ტური ქუთაისიდან იწყება და დასავლეთის მიმართულებით, საკურორტო ქალაქ წყალტუბოსკენ მიემართება, წყალტუბოს შემდეგ კი პრომეთეს მღვიმეს გაივლი. მოგზაურობას ლენტეხის მიმართულებით (ქვემო სვანეთი) გააგრძელებ და ცაგერს (ლეჩხუმის რაიონული ცენტრი) მიადგები.
ლენტეხის რაიონის ბოლო სოფლიდან - ცანიდან ასვლა იწყება ზაგარის უღელტეხილზე (2622 მ ), რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ზემო და ქვემო სვანეთს (გახსნილია ივნისიდან ოქტომბრამდე).
სოფელ ცანიდან ულამაზესი ხედი იშლება აილამის მყინვარზე.
უღელტეხილის გადავლის შემდეგ ზემო სვანეთის სოფელ უშგულში (2200 მ) გაჩერდები - ეს სოფელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც შესაძლებლობა გექნება, ლამარია (თამარ მეფის ზამთრის რეზიდენცია) მოინახულო.
ღამის გათევას უშგულში, საოჯახო ტიპის სასტუმროში შეძლებ.
უშგულიდან ნახავ შხარის (5203 მ) მყინვარს - 17-18 კმ მანქანით და 2.5 კმ ფეხით. შემდეგ უშგულში დაბრუნდები და გზას მესტიის მიმართულებით გააგრძელებ.
სოფელ იფარიდან უღვირის უღელტეხილზე (2000 მ.) ახვალ, საიდანაც მწვერვალ უშბის (4700 მ) ხედი იშლება.
უღელტეხილიდან შეგიძლია კურორტ თეთნულდის მიმართულებით გადაუხვიო და გრუნტიანი გზა 3000 მეტრ სიმაღლეზე აგიყვანს, საიდანაც დაუვიწყარი პანორამული ხედია ზემო სვანეთის მყინვარებზე.
ღამის გათევას მესტიაში, სასტუმროში ან საოჯახო ტიპის სასტუმროში შეძლებ.
ერთი დღე მესტიას უნდა დაუთმო, სადაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმს დაათვალიერებ, ნახავ მარგიანების სახლ-მუზეუმს - ავთენტიკურ სვანურ კოშკსა და სახლს; გადახვალ ქორულდის ტბებზე, რომლებიც უშბის ზეგანზე მდებარეობს.
მიუახლოვდები ჭაალათის მყინვარს - მანქანას მდინარე მესტიაჭალის ხეობის ბოლოში გააჩერებ და მყინვარისკენ 3 კმ-ს ფეხით გაივლი.
მესტიიდან შეგიძლია სათხილამურო კურორტ ჰაწვალის საბაგიროსთან ახვიდე, საბაგიროთი ზურულდის ქედზე აისეირნო და 2348 მ სიმაღლიდან გადმოხედო ზემო სვანეთის მყინვარებს. საბაგირო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს.
ღამის გათევას კვლავ მესტიაში შეძლებ.
მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით გაემგზავრები. რეკომენდებულია, ბეჩოსა და ჭუბერის ულამაზესი ხეობები ნახო.
გზად ენგურის ჰიდროელექტროსადგურს გაივლი, სადაც ენგურის თაღოვან კაშხალს (274 მ) დაათვალიერებ და აქვე შემოგთავაზებენ სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის - ნავით გასეირნებასაც.
ზუგდიდში შეგიძლია დადიანების სასახლე მოინახულო და ისე დაბრუნდე ქუთაისში.
ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის საუკეთესო სეზონია ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ავტომობილი უნდა იყოს suv ან cross ტიპის, შესაბამისი აღჭურვილობით.
რელიეფიდან გამომდინარე, რეკომენდებულია უნივერსალური ზედაპირის ან ტალახის საბურავი.
თან უნდა იქონიო GPS ნავიგატორი.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაუკავშირდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112.