KA
2024-12-15T13:17:43.000000Z
9 გამორჩეული სანახაობა აჭარაში

9 გამორჩეული სანახაობა აჭარაში

აჭარა ძალიან ლამაზია, როცა ბათუმს უახლოვდები, უზარმაზარი, მწვანედ მოლივლივე ზღვა და ქალაქის ზოლი, სანაპიროს რომ მიუყვება, მაღლიდან ხელისგულზე გავლებული სიცოცხლის ხაზივით ჩანს; მაღალმთიანი აჭარა კი ზაფხულში მწვანეში ჩაფლული, ზამთარში კი სახურავებამდე ასული ჭრაჭუნა თოვლით ყველაზე მყუდრო ადგილი შეიძლება იყოს დედამიწის ზურგზე; აქ, პატარა საქართველოს ამ პატარა კუთხეში, ზღვაცაა და მთაც, საზღვაო და სამთო კურორტებიც და სულ რამდენიმე საათი დაგჭირდება, ერთგანაც რომ მოხვდე და მეორეგანაც; აჭარაში საოცარი ხალხია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიცნო; უამრავი კერძია, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო და უამრავი ადგილია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო.
სარჩევი

გონიო-აფსაროსის ციხე

ლეგენდა გვიამბობს, რომ სწორედ გონიო-აფსაროსის ციხეში დაკრძალეს კოლხეთის მეფე აიეტის ვაჟი აფსაროსი, რომელიც ოქროს საწმისისთვის ჩამოსულმა იაზონმა მოკლა. გონიოს ციხის სახელი აფსაროსიც აქედანაა. სახელი გონიო კი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ დასახლებას ჰქვია, XIII-XIV საუკუნეებში აქ გენუელების ყოფნას აღნიშნავს.  

ბათუმიდან 12 კმ-ში მდებარე გონიო-აფსაროსის ციხეს შავიზღვისპირეთის მთავარ ციტადელს უწოდებდნენ. მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე, ჭოროხსა და შავ ზღვას შორის ციხე-ქალაქი ძვ.წ-ის XIX საუკუნეში უკვე იდგა. თუმცა ისტორიული წყაროები იმასაც ადასტურებს, რომ მისი მშენებლობა ჩვ.წ 65 წელს, პომპეუსის ლაშქრობას უკავშირდება. 228 მეტრი სიგრძის, 195 მეტრი სიგანისა და 44,460 კვ.მ ფართობის ციხეს 18 კოშკი ამაგრებდა.            

გონიო-აფსაროსის ციხე-ქალაქმა სამი ძლევამოსილი იმპერიის - რომის, ბიზანტიისა და ოსმალეთის ბატონობა გამოიარა. განსხვავებული ხელწერა მის არქიტექტურასაც ეტყობა და არტეფაქტებსაც, რომლებიც აქ დაგხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, გადმოცემის თანახმად, მის ტერიტორიაზეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი - მატათა.  

მახუნცეთის ჩანჩქერი

მას მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში ნახავ. აქ, სოფელ ზედა მახუნცეთის კლდეებში, ულამაზესი მახუნცეთის ჩანჩქერი იმალება. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერი სიმწვანეში პატარა შენაკადით იწყება, ტუფის ქვის ქედზე ძალას იკრებს, 50 მ სიმაღლიდან ეშვება და დიდ მორევად იქცევა. 

აქ ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია ამოხვიდე. ჩანჩქერთან ბევრი საპიკნიკე ადგილია და მუშაობს კვების ობიექტები, სადაც ქედის განთქმულ ღვინოს, მუხის კასრში დაყენებულ ჭაჭის არაყსა და კერძებს გასინჯავ, მათ შორის, თევზს, რომელსაც შენთვის იქვე, მდინარეში დაიჭერენ და მოამზადებენ. შეგიძლია უგემრიელესი, ეკოლოგიურად სუფთა აჭარული თაფლი და ჩურჩხელაც შეიძინო. 

თამარის ხიდი

ეს 28 მეტრი სიგრძის ხიდი საქართველოს „ოქროს ხანაში“, თამარის მეფობისას, XII-XIII საუკუნეებშია აშენებული. ის მახუნცეთის ჩანჩქერის მახლობლად, მდინარე აჭარისწყალზე მდებარეობს. ხიდი გათლილი ქვისგანაა აგებული და კირის ხსნარითაა გამაგრებული. სპეციალისტებში აღტაცებას იწვევს ოსტატობა, რომლითაც ის საუკუნეების წინათ ააშენეს.

განსაკუთრებული კონსტრუქციით ნაგები ამ ხიდების შესახებ მკვლევრები წერდნენ, რომ ადრეულ საუკუნეებში ქართველებმა კამარების ისეთ ფორმას მიაგნეს, რომლის საშუალებითაც ხიდები თითქმის გაუთლელი ქვებისგან, ძვირად ღირებული მასალების გარეშე ააგეს. 

თაღოვან ხიდებს აჭარაში თამარის ხიდებს უწოდებენ. ასეთი ხიდი აჭარაში ბევრია. ჩრდილო და სამხრეთ სავაჭრო გზების კვეთაზე მდებარე უხვწყლიანი აჭარისთვის ისინი არა მხოლოდ მოსახლეობის გადაადგილების საშუალება იყო, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფუნქციაც ჰქონდა. 

ბეშუმი 

მსოფლიოში ბევრი არაა ადგილი, სადაც შეგიძლია ღრუბლებს ხელით შეეხო. საქართველოში ასეთი რამდენიმეა. ერთ-ერთი ბეშუმია - სოფელი მაღალმთიან აჭარაში. ბეშუმი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და, რაღა თქმა უნდა, კურორტის სტატუსიც აქვს.

საკურორტო სეზონი აქ ივნისში იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი და მინერალური წყლები, მზის სხივები და აქაური სამკურნალო ტალახი სასუნთქი გზებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მისწრებაა. კიდევ ერთი დიდი პლუსია ის, რომ ეს არ არის ადგილი, სადაც მოიწყენ.

პიკნიკები, კემპინგები, ლაშქრობები, საცხენოსნო ტურები - ყველაფერი ეს ბეშუმში შესაძლებელია. მეტიც, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აქ ნამდვილი დღესასწაული იმართება - სახალხო ზეიმი შუამთობა კონცერტებით, გამოფენებით, სპორტული ღონისძიებებითა და დოღით. 

ამ დღესასწაულზე უგემრიელეს აჭარულ კერძებს - ფხალლობიოს, ბორანოს, ყურუთს, სინორს, ხავიწს გასინჯავ და აჭარული რეწვის ნიმუშებს შეიძენ. იქაური ნაქსოვები და ნაქარგები ისეთივე ჭრელია, როგორიც ფერადი ქოხებით სავსე აჭარული სოფლები, ბეშუმისკენ მიმავალ გზაზე რომ გხვდებოდა. 

სარფი

ყველაზე კამკამა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე სწორედ აქ, სარფშია, იქ, სადაც მწვანე მთა ლურჯ ზღვას უერთდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თურქეთის საზღვართან მდებარე ეს პატარა სოფელი გემრიელი დასვენებისთვის შესაფერისი გარემოთი და საინტერესო ისტორიითაა გამორჩეული.  

კარგ გარემოს დასვენებისთვის, პირველ ყოვლისა, სარფის კლიმატი ქმნის. ზაფხულში წყლის ტემპერატურა ზღვაში +25 C გრადუსს აღწევს. ამ კონდიციას წყალი გვიან შემოდგომამდე ინარჩუნებს. დღის განმავლობაში ყველაზე ცხელ საათებს კი მთიდან მონაბერი ჰაერი აგრილებს. 

კარგი დასვენების წინაპირობაა ისიც, რომ სარფში სასტუმროები პლაჟთან ძალიან ახლოსაა, სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო და… წყალში ხარ. ამას განსაკუთრებით მაშინ დააფასებ, როცა ახლად გაღვიძებულს ტალღების ხმა მოგწვდება და ზღვაში შესვლის სურვილი აგიტანს. 

ზღვისა და მთის სურნელით გაჟღენთილი სარფის ჰაერი აჭარის ველური ბუნების დამსახურებაცაა. თუ მისი აღმოჩენა გინდა, შეგიძლია ნახო იქვე მდებარე ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერი, მდინარე ტობაშზე. აქ საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად შემოსული ქრისტეს მოციქულის მონუმენტიც დგას. 

თუ კულტურა და არქიტექტურა გაინტერესებს, სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულე, ნახე შუა საუკუნეების შემდგომ განვითარებული ქართული არქიტექტურის ნიმუში - ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია და იურგენ მეიერ-ჰერმანის მიერ დაპროექტებული საბაჟო-გამშვები პუნქტი. 

მწვანე ტბა

ულამაზესი მწვანე ტბა ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 2500 მ.კვ ფართობის ტბა შერეული ტყით გარშემორტყმულ ქვაბულშია განთავსებული, გოდერძის უღელტეხილიდან 6 კმ-ში. განსაკუთრებულ ფერს მის წყალს სწორედ ხშირი ტყე აძლევს. 

წყაროს წყლების წყალობით, რომლებიც ტბაში ჩაედინება, მწვანე ტბა მუდამ კამკამაა, თუმცა ძალიან ცივია. ამის გამო, მასში ბანაობის მსურველი ბევრი არაა.

ზამთარში მწვანე ტბა და გარემო ირგვლივ თოვლითაა დაფარული, ამიტომ საუკეთესო დრო აქ ამოსასვლელად გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომის პირველი ნახევარია. ამ დროს კემპინგის მოწყობაცაა შესაძლებელი, პიკნიკის გამართვაც და ტბაზე ნავით ან წყლის ველოსიპედით გასეირნებაც.   

კურორტი გოდერძი

გოდერძი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტია მათთვის, ვისაც უყვარს ექსტრემი, სიმაღლე და სიახლეები. მაღალი ხარისხის თოვლს აქ ის გარემო განაპირობებს, რომელშიც კურორტია მოქცეული. გოდერძი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე მდებარე გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2025 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 

გოდერძიზე არის ტრასები არა მხოლოდ გამოცდილი ან საშუალო დონის მოთხილამურეებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც თხილამურებზე დგომას მხოლოდ სწავლობს. აქ სრიალის შესაძლებლობა გექნება ალპურ ზონაშიც, წიწვოვან ტყეებშიც და სოფლებშიც. თუკი გაუკვალავ თოვლში სრიალი გიყვარს და შესაბამისი გამოცდილებაც გაქვს, გოდერძიზე ესეც შესაძლებელია.  

გაუკვალავ თოვლში სრიალს გოდერძიზე განსაკუთრებული ხიბლი აქვს. სანამ კურორტად იქცეოდა, აქაურ მდელოებს მხოლოდ იალაღებად იყენებდნენ, სახლებს კი ზაფხულობით სტუმრობდნენ. ამ ერთგვარმა პოზიტიურმა კონსერვაციამ ის შედეგი მოიტანა, რომ დღეს, როცა გოდერძიზე თოვლს დადებს, სრიალი სახურავებამდე დაფარულ სახლებს შორისაც შეიძლება.     

კურორტზე ორი საბაგიროა - 8-ადგილიანი გონდოლა და 6-ადგილიანი სავარძელი ბაბლით. უნდა იცოდე, რომ აქ შეძენილი მრავალდღიანი აბონემენტით დანარჩენი სამთო-სათხილამურო კურორტების საბაგიროებით სარგებლობასაც შეძლებ. იგივე პრინციპი მოქმედებს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე. აბონემენტები საბაგიროს სალაროებში იყიდება. 

გოდერძი საინტერესოა იმითაც, რომ აქ კარგად შეიძლება დასვენება გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე. ალპური და ტყიანი ზონების დალაშქვრა ფეხით, ველოსიპედით თუ ცხენებით, გოდერძის ულამაზესი ნამარხი ტყის, მწვანე ტბისა და ხიხანის ციხის მონახულება - ამ სეზონების აქტივობების მხოლოდ ნაწილია. აქაურობა ზედგამოჭრილია წყვილებისა და ოჯახებისთვის.

გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი ხედები აქვს, კურორტი გოდერძი ახლოსაა ზღვასთან, რითაც ბევრი სამთო კურორტი ვერ დაიკვეხნის. აქ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა - სასტუმრო, კოტეჯები, რესტორნები და კვების ობიექტები, სადაც არაჩვეულებრივ აჭარულ კერძებს დააგემოვნებ და ადგილობრივების გამორჩეული სტუმართმოყვარეობით დატკბები.  

მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი, რომელიც ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების საგანძურია, ბათუმიდან 20 კმ-ში იწყება. 

აქ ნახავ: ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც საოცარი ისტორიული ექსპონატები გელოდება, და ჩხუტუნეთის ჩანჩქერს; გვარას ციხეს, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება, და მაჭახელას თოფის ძეგლს; დაკიდებულ ხიდებსა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერს; კარიმანას ჩანჩქერსა და XII საუკუნეში აგებულ თაღოვან ხიდს და კიდევ არაერთ უნიკალურ ადგილს. 

თუ აჭარაში ოქტომბერში მოხვდები, აუცილებლად დაესწარი „მაჭახელობას“ - სახალხო ზეიმს, რომელიც ამ დროს იმართება. ის უამრავ საინტერესო სანახაობას შემოგთავაზებს და აჭარულ ტრადიციებს გაგაცნობს.  

მტირალას ეროვნული პარკი

კიდევ ერთი ეროვნული პარკი, რომელიც აჭარაშია და აუცილებლად უნდა ნახო, მტირალაა. ის ბათუმიდან 30 კილომეტრში იწყება. 

მთას, რომელსაც პარკი მოიცავს, მტირალა განსხვავებული მიკროკლიმატის გამო უწოდეს - წლის განმავლობაში აქ 4520 მმ ნალექი მოდის. მთის წვერი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სულ ღრუბლებშია გახვეული და ბათუმიდანაც მოჩანს.

მტირალას ეროვნულ პარკში ბილიკები მონიშნულია და მრავალგვარი ტურის მოწყობაა შესაძლებელი, მათ შორის - სალაშქრო, სამეცნიერო, ეკო  და საცხენოსნო, გამართულია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. აქ ულამაზესი მთის ტბა და წაბლნარის ჩანჩქერია, უნიკალური ფლორა და ფაუნა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა