გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტია ცენტრალური საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
ის თბილისიდან 120 კილომეტრშია და საქართველოს სამხედრო გზასთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
გუდაური გარშემორტყმულია მრავალფეროვანი მთებითა და მწვერვალებით, რომლებიც სიმაღლით, დახრილობითა და თოვლის რაოდენობით ერთმანეთისგან განსხვავდება.
თოვლის უსაფრთხო კონდიციიდან გამომდინარე, ჰელისკის სეზონი იანვრის მეორე ნახევარში იხსნება და გვიან გაზაფხულამდე გრძელდება. მოთხილამურეები ისეთი მწვერვალების ფერდებიდან ეშვებიან, სადაც თოვლი სრულიად ხელუხლებელია. ჯგუფი გუდაურსა და სტეფანწმინდაში დაბინავდება, სადაც ბევრი კეთილმოწყობილი მაღალი სტანდარტის სასტუმრო და კვების ობიექტია. ჰელისკით სრიალი დილაადრიან იწყება და იმის მიხედვით სრულდება, რამდენი დაშვებაც აქვს განსაზღვრული მოთხილამურეს. ერთ დღეში სხვადასხვა მთიდან არაერთი დაშვების განხორციელებაა შესაძლებელი.
ჰელისკის ტურის დასაჯავშნად საჭიროა წინასწარ დაუკავშირდე სასურველ კომპანიას და შენზე მორგებული პაკეტი შეიძინო.
შეგიძლია, შეიძინო როგორც სრული (აეროპორტში დახვედრით, სასტუმროს დაჯავშნით, კვებით უზრუნველყოფით, აღჭურვილობითა და მომარაგებით), ისე მხოლოდ სასრიალო პაკეტი (ამ შემთხვევაში კომპანია შენს მომსახურებას გუდაურიდან იწყებს). ჰელისკის ტურის დაჯავშნის შემდეგ გაივლი შესაბამის სწავლებას, ვერტმფრენთან მოქცევისა და საზვავო უსაფრთხოების წესების ჩათვლით, და სატესტო დაშვებას. ამით გამყოლი აფასებს შენს შესაძლებლობებს და არჩევს მარშრუტებს, რომლებზე დაშვებაც ჯგუფის მონაცემებს მიესადაგება.