KA
ზემო აჭარის სამდღიანი ტური
მოიწყე დაუვიწყარი სამდღიანი თავგადასავალი ბუნების წიაღში და მოინახულე ისეთი ისტორიული ნაგებობები, როგორებიცაა: ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი და თამარის ხიდი. ტურის განმავლობაში ასევე შესაძლებლობა გექნება იხილო გოდერძი, მწვანე ტბა, ხულო, მახუნცეთის ჩანჩქერი და დატკბე საუკეთესო სანახაობით.
მანძილი
84კმ
დრო
48-60სთ
სირთულე
საშუალო
1გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი
იმისათვის, რომ აჭარის მთელი მშვენიერება შეიგრძნო, ზღვისა და ტროპიკული ბუნების შემდეგ ალპურ ზონაშიც უნდა გადაინაცვლო, ამისთვის კი საუკეთესო ადგილი გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღია.
2მწვანე ტბა
ზღვის დონიდან 2058 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან 116 კმ-ის მოშორებით, გოდერძის უღელტეხილიდან 6 კმ-ში, ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, შერეული ტყით გარშემორტყმულ ქვაბულში, 2500 მ.კვ ფართობზე ულამაზესი მწვანე ტბა იშლება.
3ხიხანის ციხე
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ციცაბო კლდის წვერზე შუა საუკუნეების ძეგლი - ხიხანის ციხე დგას. ისტორიული შენობა ახლა უმეტესად დანგრეულია, თუმცა შემონახულია ოთხი კოშკი, გალავანის ნაწილი, ეკლესიის, მარნის და სხვა შიდა ნაგებობების ნაშთები.
4სხალთის მონასტერი
ბათუმიდან ას კილომეტრში, ხულოს ხეობაში, შუა საუკუნეების არქიტექტურისა და მონუმენტური მხატვრობის უნიკალური ნიმუში - სხალთის მონასტერი მდებარეობს. ის თითქმის პირვანდელი სახით არის შემორჩენილი და აჭარაში დაცულ უძველეს ძეგლად მიიჩნევა.
5მახუნცეთის ჩანჩქერი
აჭარაში განსაკუთერბული ბუნება და გამორჩეული ლანდშაფტები დაგხვდება. შენს გაოცებას აქაური, ზღვისპირეთის კურორტებიც შეძლებს, თუმცა აჭარის ხიბლი მხოლოდ ზღვა არ არის - გამორჩეულად ლამაზი და მიმზიდველია მაღალმთიანი აჭარა, მათ შორის - ზედა მახუნცეთი. 
6ხულო
აჭარის ყველაზე მაღალმთიანი მხარე, ხულო, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული ადგილია. ძველად მას „ხულა“ რქმევია, რაც სავაჭრო სახლს ნიშნავდა. ეს სახელწოდება ხულომ იმის გამო შეიძინა, რომ ადრე აქ სავაჭრო-საქარავნო გზა გადიოდა. 710 კვ.კმ-ზე გადაჭიმული ხულოს მუნიციპალიტეტი ბათუმიდან 85 კმ-ის მოშორებითაა და 79 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს. 
7გოდერძი
თუ თოვლი და თხილამურებით სრიალი შენი ბედნიერებისთვის საკმარისია, მაშინ ახალი და სწრაფად განვითარებადი სამთო-სათხილამურო კურორტის გოდერძის სახით ნამდვილი სამოთხე გელოდება. აქ სასრიალოდ ძალიან კარგი თოვლია, თუმცა აღსანიშნავია, რომ კურორტი მხოლოდ მოთხილამურეებისთვის არ არის. თუკი სიმაღლე, ექსტრემი და სიახლეების აღმოჩენა გიყვარს, ეს ადგილი საკმაოდ მრავალფეროვან გამოცდილებას შემოგთავაზებს.
8ბეშუმი
გიოცნებია, ერთ მშვენიერ დილას ტყეში ჩაფლულ კოტეჯში, ტყის სურნელსა და ჩიტების ჭიკჭიკში გაგღვიძებოდა? ან გიფიქრია, რომ ცაში ღრუბლები შენგან ერთი ხელის გაწვდენაზეც შეიძლება მიცურავდეს? დაღამებისას მთელი გალაქტიკის დანახვაზე რას ფიქრობ? გგონია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჯადოსნურ ზღაპრებში ხდება? არა, ეს რეალობაა, რომელიც ბეშუმში დაგხვდება.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა