KA
საუკეთესო ადგილები საქართველოში ველო თავგადასავლებისთვის

საუკეთესო ადგილები საქართველოში ველო თავგადასავლებისთვის

ფიზიკური აქტივობა, მოძრაობა, სუფთა ჰაერი - ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ბეტონის კედლებში ერთფეროვანი და რუტინული სამუშაოს შემდეგ. ამიტომაც დღეს მსოფლიოში აქტუალური ხდება ტურიზმის ის სახეობები, რომლებიც მძაფრ შეგრძნებებთან, პოზიტიურ განწყობასთან, სასიამოვნო დასვენებასთან და ექსტრემალურ გართობასთან არის დაკავშირებული. ტურიზმის ერთ-ერთი ასეთ სახეობაა ველოტურიზმი, ის შესაძლებლობები კი, რომლებსაც ამ მიმართულების მოყვარულებს საქართველო აძლევს, ნამდვილად საინტერესოა - კავკასიის მთებს შორის მოქცეული ეს პატარა ქვეყანა ორ ბორბალზე მოგზაურობისთვის დიდ თავგადასავალს გიმზადებს.
სარჩევი

ველოტურიზმი საქართველოში

ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობიდან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველოტურიზმია. ეს მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება და ვითარდება. 

მრავალფეროვანი ლანდშაფტიდან გამომდინარე, ველოტურების მოწყობა ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონშია შესაძლებელი. ულამაზესი მთები და მინდვრები, ფერადი უდაბნო, ფოთლოვანი, წიწვოვანი და ალპური ტყეები - უამრავი დაუვიწყარი ადგილია საქართველოში, სადაც ველომოყვარულს წელიწადის ნებისმიერ დროს (ზამთარშიც კი, თუკი თოვლი არ არის) შეგიძლია იმოგზაურო სხვადასხვა სირთულის გზასა თუ ბილიკზე და სასიამოვნო ემოციებით აივსო. 

რაც უნდა კარგად ფლობდე ველოსიპედს, აუცილებლად თან გაიყოლე ადგილობრივი სერტიფიცირებული გიდი. მან ზუსტად იცის, სად რომელი კენჭი აგდია, სად ჯობს დასვენება, სად დანაყრდები გემრიელად და ა.შ. თან უნდა იქონიო შესაბამისი აღჭურვილობა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები. თუ არ გექნება, პრობლემა არც ესაა - გიდი ამ საკითხსაც მოგიგვარებს, აუცილებელ აღჭურვილობასაც შეგივსებს და საჭირო ტიპის ველოსიპედსაც შეგირჩევს. 

ქორულდის ტბები

თუ დაუნჰილის, ანუ თავისუფალი დაშვების, მოყვარული ხარ; თუ გსურს, ტბაში მოლივლივე კავკასიონის მწვერვალები იხილო; ერთდროულად მოინუსხო ზვიადი შხარით, თეთნულდით, უშბით; დატკბე ულამაზესი მინდვრებითა და მესტიის დაუვიწყარი ხედებით, ველოტური ზემო სვანეთში, ქორულდის ტბებზე უნდა დაგეგმო და ზღვის დონიდან 2850 მეტრ სიმაღლეზე ახვიდე. ტბებამდე მაღალი გამავლობის ავტომობილით მოგიწევს ასვლა, იქიდან დაშვებას კი სხვადასხვა სირთულის გზით შეძლებ - გააჩნია, მომზადების როგორი დონე გაქვს. ნებისმიერი მარშრუტი შთამბეჭდავი იქნება, რომელსაც აირჩევ. გზად ულამაზესი ბუნება და მხრებგაშლილი კავკასიონი შეგეგებება და გამორიცხული არ არის, შეჩერებაც მოგინდეს, რომ ეს დაუვიწყარი ხედები ფოტოებზე აღბეჭდო.  

ორეთის ტბა

ალბათ გსმენია, რომ მსოფლიოს ათი ურთულესი გზიდან ერთ-ერთი საქართველოშია, კერძოდ თუშეთში. ამიტომ არ გაგიკვირდება, თუკი გეტყვი, რომ ორეთის ტბის ველოტურიც ერთ-ერთი რთული, მაგრამ ამავე დროს საოცარი ტურია, ამიტომ მის არჩევას მხოლოდ გამოცდილ ველომოყვარულს თუ ურჩევენ.

12 კმ-იანი ველობილიკის ტური ულამაზეს სოფელ ხისოდან იწყება, აღმოსავლეთის მიმართულებით ქედს მიუყვება და ზღვის დონიდან 2650 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ორეთის ტბასთან სრულდება.

ეს არის ულამაზესი მინდვრების, ტყეებისა და ალპური ზონის ერთობლიობა, საიდანაც შენ თვალწინ თითქმის მთელი თუშეთის სივრცეა გადაშლილი. ორეთის ბილიკზე მოგზაურობისას შეიძლება შენიშნო შველი, ნიამორი, დათვი, მგელი და ეს ამ მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურსა და დაუვიწყარს გახდის. 

ნაყაიჩოს უღელტეხილი

თუშეთის კიდევ უფრო რთული და ხანგრძლივი ველოტურია ნაყაიჩოს უღელტეხილი. 4 - 5 დღე დაგჭირდება ომალო - ღელე - მაკრატელა - ბოჭორნა - ჯვარბოსელი - ნაყაიჩო  - ფარსმა - გირევი - დანო - კვავლო - დართლო - ომალოს მარშრუტის დასაძლევად. ამიტომ აქაც მხოლოდ გამოცდილ და ფიზიკურად კარგად მომზადებულ ველომოყვარულებს შეუძლიათ მოგზაურობა.

მას, ვინც ამ ვრცელი ტურის დაძლევას შეძლებს, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდება მთების კალთებზე ძარღვივით დაჩენილი ბილიკი, რომელიც ველოსიპედის ორი ბორბლის ქვეშ, მწვანედ მოლივლივე მთაგრეხილებისა და ლურჯი ცის გარემოცვაში მიიკლაკნება. 

კოჯორი - კუს ტბა

ეს მარშრუტი დამწყები ველომოყვარულისთვისაც კი მარტივია, თუმცა ამით არც მისი მომხიბვლელობა იკლებს და არც მიმზიდველობა. კოჯორი-კუს ტბის ბილიკი ერთ-ერთია საქართველოში არსებულ საშუალო სირთულის ველობილიკებს შორის. 

დაბა კოჯრის ტრასის სიგრძე 7 კმ-ია. მისი ბილიკები უძოს მონასტრის ტერიტორიიდან იწყება და თბილისში კუს ტბამდე ეშვება. მარშრუტის დაფარვა, საშუალოდ, ერთ საათშია შესაძლებელი. 

ამ ერთი საათის განმავლობაში სულ სხვა ენერგიით აგავსებს თრიალეთის ქედის ულამაზესი ბუნება. ამ მარშრუტზე არც ველოსიპედის გაჩერება არ უნდა დაგეზაროს კოჯრის ციხისა და უძოს მონასტრის სანახავად - ეს საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული  ძეგლებია. 

კოჯორში ასვლას საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შეძლებ, რომლითაც ველოსიპედის გადატანაც ნებადართულია. კუს ტბაზე კი საბაგირო ადის, რომლითაც ისევ შეიძლება ველოსიპედის გადატანა.

მიტარბის ხეობა

დაუვიწყარი ველოთავგადასავალი გელის ბორჯომის ხეობაში. მიტარბის ველობილიკები თავისი უნიკალური წიწვოვანი ბუნებითა და სათავგადასავლო შემადგენლობით განსაკუთრებით მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებში. 

ველოთავგადასავალი ბაკურიანიდან რამდენიმე კილომეტრში, ბორჯომის ხეობიდან იწყება. ულამაზეს წიწვოვან ტყეში მოგზაურობისას მდინარე გუჯარულას გადაკვეთა მოგიწევს, შემდეგ გზას ტიმოთეს უბნისკენ აუყვები, სადაც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მონახულებას შეძლებ, მერე კი გზას წაღვერამდე გააგრძელებ. 

23-კილომეტრიანი მარშრუტი მარტივია, მისი 85%  გრუნტის გზაა, 15% კი - ნაწილობრივ ასფალტის. 

ფშავი-არაგვის ველოტურები

არაგვის ხეობა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. მთები, სწრაფი მდინარეები, ჟინვალის თვალუწვდენელი წყალსაცავი შენს ველომოგზაურობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. ამ გზას საინტერესოს ხდის ანანურის ციხეც, რომელიც აუცილებლად დაგამახსოვრებს თავს. 

ფშავი-არაგვის ველოტურიც არ არის რთული და მისი დაძლევა ნებისმიერი დონის ვოლომოყვარულს შეუძლია.   

ველოტური ფიტარეთში

მწვანეში ჩაფლული გარემო და შესანიშნავი ხედები, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მხოლოდ და მხოლოდ კარგი ემოციები - ეს ფიტარეთის ველომარშრუტია. 

ტური ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ჯვარში იწყება, მდინარე ხრამის ხეობას აუყვება და ხრამის ხიდზე სრულდება. ტურისას ფიტარეთის XIII საუკუნის მონასტერსაც მოინახულებ.  

მთლიანობაში, 21 კილომეტრის გავლა მოგიწევს - ეს რთული, გრუნტიანი გზაა და, შესაბამისად, კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.

თრუსოს ხეობა

რთული, მაგრამ დაუვიწყარი ველოთავგადასავალი გელის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში. ეს არის საუცხოო და საოცარი ფერადი ტრავერტინების, ანდეზიტების, მყინვარული და მდინარეული ნაფენების სივრცე. ძველი ნასოფლარები, სალი ქვებისგან ნაშენი ციხე-კოშკები და სუბალპური და ალპური მინდვრები, მინერალური ტბა… თრუსოს ხეობის გამაოგნებელი სილამაზე 25-კმ-იანი გრუნტიანი გზის სირთულეს სრულიად დაგავიწყებს. 

შატილი

საქართველოდან ისე არ უნდა წახვიდე, სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე და უნიკალური ძეგლი, ციხე-სოფელი შატილი არ ნახო. მართალია, შატილის ველოტურიც რთულ კატეგორიაში შედის და კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, მაგრამ ხევსურეთის დაუვიწყარი ბუნება, კლდოვან ფერდობზე შეფენილი, საოცრად ნაგები სახლები და ციხე-კოშკები ამ სირთულეს მომენტალურად დაგავიწყებს. 

ეს ეგზოტიკური ველოტურების სრული ჩამონათვალი არ არის, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაზე გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნას. საქართველო  მძაფრი შეგრძნებების, ექსტრემალური გართობის, პოზიტიური განწყობებისა და სასიამოვნო დასვენების ნამდვილი ოაზისია, ველოთავგადასავლების მოყვარულებისთვის კი - სრული სამოთხე.    

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა