თბილისიდან სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით გაემგზავრები და ქალაქ წალკაში შეხვალ. გზად წალკის წყალსაცავს (ზღვის დონიდან 1506 მ) გაივლი, შემდეგ - ფარავნის ტბას, რომელიც ზედაპირის ფართობით საქართველოს უდიდესი ტბაა, საღამოს ტბას და ნინოწმინდისკენ გაემართები.
ნინოწმინდიდან ახალქალაქს გაივლი და გეზს ხერთვისის ციხისკენ აიღებ, რომელიც ძვ. წ. IV საუკუნით თარიღდება. გზა მდინარე ფარავანს მიუყვება.
დღის ბოლოს ვარძიაში ჩახვალ. გირჩევ, იმ დღესვე დაათვალიერო კლდეში ნაკვეთი ეს უნიკალური კომპლექსი.
ღამის გასათევად კი ვარძიაში საოჯახო სასტუმროები დაგხვდება.
ვარძიიდან ახალციხის მიმართულებით გაემართები. გზად დაბა ასპინძას გაივლი, შემდეგ სოფელი რუსთავი შეგხვდება, სადაც, გადმოცემით, უდიდესი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი დაბადებულა.
ჩახვალ ახალციხეში, რომლის მთავარი სანახაობა 7 ჰექტარზე გაშლილი ახალციხის ციხეა.
ღამის გასათევად შეგიძლია ახალციხეში დარჩე.
ახალციხიდან გეზი მაღალმთიანი აჭარისკენ აიღე. სამანქანო გზა გოდერძის უღელტეხილზე გადის.
გზად, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმაში, VIII საუკუნის ზარზმის მონასტერთან აუცილებლად შეჩერდი. ის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.
გოდერძის უღელტეხილზე ასვლის შემდეგ რეკომენდებულია, ნახო მწვანე ტბა, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი ტბაა საქართველოში.
აქედან გირჩევ, სოფელ ბეშუმის მიმართულებით გაემგზავრო და ზღვის დონიდან 1960 მეტრის სიმაღლეზე ალპური ბოტანიკური ბაღი დაათვალიერო, ასევე მიმდებარე სოფლები, სადაც მოსახლეობა მხოლოდ ზაფხულში ცხოვრობს. ეს ადგილები ძალიან საინტერესოა ეკოტურიზმით დაინტერესებულებისთვის.
დღის ბოლოს შეგიძლია ღამე გაათენო როგორც ბეშუმში, ისე კურორტ გოდერძის მიდამოებში არსებულ საოჯახო სახლებსა და დიდ სასტუმროებში. შეგიძლია აქ აჭარული სამზარეულოც დააგემოვნო.
ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. წლის დანარჩენ თვეებში აქაურობა თოვლითაა დაფარული.
გოდერძის უღელტეხილიდან გზას ბათუმის მიმართულებით აგრძელებ. გზად ბევრი საინტერესო და ლამაზი ხეობა და ბუნების ძეგლია - როგორც ჩანჩქერები, ისე ტბები. მათ შორის - მახუნცეთის ჩანჩქერი.
დღის ბოლოს ბათუმში ჩადიხარ.
ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის ავტომობილი უნდა იყოს suv ან cross ტიპის, შესაბამისი აღჭურვილობით.
რელიეფიდან გამომდინარე, რეკომენდებულია უნივერსალური ზედაპირის ან ტალახის საბურავი. თან უნდა იქონიო GPS ნავიგატორი.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაუკავშირდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112.