KA

პარაგლაიდინგი გუდაურში - მთა კუდები

გუდაურში პარაპლანით საფრენად რამდენიმე ადგილია, მათგან ყველაზე პოპულარულია: მთა ბიდარა, მთა კუდები და ე.წ. პანორამა („ხალხთა მეგობრობის თაღთან“).
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
გუდაური

ადგილმდებარეობა

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2196 მეტრზე მდებარეობს. 

ასაფრენი წერტილი კუდების მთაზეა, სადაც ზამთარში საბაგიროებით მიხვალ,  ხოლო სხვა სეზონებზე სამანქანო გზით, რომლის გასავლელადაც მაღალი გამავლობის ავტომობილია საჭირო. ასაფრენი წერტილის სიმაღლეა 2987 მეტრი, საიდანაც შესაძლებელია, გადაფრინდე ხადის ხეობაში ან დარჩე გუდაურის თავზე.  

დასაჯდომი წერტილი მდებარეობს საბაგირო “პირველის” სიახლოვეს ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზე.

საფრენი დრო 10-15 წუთი. 

სეზონი

მთა კუდებიდან ფრენა შესაძლებელია როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. 

ვის შეუძლია ფრენა?

ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ. 

არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით. 

უსაფრთხოება

ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.

პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეს მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ შენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სტილის სპორტული ფეხსაცმელი.

შეგიძლია ფრენა გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.

კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა