გუდაური შედარებით ახალი, სწრაფად მზარდი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც ერთნაირად საინტერესოა ტრასებზე და გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებისთვის.
საბაგირო სადგურის სალაროში ყიდულობ აბონემენტს და გზას გონდოლებით ხელოვნურ ტბამდე აუყვები, საიდანაც დაშვებას დაიწყებ.
მარშრუტი საშუალო სირთულისაა, მასზე დაშვება შეუძლია როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ ველომრბოლელს. დასაშვებად რეკომენდებულია როგორც დაუნჰილის, ისე ქროსის ტიპის ველოსიპედი.
ტრასა 3.5 კმ სიგრძისაა. გზად შეგხვდება მკვეთრი მოსახვევი და პატარა ბორცვები, რომელთა ერთობაც გასავლელ ბილიკს მრავალფეროვანს ხდის.
ეს მხარე ცნობილია საოცარი ხედებით, რაშიც გუდაურის გადასახედიც დაგარწმუნებს.
მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად ნახე, ხარ თუ არა შესაბამისად აღჭურვილი სამუხლით, ჩაფხუტით, ხელთათმანით, საიდაყვით, კამერით, წყლით, აფთიაქით.
გუდაურის ველოტურის დაგეგმვა კურორტზე სეზონის გახსნისთანავეა შესაძლებელი.