KA
2024-12-12T16:27:21.000000Z
ქართული ღვინო

ქართული ღვინო

როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, საქართველოში ჩასულიც პირველ წუთებში თავს ჩვეულებრივ ტურისტად გრძნობ, მაგრამ როგორც კი ადგილობრივებს გაიცნობ, მაშინვე გიჩნდება განცდა, რომ უბრალოდ ტურისტი კი არა, ნამდვილი მასპინძლების ნამდვილი სტუმარი ხარ.
სარჩევი

შემდეგ კი, როგორც ღირსეული სტუმარი, აუცილებლად აღმოჩნდები ქართულ სუფრასთან, 8000-წლიანი ისტორიის მქონე ღვინით სავსე პირველ ჭიქას დააგემოვნებ და იწყება სტუმრის თავგადასავალი – სადაც არ უნდა წახვიდე ამ პატარა ქვეყანაში, ყველა მხარეში სუფრასთან მიგიპატიჟებენ და განსხვავებულ, ორიგინალურ ღვინოს შემოგთავაზებენ. ღვინის სამშობლოში, საქართველოში, დღეს 500-ზე მეტი ჯიშის ადგილობრივი ვაზია შემორჩენილი. როგორც მკვლევრები ამბობენ, წლების წინათ მათი რაოდენობა 1500-ამდეც კი იყო. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი მასალა აძლევს ქართველ მეღვინეებს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა კუთხეში, თითოეულ სოფელში და თითქმის თითოეულ ოჯახში განსხვავებული თვისებების ღვინო აღმოგაჩენინონ თავისი განსაკუთრებული არომატებითა და სხვა მახასიათებლებით.

ვაზის ჯიშები

დავიწყოთ მშრალი სტატისტიკით: საქართველოში დღეს არსებული ვაზის 525 ადგილობრივი ჯიშიდან კახეთში 80 მოჰყავთ, ქართლში – 72, მესხეთ-ჯავახეთში – 26, იმერეთში – 74, რაჭა-ლეჩხუმში – 50, გურიაში – 59, სამეგრელოში – 60, აჭარაში – 53. აფხაზეთში კი ვაზის 51 ჯიში ხარობს. საქართველოს ტერიტორიაზე მეცნიერებმა კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის 400-ზე მეტი ფორმა გამოავლინეს.

ვაზის ქართულ ჯიშებში, რომლებიც აგრონომიული მემკვიდრეობის ნამდვილი სიმდიდრეა, საღვინე სახეობები დომინირებს, თუმცა არის სასუფრე ჯიშებიც. 

გამორჩეული ხარისხის საღვინე ჯიშებია რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინებული, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

სწორედ ვაზის ჯიშების ასეთი დიდი რაოდენობიდან მოდის ქართული ღვინოების მთელი ნაირსახეობა, რომელიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც ქვეყნის ბუნება, რელიეფი, კულტურა და სამზარეულო.

ღვინო

ქართული ღვინის მარანი

საქართველოში ღვინოს ოდითგანვე ქვევრში აყენებდნენ. ეს არის თიხის უნიკალური ჭურჭელი, რომელიც მიწაში იდგმება, შიგნით ყურძენი ჩაიწურება, დადუღდება, შემდეგ ჰერმეტულად თიხითვე იხურება და იწყება ემოციური მოლოდინი – რა დაგვხვდება, როდესაც ქვევრს მოვხდით. 

ქართველებს ეს ემოციური მოლოდინიც ისტორიული აქვთ – სულ მცირე, 8 000-ჯერ განუცდია ეს ემოცია ქართულ გენს. სწორედ ამდენი წლისაა უძველესი ქვევრი, რომელიც საქართველოში იპოვეს. მას შემდეგ ეს უნიკალური ნიმუში მსოფლიოს სამეცნიერო წრეების ყურადღების ცენტრშია.

საქართველოში დღეს ოფიციალურად 27 ადგილწარმოშობის ღვინო არსებობს. ესენია: ატენური, ახაშენი, გურჯაანი, ვაზისუბანი, თელიანი, კარდანახი, კახეთი, მანავი, მუკუზანი, ნაფარეული, სვირი, ტვიში, ტიბაანი, ქინძმარაული, ყვარელი, წინანდალი, ხვანჭკარა, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ზეგაანი და ოყურეშის უსახელოური. 

დიდი და მცირე მარნების გარდა, საქართველოში ღვინოს საოჯახო მეურნეობებშიც უხვად აწარმოებენ, მათ შორის ბევრი - საკუთარი მოხმარებისთვის და დაპატიჟებული თუ დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის. ამდენად, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ ფართო სპექტრად იშლება ზემოხსენებული ადგილწარმოშობის ღვინოების ქვენაირსახეობები, გემოები, ფაქტურა და სხვა მახასიათებლები. 

სად რას დალევ?

სად რას დალევ საქართველოში

საქართველოში, ღვინის სამშობლოში, მოგზაურობას თბილისიდან თუ იწყებ, აქ, როგორც დედაქალაქს შეეფერება, საქართველოს თითოეული კუთხიდანაა თავმოყრილი ყველა სახეობის ღვინო. რესტორნებში საკმაოდ ფართო არჩევანია, თუმცა გენიალური ქართული ღვინის მთელი სპექტრისთვის თვალის შესავლებად უმჯობესია, სპეციალიზებულ ღვინის რესტორნებსა და ბარებს ესტუმრო.

მეღვინეობით განთქმულ კახეთში თუ გაემგზავრები, აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნო რქაწითელი, საფერავი, ქისი, მწვანე, ხიხვი და ნახევრად ტკბილი ქინძმარაული. კახელები ამ ღვინოების შესაბამისი კერძებითაც გაგიმასპინძლდებიან – ცნობილი კახური მწვადით, ხაშლამით, გუდის ყველითა და სხვა კერძებით.

ქართლში გორული მწვანე და ჩინური უნდა დააგემოვნო. საკმაოდ კარგი ბუკეტით გამოირჩევა ამ ორივე ჯიშის კუპაჟიც. გრილი ცქრიალა ღვინო ატენური არის შესანიშნავი სასმელი.

იმერეთში ციცქა-ცოლიკოური და კრახუნა გელოდება, მაღალი მჟავიანობით, სიმსუბუქეთი და შედარებით თხელი სტრუქტურით. ასევე ძელშავი და ალადასტური იქნება კარგი სასიამოვნო დასალევი იმისთვის, ვინც წითელ ღვინოში ეძებს სიმსუბუქეს.

გურიასა და აჭარაში სახელგანთქმული ჩხავერი, ადგილობრივ კერძებთან ერთად, დაუვიწყარ გემოებს გპირდება.

სამეგრელო ოჯალეშით შეგათრობს თავისი მრავალფეროვანი სამზარეულოთი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია.

რაჭა-ლეჩხუმში ლეგენდარული დესერტული ღვინოები - ხვანჭკარა, ტვიში და უსახელოური გელის. რაჭველები ცნობილი ლორით, ხაჭაპურითა და ლობიანებით, უკვე იაპონიამდე სახელგანთქმული შქმერულით გაგიმასპინძლდებიან.

კერძების გემოებიც კი საქართველოს ყოველ მხარეში საუკუნეების განმავლობაში იქაურ უნიკალურ ღვინოებზეა მორგებული.

ასე რომ, იმოგზაურე ქართული ღვინის ლაბირინთებში, შეიგრძენი ეს უნიკალური ისტორია, რომლის მთავარი ღერძი სწორედ ღვინოა და მასზე ტოტებივითაა ასხმული კულტურა, მრავალფეროვანი ფოლკლორი, წეს-ჩვეულებები, სამზარეულო და ქართველი მასპინძლისა და მისი სტუმრის ურთიერთობა, რომელიც, გარწმუნებ, ბევრჯერ დაგაბრუნებს ამ ქვეყანაში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა