KA
2024-10-09T16:32:10.000000Z
9 გამორჩეული სანახაობა მცხეთა-მთიანეთში

9 გამორჩეული სანახაობა მცხეთა-მთიანეთში

მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა რამდენიმე ისტორიული რეგიონითა და ადამიანის ხელით შექმნილი თუ ბუნების მიერ ნაჩუქარი უამრავი ღირსშესანიშნაობით.
სარჩევი

მცხეთა-მთიანეთში მოგზაურობისას აუცილებლად აღმოაჩენ შენთვის საინტერესო სანახაობებსა და გასართობს,  ზამთარსა თუ ზაფხულში, ანტიკური ხანის ქალაქებიდან დაწყებული და თანამედროვე კურორტებით დამთავრებული.

თუმცა მცხეთა-მთიანეთი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უმნიშვნელოვანესი, უძველესი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით არის ცნობილი. 

ამ მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, ანუ მთავარი ქალაქი, მცხეთაა - უძველესი ქართლის სამეფოს (იგივე იბერიის სამეფოს, როგორც ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებშია ცნობილი) დედაქალაქი ძვ.წ. III საუკუნიდან 800 წლის განმავლობაში.

 გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მცხეთის ღირსშესანიშნაობები - ადრეული ბრინჯაოს ხანის ნასახლარები, ასწლეულების წინ აშენებული დიდებული ტაძრები, მძლავრი ციხესიმაგრეები და ამ ძეგლების არქიტექტურული სრულყოფილება საკმარისია, რომ ნათელი წარმოდგენა შეგექმნას ჩვენი ქვეყნის მდიდარ ცივილიზაციასა და კულტურაზე.

დღეს მცხეთა ქალაქი-მუზეუმია, რომელიც მოგზაურებისა და ტურისტებისთვის ცხოვრობს. წარმოუდგენელია, საქართველოში იმყოფებოდე და არ ესტუმრო თბილისიდან 20 კმ-ში მდებარე ქართლის სამეფოს უძველეს დედაქალაქსა და მის შემოგარენს.

სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი და ნებისმიერი ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.  

ეს დიდებული ნაგებობა XI საუკუნეში, 1010-1029 წლებშია აშენებულია იმ ადგილას, სადაც ჯერ კიდევ IV საუკუნეში აუგია პატარა ეკლესია საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს.

სვეტიცხოველი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია, რომელმაც ამდენ საუკუნეს გაუძლო და ჩვენს დრომდე მოაღწია. ტაძრის სიმაღლე 50 მეტრს აღწევს და შიდა სივრცეც გრანდიოზულია. 

სვეტიცხოველი ქართულ ხუროთმოძღვრებაში იმითაც გამორჩეულია, რომ არცერთ ძეგლს არ აქვს იმდენი ლეგენდა, რამდენიც სვეტიცხოველზეა შექმნილი - მისი ადგილმდებარეობის, სახელწოდების, მშენებლობის პროცესისა თუ აქ დაცული სიწმინდეების შესახებ. 

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სწორედ სვეტიცხოვლის ქვეშ არის დაფლული  მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე - იესო ქრისტეს კვართი. ეს ისტორია, წყაროების მიხედვითაც, ყოველ ეპოქაში არსებობდა. საქართველოში შემოჭრილ მტრებსაც ბევრჯერ დაურბევიათ ტაძარი კვართის ხელში ჩასაგდებად, რაც მათ უფრო პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდებოდათ, თუმცა ვერავინ მიაგნო. იმასაც ამბობენ, რომ არსებობს წინასწარმეტყველება, თითქოს კვართი მხოლოდ ბოლო ჟამის მოახლოებისას გამოჩნდება. 

მაგრამ სვეტიცხოველში ლეგენდებზე არანაკლებ შთამბეჭდავია ხუროთმოძღვრული ხელოვნება, ტაძრის გაფორმება, ბარელიეფები, მათ შორის ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახული ადამიანის მარჯვენა მკლავი, რომელსაც გონიო, სამშენებლო იარაღი უჭირავს და ქვემოთ წარწერა აქვს, სადაც ტაძრის ხუროთმოძღვრის გვარი იკითხება - არსუკიძე.

სვეტიცხოველს გარს აკრავს გრანდიოზული ორიარუსიანი გალავანი საბრძოლო ბილიკითა და სათოფურებით. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კი XVIII საუკუნის შენობაში მუზეუმია განთავსებული.

სვეტიცხოვლის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.

ჯვრის მონასტერი

სოციალურ ქსელებში ჰეშტეგით #მცხეთა ხშირია ასეთი კადრები -  ადამიანები კამერის წინ პოზირებენ, უკან კი ფონად აქვთ ჯადოსნური პეიზაჟი, სადაც ლამის ჩიტის ფრენის სიმაღლიდან მოჩანს, როგორ უერთდება ერთმანეთს ორი სხვადასხვა ფერის მდინარე.

ეს მდინარეები მტკვარი და არაგვია, ქალაქი მცხეთა სწორედ ამ მდინარეთა შეერთების ადგილზეა გაშენებული, ზემონახსენები კადრი კი კლდოვანი მთის წვერზე მდგარი ჯვრის მონასტრიდანაა გადაღებული, უფრო სწორად - მონასტრის ეზოში არსებული გადასახედი მოედნიდან. აქედან ხელისგულზე მოჩანს მთელი მცხეთა და მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილი. 

მდინარე მტკვარი თურქეთიდან მოედინება, მთელ საქართველოს გაივლის, აზერბაიჯანში შედის და კასპიის ზღვაში ჩაედინება. ცნობისთვის, მდინარე მტკვარზეა აშენებული ქალაქი თბილისი. 

არაგვი კი მთის მდინარეა, უფრო კამკამა და სუფთა. ყაზბეგში იღებს სათავეს და მცხეთაში მარცხენა მხრიდან ერთვის მტკვარს. 

სწორედ არაგვს მიუყვება საქართველოს სამხედრო გზა, კავკასიის  ერთ-ერთი ულამაზესი გზატკეცილი, რომელიც თბილისსა და სტეფანწმინდას აკავშირებს.

ამ გზიდანვე აუცილებლად შეამჩნევ და თვალს ვერ მოსწყვეტ ჯვრის მონასტერს, VI საუკუნეში აშენებულ ტაძარს, რომელიც ისე ჰარმონიულად ერწყმის გარემოს, თითქოს კლდის ბუნებრივი გაგრძელებაა. ახლოდანაც აუცილებლად უნდა იხილო ქართული არქიტექტურის ეს შესანიშნავი ძეგლი, რომლის უნიკალურობა იუნესკომაც აღიარა და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

მცხეთის ჯვრის ირგვლივ ყველაფერი შთამბეჭდავია - თავად მონასტრის არქიტექტურა, ფასადის მორთულობა, ზღაპრული ხედი, მშვიდი ატმოსფერო.  მცხეთის ჯვარი, ყველა გაგებით, ღვთაებრივი ადგილია. მონასტერი მოქმედია და საეკლესიო მსახურებაზე დასასწრებად აქ უამრავი ადამიანი ამოდის.

ზედაზნის მონასტერი

ეს საოცარი სამონასტრო კომპლექსი მცხეთის შემოგარენშია - დაბა საგურამოს ცენტრიდან ადის სამანქანო გზა, კომპლექსი კი ზედაზნის მთის წვერზე, 1350 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. მონასტრამდე სამანქანო გზა ადის, თუმცა შეგიძლია გზას ფეხითაც აუყვე და ლამაზ ტყეში იარო. ზედაზნის გზა ცნობილია საოცარი ხედებით. აქედან დაინახავ მცხეთას თავისი სვეტიცხოვლით, ჯვრის მონასტერს, საგურამოსა და მუხრანის ველებს, ჩრდილოეთით კავკასიონს და ჭაღარა მყინვარწვერს, არაგვისა და მტკვრის ხეობებს, ასევე თრიალეთის ქედს.

ზედაზნის ტყეში ხის მაგიდა-სკამებსაც ნახავ ჩამოსაჯდომად. თუ შემოდგომაზე მოგიწია ამ ადგილის მონახულება, ირგვლივ სხვადასხვა ტონალობის იმდენი წითელ-ყვითელი ფერია, გაცოცხლებული ფერწერის სამყაროში გეგონება თავი.  

ამ ადგილას, ანუ ზედაზნის მთის წვერზე, ქართლის მეფის ფარნავაზის დროს (ძვ.წ. IV-III საუკუნეები) ქრისტიანობამდელი კერპის ზადენის ტაძარი აღუმართავთ, რომელსაც უამრავი ხალხი სცემდა თაყვანს. კერპის მოსანახულებლად მიმავალ ადამიანს კი მცხეთიდან თურმე ასე  მიასწავლიდნენ გზას: აი, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამ მთის მწვერვალს ზედაა ზადენი. შემდეგ ის ორი სიტყვა - ზედაა ზადენი - მეტყველებაში შეერთდა და ასე დაუმკვიდრდა სახელად ზედაზენი.

როცა საქართველომ ქრისტიანული რელიგია ოფიციალურად აღიარა (IV საუკუნე), კერპები დაამსხვრიეს - მათ შორის, ზადენიც.

ამ კერპის ადგილთან ახლოს მონასტრის დაარსება ერთ-ერთ ასურელ რელიგიურ მოღვაწეს, მამამ იოანე ზედაზნელს უკავშირდება. 

ცნობისთვის, ასურელი მამები ქრისტიანობის განმტკიცების მისიით საქართველოში სირიიდან VI საუკუნეში ჩამოვიდნენ და სამონასტრო ცხოვრების დასანერგად სხვადასხვა მხარეს დაიდეს ბინა: შიომ - მღვიმეში, დავითმა - გარეჯაში, ანტონმა - მარტყოფში, იასემ - წილკანში, იოსებმა - ალავერდში და ა.შ. მათ მიერ დაარსებული და შემდეგ მათი სახელობის ტაძრები საქართველოს ისტორიული ღირსშესანიშნაობებია.

დღეს ზედაზენზე მთელი სამონასტრო კომპლექსი დაგხვდება, სხვადასხვა დროს აშენებული ნაგებობებით. მთავარი ტაძარი კი VIII საუკუნისაა და მასში იოანე ზედაზნელია დაკრძალული;

შიომღვიმე

ქალაქ მცხეთიდან დასავლეთით, დაახლოებით 9 კმ-ში, მდინარე მტკვრის ხეობაში დიდი სამონასტრო კომპლექსია გაშენებული.

ამ ადგილზე სამონასტრო ცხოვრება VI საუკუნეში ბერმა შიომ დაიწყო, ზემოთ ნახსენები იოანე ზედაზნელის მოწაფემ და საქართველოში ქრისტიან მისიონერებად ჩამოსული ასურელი საეკლესიო მოღვაწეებიდან ერთ-ერთმა.

შიომღვიმე საქართველოს ერთ-ერთი უდიდეს მონასტრად სწრაფად იქცა და VI საუკუნის ბოლოსთვის აქ 200-ზე მეტი ბერი ცხოვრობდა. გაჩაღებული იყო კულტურული და რელიგიური მოღვაწეობა. შიომღვიმის მონასტერს ყველა ეპოქაში მფარველობდა საქართველოს სამეფო კარი.

შუა საუკუნეებში აქაურობა არაერთხელ დაარბია მტერმა, არაერთხელ შეწყდა და განახლდა სამონასტრო ცხოვრება, ბოლოს კი საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა მონასტერი, თუმცა ამბობენ, რომ აქ ღვთის მსახურება სსრკ-ს დროს ფარულად სრულდებოდა.

დღეს მონასტერი ფუნქციონირებს და უამრავ მომლოცველსა და ტურისტს იზიდავს.

მონასტრის შუა ნაწილში ნახავ იმ მღვიმეს, სადაც წმინდა შიომ  სიცოცხლის ბოლო ორი წელი გაატარა და აქვეა დაკრძალული.

მოგვიანებით მთელ მონასტერს უწოდეს „შიოს მღვიმე“ (შიომღვიმე). 

მონასტრის ჭიშკრამდე სამანქანო გზა ადის. შემდეგ უკვე დიდი ტერიტორია, სადაც ეკლესიები და სხვადასხვა ნაგებობა მდებარეობს, ფეხით უნდა მოიარო. აქაურობა განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 

შიომღვიმის შესასვლელთან ერთი ლეგენდარული ადგილია - „ცრემლის წყარო“. ამბობენ, რომ წყაროს წყალი სასწაულმოქმედია და სხვადასხვა დაავადებას კურნავს. 

არმაზის ციხე

არმაზი იბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება იყო, ჭექა-ქუხილის, წვიმისა და მცენარეთა მბრძანებელი, ასევე მეომარი ღმერთი. მისი კულტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV საუკუნის 30-იანი წლები) გაუქმდა და მხოლოდ სახელწოდებები შემორჩა.

თავისი მასშტაბებით უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე XIII-XV საუკუნეებში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მაღალ მთაზე, თითქმის მიუვალ ადგილას აუშენებიათ. 

არმაზის ციხესიმაგრე კავკასიონის გადაღმა ქვეყნებთან დამაკავშირებელ გზას აკონტროლებდა.

ციხესთან მანქანით  ვერ ახვალ, საცალფეხო ბილიკს უნდა აუყვე, გზად IV საუკუნის ბაზილიკაც შეგხვდება, წყაროც და მალევე მიადგები მთავარ ციხეს.  

ციხისგან დღეს ძირითადად ნანგრევებია შემორჩენილი 30 ჰექტარ ტერიტორიაზე, თუმცა ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ამ ძეგლის პირველყოფილი გრანდიოზულობა წარმოიდგინო. 

ეს ადგილი მცხეთის რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 3 კმ-ით არის დაშორებული.

მცხეთაში მსგავსი ტოპონიმის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა და ერთმანეთში არ აგერიოს: მცხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი არმაზციხე (ბაგინეთი) - ანტიკური ხანის საოცრება, იბერიის მეფეების რეზიდენცია, ქართული აკროპოლისი, სადაც გამოვლენილია კულტურის ფენები ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან დაწყებული, I და მომდევნო საუკუნეებამდე.

ქსნის ციხე

თუ გსურს, ნახო, რამდენად ლამაზია საქართველო ტურისტულ რუკებზე დატანილი ლოკაციების მიღმაც, ეს ადგილი მოინახულე - მცხეთიდან დაახლოებით 20-22 კმ-ში პატარა, ლამაზი სოფელი ციხისძირი, აქვე მდებარე სარკინეთის მთა და მასზე შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. ეს ქსნის ციხეა - XVI საუკუნის საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც მდინარეების - ქსნისა და მტკვრის  შესართავს გადაჰყურებს.

საქართველოში მოგზაურობისას მაღალი მთების ფერდობებზე ხშირად წააწყდები ეულად მდგარ კოშკს ან მის ნანგრევებს. ისინი, უმეტეს შემთხვევაში, გარშემო ტერიტორიის ან მთელი მხარის თავდაცვის სისტემის ნაწილია.

ასეთი იყო ქსნის ციხეც ქსნის ხეობისთვის - ამ ადგილიდან კავკასიონის კალთებამდე, ყელის ტბამდე, სადაც მდინარე ქსანი იბადება და ქსნის ხეობის ჩრდილოეთი საზღვარი გადის.

ქსნის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს აკონტროლებდა, მის თავზე ანთებული ცეცხლი კი განგაშის სიგნალი იყო, რომელიც აქედან ათეულობით კოშკამდე და ციხესიმაგრემდე მიდიოდა.

გერგეტის სამება

საქართველოში მოგზაურებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი მხარე, ისტორიული ხევი, დღევანდელი სტეფანწმინდა.

სწორედ დაბა სტეფანწმინდაში ნახავ გერგეტის სამებას - გუმბათოვან ტაძარს, რომელიც გერგეტის მთაზე, ასეთი ძეგლებისთვის უჩვეულო სიმაღლეზეა - გერგეტის სამება ზღვის დონიდან 2200 მეტრზე დგას.

ტაძარი მყინვარწვერის, ანუ მწვერვალ ყაზბეგის კალთაზეა აშენებული. თუ დააკვირდები, ამ მხარის ფოტოებსა და სუვენირებზე გერგეტის სამება და მყინვარწვერი ხშირად ერთად არის გამოსახული.

გერგეტის სამება, ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით, XIV საუკუნეშია აშენებული. მასზე ვერ ვიტყვით, რომ უძველესი ეკლესიაა (გაიხსენეთ, მაგალითად, ამ ბლოგის თავში დასახელებული ჯვრის მონასტერი), თუმცა გერგეტი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ხევის ცხოვრებაში და ქვეყნისთვისაც გამორჩეული მისია ეკისრებოდა - ტაძარმა, რომელიც ძნელად მისადგომ ადგილას მდებარეობდა, შუა საუკუნეებში საქართველოს სხვა ეკლესიების მრავალი ძვირფასი ნივთი და სიწმინდე გადამალა, შეინახა და მტრებისგან განადგურებას გადაარჩინა.

საბჭოთა პერიოდში ტაძარი და მასში არსებული მონასტერი დაკეტილი იყო. დღეს გერგეტის სამება მოქმედია და მისი კარი ყველასთვის ღიაა. 

აქ რომ ამოხვალ, შენც აუცილებლად გადაიღე სამახსოვრო ფოტოები იმ ფონზე, სადაც დიდებული ტაძარი და ჭაღარა მყინვარწვერი ერთად მოჩანს.

ჯუთა

სტეფანწმინდაში ყოფნისას ჯუთა აუცილებლად უნდა მოინახულო.

ჯუთა ყაზბეგის პატარა, ავთენტიკური სოფელია, რომელიც სტეფანწმინდიდან დაახლოებით 20 კმ-ით არის დაშორებული. სოფლის ცენტრამდე მანქანით მიხვალ, შემდეგ ავტომობილს საგანგებოდ მოწყობილ ავტოსადგომზე დატოვებ და ფეხით გაუყვები ჭიუხისკენ მიმავალ გზას. სოფელ ჯუთის შემდეგ მხოლოდ ველური ბუნებაა - ჯუთის ჩანჩქერი, ტბა და კავკასიონის ჭიუხები.

ჯუთა და ჭიუხები ისეთივე განუყრელი წყვილია, როგორც გერგეტის სამება და მყინვარწვერი. 

ასე იციან ამ მხარეში, ყველა და ყველაფერი მთასთან მეგობრობს.

აქაურობა სამოთხეა ბუნებაში ხეტიალსა და მთებზე შეყვარებული ადამიანებისთვის. ღამე დასარჩენად კი ჯუთაში კარვების ადგილებიც არის და კომფორტული სასტუმროებიც.

შატილი

ეს ხევსურეთის მარგალიტია - კლდეზე შეფენილი ციხე-სოფელი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატი, უნიკალური და განუმეორებელი შატილი!  

შატილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, მდინარე არღუნის მარცხენა მხარეს, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მდებარეობს. ციხე-სოფელი შუა საუკუნეებით არის დათარიღებული.

საოცრად შთამბეჭდავია შატილის არქიტექტურა - გეგმაზომიერი, აზრიანი განაშენიანება მიუვალ კლდეზე. 60-ამდე კოშკი ერთიან საცხოვრებელ და საფორტიფიკაციო კომპლექსს ქმნის, რომელიც ქვეყანას ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან იცავდა.

კოშკები და საცხოვრებელი შენობები 3-4-5-სართულიანებია, ბრტყელი სახურავები აქვს და ტერასებად არის განლაგებული. თანაც ისეა დაპროექტებული, რომ ადამიანებს მტრის შემოსევისას შეუმჩნევლად შესძლებოდათ კოშკებს შორის გადაადგილება, ერთმანეთთან მიმოსვლა და მთელი სოფლის შეუმჩნევლად შემოვლა.

ამიტომაც უწოდებენ შატილს ქართული სამშენებლო ხელოვნების ბრწყინვალე  ძეგლს.

შატილში დღეს ბევრი საოჯახო სასტუმროა, რომლის მასპინძლებიც სიხარულით მიგიღებენ და უგემრიელესი ხევსურული კერებით გაგიმასპინძლდებიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა