რა თქმა უნდა, არა! ეს ხომ სტერეოტიპია, რომელიც მარტივად დაიმსხვრევა, თუკი წელიწადის ამ დროს ჩემოდანს ჩაალაგებ, ცოტა თბილ ტანსაცმელსაც გამოაყოლებ ხელს და კავკასიონის ქედისკენ, საქართველოსკენ გამოეშურები.
ეს არის ქვეყანა, სადაც სრულად შეიგრძნობ ოქროსფერ შემოდგომას მთელი მისი მომხიბვლელობით, არსითა და სურნელით. ეს არის ქვეყანა, სადაც შემოდგომაზე მთის მწვერვალები თეთრადაა დაპენტილი, ტყეები - ყველა ფერში მოჩითული, ტბები - ლურჯად აელვარებული და ჰაერი - რომელიც მწიფე ხილის სურნელითაა გაჟღენთილი.
პოეტები ამბობენ, რომ შემოდგომას სულ პირველად თბილისის მთავარ გამზირზე, რუსთაველზე შეიგრძნობ, როდესაც ქარი ფეხქვეშ ჭადრის ფოთლებს გაგიფენს. ესაა ფოთოლცვენის რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც თბილისის მყუდრო უბნებში გაგიყოლებს და საუკუნოვანი თუ თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშების წინ ისე გაგატარებს, როგორც ღია ცის ქვეშ გამართულ გამოფენაზე. საქართველოში ეს ადვილად შესაძლებელია, ამას რბილი კლიმატი და თბილი შემოდგომა განაპირობებს.
აუცილებლად შეიარე ძველი თბილისის ეზოებში, დააკვირდი აივნებიდან გადმოკიდებულ ქოთნის ყვავილებს, ქართულ ორნამენტიან ჭიშკრებს, ატლანტების მხრებზე შემდგარ თუ მითური ფიგურებით მორთულ სახლებს, უნიკალურ, დახვეულ კიბეებს. შეაღე სადარბაზოს კარი, სადაც მოხატული კედლები - მხატვრობის ნამდვილი შედევრები გელოდება.
შემოდგომის მზის სხივებში ნებივრობა შეგიძლია ლეღვთახევში ან ბოტანიკური ბაღში გააგრძელო. აქ სხვადასხვა ჯიშის ათასობით ხეა და მყუდროდ მოწყობილი უამრავი ადგილი, სადაც ჩამოჯდომა და მეგზურთან სასიამოვნო საუბრის გაბმა მოგინდება. ადი მეტეხსა და ნარიყალაზე, გადმოხედე ქალაქს და ნახე, როგორ ქმნის ბუნებასთან ჰარმონიას ქალაქის უძველესი ისტორიული ძეგლები. ეწვიე მთებში ჩაფლულ კუსა და ლისის ტბებს, სადაც სარკესავით ირეკლება შემოდგომის მრავალფეროვნება.
შემოდგომის თბილისში ფრინველებსაც შეგიძლია დააკვირდე. ორნითოლოგებმა დაადგინეს, რომ დედაქალაქის პარკებსა და მთაწმინდაზე ბევრი საინტერესო ფრინველი ბუდობს. აქ ნახავ, მაგალითად, სირიულ კოდალასა და შავთავა ხეცოციას, მაღალსართულიანი სახლების სახურავებზე ბუდეს იკეთებენ კირკიტები, შეიძლება, თვალი მიმინოსაც მოჰკრა. ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს შემოდგომაზე აჭარის სახალვაშო და ჭოროხის დელტაც ელოდება, სადაც ბევრი ენდემური და გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი.
საქართველო რომ ღვინის ქვეყანაა, ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეს, თუკი შემოდგომის მზიან დღეებში მთაწმინდის პარკში, „დედა ენის ბაღში“, „ევროპის მოედანსა“ თუ ვერის ოქროსფერ პარკში შემთხვევით ღვინის ფესტივალებზე აღმოჩნდები. აქ ვაზის სხვადასხვა ჯიშისგან ევროპული თუ ტრადიციული ქართული წესით დამზადებულ ღვინოს დააგემოვნებ. აქვე შემოგთავაზებენ ჩვენებურ ჭაჭას, რომლის ცეცხლოვანი გემოც არასდროს დაგავიწყდება.
შეიძლება არ იცოდე, რომ საქართველო ყველის უძველესი სამშობლოცაა. აქ ოფიციალურად 60 სახეობის ყველია დარეგისტრირებული, ამიტომ არც ყველის ფესტივალი არ უნდა გამოტოვო. გუდის ყველი, იმერული ჭყინტი ყველი, მეგრული სულგუნი, მესხური დაწნული, სვანური ნარჩვი, დამბალხაჭო და კიდევ უამრავი სიამოვნება გელოდება. მათი დაგემოვნება ქართულ შოთის პურთან მთელი სიამოვნებაა.
თუ თბილისში ოქტომბერში მოხვდები, ქალაქის მთავარი ზეიმის - თბილისობის მონაწილეც გახდები. ეს არა მხოლოდ დედაქალაქის, მთელი საქართველოს ზეიმიცაა. ამ ქალაქის სხვადასხვა ადგილას ქართული პროდუქცია სახელდახელო დახლებზე იყიდება. თუმცა მთავარ ზეიმს „ევროპის მოედანი“ მასპინძლობს.
აქ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ფერმერებს შეხვდები, ნახავ ქართული სამზარეულოს უნიკალურ და მრავალფეროვან ნიმუშებს, იგრძნობ წალამზე შემწვარი მწვადის ოხშივარს, მოხდილი ჭურჭლიდან ამოვარდნილი ღვინის სურნელს. დახლებზე შემოდგომის ნობათები იქნება გაშლილი: ჩურჩხელა თუ ჯანჯუხა, თათარა თუ ფელამუში, ჩირი, ტყლაპი, მწნილი, ყველი, ხორცი და ა.შ. გამოფენილია ქართული ტრადიციული ხელსაქმის ნიმუშები, ისმის ქართული სიმღერა და სრულდება ულამაზესი ქართული ცეკვა.
ოქროსფერი შემოდგომა მთელი თავისი არსით რომ შეიგრძნო, საქართველოს ყველა კუთხეში უნდა იმოგზაურო. ქვეყნის მრავალფეროვანი რელიეფი ყველა მხარეში ახალ, განსხვავებულ ემოციასა და შთაბეჭდილებას გპირდება.
სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოში უმეტესად ისეთი მზიანი დღეებია, რომ ამ დროს ზღვაზე ყოფნასა და შემოდგომის მზეზე ნებივრობას არაფერი შეედრება. „ხავერდოვანი სეზონი“ საქართველოში მართლაც ხავერდოვანია. ჩვენი ზღვისპირა კურორტები შემოდგომაზეც ისევეა სიცოცხლით სავსე, როგორც ზაფხულის ცხელ დღეებში, თუმცა მეტი მყუდროება მაინც იგრძნობა. განსაკუთრებით აქტიურია ამ დროს ბათუმი, სადაც ქალაქის ზეიმი - ბათუმობაც იმართება და საერთაშორისო ფესტივალებიც, რომლებიც ზღვისპირა ქალაქში ბევრ საინტერესო ადამიანს უყრის თავს.
ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ბორჯომი-ხარაგაულის, თუშეთის, ქობულეთის, სათაფლიის, კინტრიშის ნაკრძალები, მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაში შეტანილი საბადურის ტყე, არწივის ხეობა, ნავენახევის მღვიმე, ოკაცეს კანიონი და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში 100-ზე მეტი სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი და დაცული ლანდშაფტია. ეს ადგილები შემოდგომაზე ბუნებაში არსებული ყველა ფერით იმოსება და მართლაც ზღაპრული სანახავია.
თითოეულ მათგანში მოგზაურობა ფეხით, ცხენით თუ ველოსიპედით დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდება. შემოდგომის ყვავილებით აკიაფებული მინდვრები, წითლისა და ყვითლის სხვადასხვა ტონში გაფერადებული დიდრონი ხეები, პატარა და დიდი მდინარეები, ნაკადულები და ჩანჩქერები - განა, შეიძლება ეს ყველაფერი არ ნახო?
საქართველოში შემოდგომაზე სანახავი ადგილების სიაში აუცილებლად უნდა შეიტანო ტბები. წყალში არეკლილი ოქროსფერი შემოდგომა საოცარი სანახავია ბატეთის, შაორის, ფარავნის, ტაბაწყურის, აბუდელაურის, მადათაფისა და კიდევ უამრავ ტბაზე, ჟინვალის, სიონისა და სხვა წყალსაცავებზე. ეს საბოლოოდ დაგარწმუნებს, რომ შემოდგომა, განსაკუთრებით საქართველოში, წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დროა.
მრავალფეროვანი რელიეფისა და უმეტესად ნოყიერი ნიადაგის გამო, შემოდგომაზე საქართველოს ყველა კუთხეში ბარაქის სურნელი ტრიალებს. საოცარი სანახავია მარადმწვანე ფოთლებში ნარინჯისფრად აფეთქებული მანდარინები, ფორთოხლები და ყვითელი ლიმონები. ულამაზესია ქართლში ტოტების დამტვრევამდე დახუნძლული ვაშლის, მსხლის, კომშის, ხასხასა წითელი ბროწეულების ხეები, ზღაპრული სანახავია გაშიშვლებულ ხეებზე შემორჩენილი კარალიოკები თუ ხურმები…
დაათვალიერე საქართველოს გზების გასწვრივ მინდვრებში ჩამწკრივებული თივის ზვინები, გახედე აივნებზე ჩამოკიდებულ სიმინდის ტაროებს, დააკვირდი ჭირნახულში მოფუსფუსე ადამიანებს და მიხვდები, რომ წინ დიდი სიამოვნება გელოდება - საქართველოში მთავარი მოსავლის აღების, მისი უდიდებულესობა ვაზის ჩამოკრეფის, მტევნების დაწურვისა და ღვინის დაყენების დრო დგება - რთველია.
ალბათ, უკვე იცი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, რომ მსოფლიოში არსებული ვაზის რამდენიმე ათასი ჯიშიდან 525 ქართული ენდემური ჯიშია, მეტსაც გეტყვი, აქ ყველა კუთხეს, ხშირად ცალკეულ სოფელსაც კი, თავისი გამორჩეული ყურძნის ჯიში აქვს და, შესაბამისად, მისი მოკრეფის, დაწურვისა და შემდეგ ღვინის დაყენების თავისებური ტრადიციაც გააჩნია. თუმცა რთველი ყველაზე მეტად კახეთთან ასოცირდება. ამიტომ შემოდგომაზე კახეთს აუცილებლად უნდა ესტუმრო.
გულღია კახელები საკუთარი ხელით მოგაკრეფინებენ რქაწითელს, საფერავს, მწვანეს და კიდევ ბევრი სხვა ჯიშის ყურძენს, შემდეგ მას საწნახელში დაგაწურვინებენ. ამის შემდეგ ვაზის ნაჟურს ქვევრებში ან სხვა საფერმენტაციო ჭურჭელში გადაანაწილებენ. მერე, შრომით დაღლილები ერთად შემოუსხდებით კახურ სუფრას და „მრავალჟამიერის“ თანხლებით მოილხენთ.
თუ საქმეს კახური სიდინჯით მიუდგები, ამ უმშვენიერეს მხარეში ეგზოტიკური ქართული ტკბილეულის - ჩურჩხელის ამოვლებასაც დაესწრები. არა მარტო დაესწრები, შენი მასპინძლები კარგად მოდუღებულ ყურძნის წვენში ფქვილს რომ შეურევენ და უგემრიელეს თათარას მოამზადებენ, წინასწარ ძაფზე ასხმულ ნიგოზს შენც ღიმილით გადმოგაწვდიან და ჩურჩხელას ამოგავლებინებენ. ამ ჩურჩხელის გემო და სურნელი არასდროს დაგავიწყდება. ამის შემდეგ შეიძლება, შენს შემოდგომებს საქართველოს სურნელი მთელი შენი ცხოვრების განმავლობაშიც კი გაჰყვეს.