KA
2024-12-13T15:01:39.000000Z
ეთნოსები და რელიგიები საქართველოში

ეთნოსები და რელიგიები საქართველოში

Საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები, რომლებმაც ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო იძულებით დატოვეს საკუთარი სამშობლო. საქართველოში მკვიდრდებოდნენ როგორც კავკასიის ხალხები, ასევე ცალკეული ჯგუფები მახლობელი აღმოსავლეთიდან. დღეს ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 87%-ს ეთნიკური ქართველები შეადგენენ, ხოლო 13%-ს - სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრვალფეროვნება და სხვადახვა ეთნოსის მშვიდობიანი თანაცხოვრება, სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს სიმდიდრედ და იმ მოცემულობად, რომლითაც ქვეყანას შეუძლია იამაყოს.
სარჩევი

ეთნიკური ქართველების უმრავლესობა მართლმადიდებელია. 

ასევე მართლმადიდებელია ოსების, რუსების, ბერძნების, აფხაზების, ასურელებისა და უდიების უმეტესი ნაწილი, გარკვეული რაოდენობა სომხებისა.

საქართველოში სომეხთა დიდი უმრავლესობა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას მიაკუთვნებს თავს. 

კათოლიკე ან პროტესტანტია როგორც ქართველების, ისე სომხების, ასურელების, პოლონელების, გერმანელების, რუსების უმცირესობა.

ისლამს აღიარებს საქართველოს მოსახლეობის როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე სხვა ეთნიკური ჯგუფების დიდი რაოდენობა - აზერბაიჯანელები, ქისტები, ლეკები, აფხაზები. 

იეზიდია ქურთების ნაწილი, ნაწილს კი ქრისტიანობა ან ისლამი აქვს მიღებული.

საქართველოში მცხოვრები ებრაელები თავიანთ ტრადიციულ სარწმუნოებას - იუდაიზმს მისდევენ;

ქართველი გერმანელები კი ლუთერანული ეკლესიის წევრები არიან (ნაწილი კათოლიკეა). 

Მართლმადიდებლები

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ბერძნული ეკლესია

საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 80% მართლმადიდებელი ქრისტიანია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, დაახლოებით, 326 წელს  შეიქმნა, ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე.

იუდეველები 

იუდეველები, ანუ ებრაელები, საქართველოში ძვ. წ. VI საუკუნეში გამოჩნდნენ. ისინი ნაბუქოდონოსორის აგრესიასა და ოკუპაციას გამოექცნენ, მოვიდნენ მცხეთაში და ქართლის სხვადასხვა კუთხეში დაიდეს ბინა. 

ისტორიული ცნობების თანახმად, ებრაელები ასევე ცხოვრობდნენ: ახალციხეში, ქუთაისში, ცხინვალში, თამარაშენში, სურამში, საჩხერეში, ოზურგეთში…

XIX საუკუნეში კი ებრაელები თბილისში დასახლდნენ

დღეს ებრაელთა სინაგოგები საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარეობს:

თბილისი (სინაგოგა შაარეი თეფილა), ბათუმი, ქუთაისი, გორი, ახალციხე (მამაკაცების მიკვა, ქალების მიკვა).

ისლამი

ისლამი VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან შემოდის საქართველოში.

დღეს ისლამი საქართველოში სიდიდით და მნიშვნელობით მეორე რელიგიაა. საქართველოს მუსლიმან მოქალაქეთა რიცხვი კი დაახლოებით ნახევარი მილიონია. 

ამჟამად საქართველოში არსებობს 286 მოქმედი მეჩეთი და სალოცავი სახლი. თბილისი მსოფლიოს ერთადერთი ქალაქია, სადაც ერთ მეჩეთში ატარებენ მსახურებას სუნიტები და შიიტები. 

დედაქალაქის გარდა, მეჩეთები საქართველოს სხვადასხვა მხარეში მდებარეობს: სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, აჭარაში...

სომხური ეკლესია

საქართველოში მოქმედებს სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, რომელსაც თბილისში საეპისკოპოსო რეზიდენცია აქვს. 

ამჟამად თბილისში 2 სომხური ეკლესიაა - სურფგევორქისა და ეჩმიაძინის. ამას გარდა, სომხური სალოცავებია: ახალქალაქში (სურბ ხაჩის), ნინოწმინდაში (სურბ სარგისის), ახალციხეში (გრიგოლ განმანათლებლის), ბათუმში (მაცხოვრის) და მარნეულში (ღვთისმშობლის ეკლესია).

კათოლიკეები

კათოლიკური ეკლესია

XIII საუკუნის შუა წლებიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწეობას იწყებენ კათოლიკე მისიონერები. მათი მოღვაწეობის შედეგად კათოლიკობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იკაფავდა გზას.

დღეს საქართველოს კათოლიკური ეკლესია რომის კათოლიკური ეკლესიის ნაწილია.   აქ მოსახლეობის 0.5% კათოლიკეა. 

მოქმედი კათოლიკური ტაძრები საქართველოს დიდ ქალაქებშია: თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, კახეთში, სამცხეში.

პროტესტანტული მიმდინარეობები

XIX-XX საუკუნეებში საქართველოში ევროპული და რუსული წარმოშობის პროტესტანტული მიმდინარეობების შემოსვლა იწყება. ლუთერანებმა, დუხობორებმა, მალაკნებმა, ძველმართლმადიდებლებმა, ბაპტისტებმა და სხვებმა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდნენ საქართველოში და ქვეყნის ყოფასა და კულტურაში მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი კოლორიტი შემოიტანეს. 

ლუთერანული ეკლესია საქართველოში

სოფელ ასურეთში არსებული ლუთერანული ეკლესია

საქართველოში ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია XIX საუკუნის დამდეგს დაარსდა, როცა კავკასიაში ეთნიკურ გერმანელთა დასახლებები გაჩნდა. 1817-1818 წლებში ვიურტემბერგის მხრიდან მრავალი ოჯახი დაიძრა აღმოსავლეთისკენ. ამის მიზეზი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო, რომელსაც რელიგიური მოსაზრებებიც დაემატა.

დღეს ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესიის სამრევლოებია თბილისის შერიგების ეკლესია და მისი ასურეთის ფილიალი, რუსთავის მშვიდობის ეკლესია, გარდაბნის სამრევლო, ბოლნისის პავლეს სამრევლო, ბორჯომის სამრევლო, სოხუმის სამრევლო.

ლუთერანული ეკლესია არის რუსთავში. მას მშვიდობის ეკლესია ეწოდება. სამრევლო სახლები, სადაც წირვა მიმდინარეობს, გახსნილია ბოლნისში, გარდაბანში, ბორჯომში, ასურეთსა და სოხუმში.

იეზიდები

იეზიდები საქართველოში 1918 წლიდან შემოვიდნენ, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში იეზიდური რელიგიის მიმდევარი ქურთების დევნა დაიწყეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (1991 წ.) იეზიდური მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ევროპის ქვეყნებს მიაშურა. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

საქართველოში მოქმედებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვა და ტოლერანტობის კულტურის გაღრმავება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა