KA
ძველი თბილისის მოკლე ტური
თბილისის ღირშესანიშნაობების უმეტესობა ძველ თბილისშია თავმოყრილი, ამიტომ ამ მოკლე ტურით, მარტივად აღმოჩნდები ძალიან პოპულარულ აბანოთუბანში, ეკლესიებსა და მუზეუმებს დაათვალიერებ და ასევე, შარდენის ქუჩის რესტორნებში, ღამის კლუბებსა და კაფე-ბარებშიც მოხვდები.
მანძილი
7კმ
დრო
2-4სთ
სირთულე
საშუალო
1აბანოთუბანი
მრავალი ომისა და რბევის გადამტან თბილისს დღემდე შემორჩა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე არსებული ისტორიული უბნები. მათ შორის ერთ-ერთი უძველესია აბანოთუბანი - ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ V საუკუნეში თბილისქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება. თუმცა მეფე გორგასლამდე აქ ქალაქის არსებობას რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის IV საუკუნის რუკა ადასტურებს, სადაც თბილისი აღნიშნულია, როგორც „ფილადო“ (ლათ. თბილი). აგრეთვე, თბილისი, როგორც ციხე-ქალაქი, ნახსენებია 360-იანი წლების მატიანეში „მოქცევაი ქართლისაი“.
2თბილისის დიდი სინაგოგა
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე მულტიკულტურულ საქართველოში ებრაული დიასპორა ერთ-ერთი უძველესია - ისტორიული წყაროების თანახმად, ებრაელები თბილისში ქალაქის დაარსებისთანავე დასახლდნენ. ებრაული დიასპორა ყოველთვის ცდილობდა, საკუთარი დასახლების სიახლოვეს სინაგოგა აეშენებინა და თბილისის შემთხვევაშიც ასე მოხდა. დღეს თბილისში ორი მოქმედი სინაგოგაა. აქედან ერთ-ერთი - დიდი (სეფარდების) სინაგოგა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს და 1910 წელს აშენდა.
3ლეღვთახევის ჩანჩქერი
ლეღვთახევი ის ადგილია, სადაც თბილისის ცნობილი გოგირდოვანი წყლებია - სწორედ ამ წყლების მიხედვით მიიღო თბილისმა თავისი სახელი. დღეს ლეღვთახევი ძველ თბილისში ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული უბანია. 
4მეიდნის ბაზარი
მეიდანი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ცოცხლდება შორეული წარსული, თავისი მომხიბვლელობითა და ეგზოტიკურობით. თბილისის ეს უძველესი უბანი უხსოვარი დროიდან მთავარი ბაზრით იყო ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. რას არ ნახავდით აქ: სავაჭრო ქარავნებს აღმოსავლეთიდან თუ ხელოსნებისა და ოქრომჭედლების სახელოსნოებს. „საასპარეზო მოედანი ერთდროულად საკრებულოც იყო და ბაზარიც, მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, რამდენიც აქ... თქვენ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, მოსკოვიტებსა და ევროპელებს“, - წერდა მეიდნის შესახებ ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში 1672-1673 წლებში იმყოფებოდა. 
5თბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ძველ უბანში, ჭრელ აბანოებთან პატარა აღმართს რომ აუყვები და ბოტანიკურის ქუჩის პირველ ნომერში ალაყაფის ჭიშკარს შეხსნი, შენი მოგზაურობა 4 საუკუნის წინანდელ ბაღში დაიწყება, რომელსაც ბოტანიკური ბაღის სტატუსი 180 წლის წინათ მიანიჭეს.
6მეტეხის ეკლესია
მდინარე მტკვრის კლდოვან ნაპირზე აღმართული ეკლესია და ეკლესიის წინ ცხენზე ამხედრებული მეფის ძეგლი რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს - ეს კონტური თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, მეტეხის ეკლესიაა.
7თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური ტაძარი
საუკუნეების განმავლობაში თბილისში კათოლიკური თემი საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა საკუთარი ტაძარი მათ მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, 1804 წელს ააგეს, რომელიც თბილისში მთავარი კათოლიკური ნაგებობაა.
8ჯუმა მეჩეთი
ძველ თბილისში, ნარიყალას ძირში, ბოტანიკურ ბაღთან შემორჩენილია ერთადერთი მუსლიმური სალოცავი თბილისში, რომელიც ჯუმა მეჩეთის სახელით არის ცნობილი.
9ნარიყალას ციხესიმაგრე & წმ. ნიკოლოზის ეკლესია
თბილისში საუკუნეების წინათ აგებულ უამრავ ხუროთმოძღვრულ ძეგლს ნახავ, რომლებიც შენ თვალწინ ისტორიას გააცოცხლებს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.
10თბილისი
ეს ქალაქი პოლიფონიურ მუსიკას ჰგავს, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს - მას თავად უნდა მოუსმინო, მისი ჰარმონიულობა შეაფასო, ინტელექტუალიზმი იგრძნო და საკუთარი ემოცია აღმოაჩინო. თბილისი ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია და ის 15 საუკუნეა, რაც ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. ამ საქმიანი და მკაცრი სტატუსის მიღმა აქ ისეთი ატმოსფეროა, ერთხელ თუ გაიცნობ, უკან დაბრუნების სურვილი ბევრჯერ გაგიჩნდება.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა