორი ეროვნებით ინგლისელი არქიტექტორი ედვინ რაისი იყო.
დღეს აქ სასახლე-მუზეუმი ფუნქციონირებს. სასახლეში დადიანების პირად ნივთებს, უნიკალურ ბიბლიოთეკას, ხელოვნების ნიმუშების მდიდარ კოლექციას, მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატებს, მათ შორის - ნაპოლეონ I-ის პირად ნივთებს, მემუარებსა და ბრინჯაოს ნიღაბს ნახავ, რომელიც ნაპოლეონის ექიმმა იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარიზში ჩამოასხმევინა.
ქალაქის განუმეორებელ იერსახეს ქმნის სასახლის მომიჯნავედ მდებარე ბოტანიკური ბაღი, რომელიც პარიზის ბულონის ტყე-პარკის მიხედვით არის გაშენებული.
ამჟამად ზუგდიდი სამეგრელოს მხარის ადმინისტრაციული ცენტრია და თუ გსურს, შეგიძლია ეს ქალაქი მთლიანად ფეხითაც მოიარო.
ზუგდიდს კლასიკური ევროპული სტილის დაგეგმარება აქვს, რაც ასევე დადიანებიდან მოდის - დადიანების სასახლე და ბოტანიკური ბაღი ქალაქის შუაგულშია მოქცეული, ირგვლივ კი გაშენებულია ლამაზი 2-სართულიანი სახლები, კეთილმოწყობილი ეზოებით.
ზუგდიდში მუშაობს სასტუმროები, კინოთეატრი, სპორტული მოედნები, თანამედროვე კაფეები და „მაკდონალდსიც“ კი, მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, ტრადიციული მეგრული კერძებიც უნდა დააგემოვნო - ელარჯი, გებჟალია, კუჭმაჭი, აჯიკა, მეგრული ხაჭაპური და სხვ.
ზუგდიდი ერთგვარი ტურისტული გზაგასაყარია მთასა და ზღვას შორის.
აქედან მანქანით 30 წუთში ანაკლიამდე ჩახვალ, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტია. აქ არის სასტუმროები, რესტორნები, ბუნგალოები და ყველა პირობა კარგი დასვენებისთვის. ეს ზუგდიდიდან დასავლეთის მიმართულებაა.
რაც შეეხება ქალაქიდან ჩრდილოეთით, მდინარე ენგურზე უნიკალურ კაშხალს ნახავ. საქართველოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის „ენგურჰესის“ ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული და ის პირველი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში.
„ენგურჰესის“ შემდეგ კი იწყება წარმოუდგენელი სანახაობა - გზა, რომელიც კლდეებსა და მჩქეფარე ენგურს მიუყვება, მესტიასა და უშგულში ადის - ეს ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი დასახლებაა ევროპაში.